მარიამის ჩიტი, რომელიც ლაშა-გიორგიმ იპოვა

 

კაფსულა

– ეს არ არის ადამიანური ყოფა, ეს არის კაფსულაში ცხოვრება, ჰო, აი, იმ კაფსულაში, ცე ვიტამინისა და ცინკის კრისტალები რომ ყრია და დილა-საღამოს ვსვამ!

პასკალი გაკვირვებას ვერ მალავს, თუმცა აღელვებამდე ჯერ შორსაა, ჯერ გაკვირვების ეტაპი აქვს, ამიტომ თავის ჩვეულ ფრაზას მაგებებს: 

– შენი არ მესმის! 

პასკალს უყვარს საკითხის ისე შემობრუნება, რომ დამნაშავე შენ გამოხვიდე.

„შენი არ მესმის“ მისი საყვარელი ფრაზაა, რომელშიც მე, არაგერმანელმა, შემიძლია ვიგულისხმო: არ ესმის, რადგან შეცდომებით ვლაპარაკობ (რაც ჩემს თავმოყვარეობას ანადგურებს), არ ესმის, რადგან სამყაროსთან ჩემი დამოკიდებულება არაადეკვატური, არაევროპულია (ამით ჩემი ეთნიკური პატივმოყვარეობა ილახება), არ ესმის, რადგან საკითხის ჩემეული გააზრება გამოცდილების უქონლობის, განათლების, გემოვნების, მენტალიტეტის პრობლემაა (აქ უკვე ჩემი თვითშეფასების კოეფიციენტი ნულოვან წერტილს სცილდება და მინუს უსასრულობისკენ მიქრის). 

ამჯერად პასკალს არ ესმის, რატომ ვგრძნობ თავს ცუდად ამ ულამაზეს პატარა ქალაქში, რომელიც მდინარე რაინზეა გაწოლილი და თავზე მთები გადმოჰყურებს, – იშვიათი ლანდშაფტი ზოგადად გერმანიისთვის. მე მთებიც მიყვარს, იმ მთაზე ციხე-კოშკიც და რაინის სანაპიროზე სეირნობაც. მაგრამ მაინც მოუსვენრად ვარ.

– ამაზე მშვენიერ ადგილას სად უნდა წახვიდე? – მეკითხება პასკალი. ამჯერად ეჭვქვეშ ჩემი გემოვნება დგება. 

– ბონიც ლამაზი ქალაქია, ბონშიც არის რაინი, ჰოდა, იქ ვისეირნებ! 

– მაგრამ შენ ხომ მანდ ძალიან ლამაზი სახლი გაქვს, მყუდროდ ხარ, ხელს არავინ გიშლის, არაფერზე გაქვს საზრუნავი და საფიქრალი, – არ მითმობს პასკალი. და მის ინტონაციაში ვგრძნობ, რომ მთვლის ხეპრედ, რომელიც კომფორტს ვერ აფასებს და - უმადურად, რომელსაც ჰგონია, რომ ყველა სტუდენტი ასეთ ვილაში, ამგვარ პირობებში ცხოვრობს. 

სახლი დიდია და ლამაზი, ჩემს ჯგუფელებს სამ-ოთხოთახიან ბინებში თითო პაწია კოლოფი აქვთ ნაქირავები და სამზარეულო-სააბაზანოს რიგში დგანან დილა-საღამოს. ვიცი. ისიც ვიცი, რომ ამგვარი სახლები, ვილები – ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ქირავდება და თვითონ ეს ქალაქიც, თავისი ათას შვიდას რაღაც და ათას რვაას რაღაც წლებში ნაშენი ფახვერკის არქიტექტურით, ეს სასახლეებიან-ციხეკოშკებიანი ქალაქი, სანაპირო ბულვარით, მართლაც იშვიათ სილამაზეს წარმოადგენს და მე ამ სილამაზეში დავლივლივებ. მაშ, რაღა მინდა?

რა და – თავგადასავალი!

სწორედ ამას ვუხსნი პასკალსაც:

– თავგადასავალი მინდა, ხანდახან მაინც სასეირნოდ გასვლა, კინოში წასვლა, ბარში შევლა და კოქტეილის დალევა, ღია ვერანდაზე მუსიკის მოსმენა და ლუდის სმა, მეგობრებთან შეხვედრა, ღამის ქალაქში გახეტიალება. მეორე წელია ბონში ვსწავლობ და ქალაქს არ ვიცნობ, სასეირნოდ არ ვყოფილვარ, არავის ვხვდები, კაფსულაში ვცხოვრობ! კაფსულაში! 

– რატომ მერე, ხომ სულ მაგას გეუბნები, გადი და გაისეირნე-მეთქი?

– როგორ გავისეირნო, როცა ერთი საათი მხოლოდ წინ და უკან გზაში მჭირდება, მატარებელი კი საათში ერთხელ დადის შაბათ-კვირას! ანდა, ლექციებიდან სახლში რომ მოვალ, აქედან სადღა გავაღწევ?

– მე მაინც მგონია, რომ სიმშვიდე მთავარია! – ეს პასკალი ამბობს სიმშვიდეო, ყოველდღე სადღაც, რომელიღაც შეხვედრაზე რომ მიქარაშოტობს, ხანდახან დღეში ორ-სამგანაც! რომ არაფერს აკლდება და არაფერი ავიწყდება! 

და ვმწარდები. ისე ვმწარდები, რომ ახსნას აღარ ვუწყებ, მოკლედ ვჭრი: 

– მე უკეთ ვიცი, რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის და რა არა! – და ვამატებ, – ამას შენ ვერ იგრძნობ, ამას ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე გრძნობს! 

როცა ორ ადამიანს შორის დიალოგი ასეთ მიმართულებას იღებს, ერთი უნდა ადგეს და ოთახიდან გავიდეს ან გვერდზე გადაჯდეს მაინც. ხოლო რაკი მე და პასკალი ისედაც სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ოთახებში ვსხედვართ, ისღა დამრჩენია, ვირტუალური ფანჯარა გამოვრთო. თუმცა, დაბოღმილი გულით ერთ ადგილზე ჯდომას მაინც ვერ ვახერხებ და სააბაზანოში შევდივარ, სადაც დიდხანს, დიდხანს ვიხეხავ კბილებს...

თუ დაკვირვებიხართ, სააბაზანოში განსაკუთრებით იციან ფიქრებმა მოძალება. რამხელა აღმოჩენებს ვაკეთებთ ხოლმე აქვაპროცედურების ქვეშ, არა? იქნებ მართალია ის ვერსია, რომ სიცოცხლე წყალში ჩაისახა? იქნებ იმ პირველსაწყისთან სიახლოვე იწვევს ჩვენში განსაკუთრებულ ემოციას და ამიტომაა, რომ წყლის ქვეშ ვდუნდებით, უარყოფითი ენერგიისგან ვთავისუფლდებით, გონება გვეხსნება, საღად განსჯის უნარი გვიბრუნდება... 

ფაქტია, კბილების ასე ოციოდწუთიანი ხეხვა-ხეხვისას მივხვდი, უნდა ჩამეცვა და ქალაქში გავსულიყავი. მერე რა, რომ ზამთრის ცივი წვიმა ცრიდა და უკვე საღამოს შვიდიც ხდებოდა, ჩემს სულს ბინის სიმყუდროვის ატანა აღარ შეეძლო და უბინაობა სწყუროდა, ხოლო უკვე გარეთ გამოჭრილმა უცნობ ადამიანებთან კონტაქტს მაინც თავი აარიდა და თანამზრახველთა ძებნისას გონებაში ისევ თანამემამულეებს გადაავლო თვალი, რომლებიც რაინისპირა ქალაქში არც თუ ისე ბევრი ეგულებოდა, მაგრამ რაც ეგულებოდა, საკმარისიიყო ამ ერთი ცივი იანვრის საღამოსათვის. 

მყარი გადაწყვეტილებითა და ნათელი იმედით გულში, ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და დავხედე ეკრანზე საათს, რომელმაც მითხრა, რომ გერმანული სიზუსტით შედგენილი კვირა დღის გრაფიკით ტრამვაის ვეღარ მივუსწრებდი და გეზი მატარებლის სადგურისკენ ამეღო. 

ტრამვაი, სახელად „სურვილი“, იგივე ნომერი 66, რაინის ნაპირს მიუყვება და ამ ჩემს პაწია ქალაქს, ფიგურალურად რომ ვთქვა, ფერხთით უწევს, ხოლო რკინიგზა ზურგიდან უვლის და უკეთ რომ წარმოიდგინოთ ქალაქის მასშტაბი, გეტყვით, რომ ტრამვაის ლიანდაგსა და მატარებლის რკინიგზას შორის სულ სამი პარალელური ქუჩაა და ქალაქსაც, აი, ეს სამი ქუჩა შეადგენს, რამდენიმე ვერტიკალურად გადამკვეთი გასასვლელით. 

ჰო, ასეთი პაწაწინაა, ნამდვილი კაფსულა. და ლამაზი კაფსულებიც ხომ არსებობს? აი, წითელ-ოქროსფერი, მწარე წამლების იოლად გადასაყლაპად რომ უშვებენ... 

მატარებელი ბაქანზე ათიოდე წუთში ჩამოდგა და ასევე ათიოდე წუთში ჩამიყვანა ბონის გარეუბანში, საიდანაც ჯერ ფეხით, შემდეგ ავტობუსით და ბოლოს ისევ ფეხით, მაგრამ მოკლე-მოკლე მანძილებით გადავაადგილდებოდი ცენტრისკენ. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო და ამ ღამეულ სიცარიელეში მეჩვენებოდა, რომ ჩემი მსვლელობა ძალიან ჰგავდა ხუთკუნჭულასა და მისი ძმების დევის სახლიდან გაპარვას. ეს განცდა განსაკუთრებით მაშინ გამძფრდა, ხიდს რომ მივადექი და მივხვდი, ავტობუსი თუ არ გამოჩნდებოდა, ამ რაინზე გადაწოლილ უზარმაზარ ხიდზე გადავლა მარტოს, ღამის სიცივეში, ძალიან გამიჭირდებოდა. არადა, დევისთვის უნდა გადამესწრო, ქალაქში უნდა ჩავსულიყავი, როგორმე კაფსულა უნდა გამერღვია...

ბედად, ელექტრონულმა დაფამ მითხრა, თუკი შვიდიოდე წუთი ფეხების ბაკუნით დროის გაყვანას მოვახერხებდი, ავტობუსი ამ ხიდს გადამატარებდა და ხუთკუნჭულაც თავის ბედს ეწეოდა. ხუთკუნჭულასგან განსხვავებით, ქალაქში სამსახურს არ ვეძებდი, ერთი კონკრეტული, პატარა რესტორნისკენ მივისწრაფოდი, სადაც კვირა დღეს ქართველი ცოლ-ქმარი – მარიამი და ლაშა-გიორგი მუშაობენ, მარიამი –თვალისმომჭრელად ლამაზი ღიმილით, ლაშა-გიორგი – ქართულად წარბშეკრული და გულკეთილი. 

მარიამს მატარებლიდან დავუმესიჯე, რომ მოვიდე, ბევრი ხალხია-მეთქი? 

რა ხანია ჩემი ხმა არ გაეგონა, როგორც ჩანს, გაუხარდა და მაშინვე გამომეპასუხა: „მოდი, მოდი, გაგათბობთ, რასაც ნახავ, შეახტი და წამოდი“. მარიამმა ნახევარი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარა და არ ვიცი, ყველა ქართველი უხარია თუ კონკრეტულად – მე, ის კია, ხშირად მეპატიჟება, რაზეც ასევე ხშირად უარს იღებს, კიარადა, სულ ორჯერ მოვახერხე გავლა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ახლა მესამედ მივდიოდი...

რესტორანში თბილოდა, ლიცლიცებდა სანთლების შუქი და იღვრებოდა ტანგოს მელოდიები, რაკიღა არგენტინულად იწოდებოდა მისი მფლობელის ლათინო-ამერიკული საცეკვაო კარიერის გამო.

როგორც ქართველს შეეფერებოდა, მარიამმა, უპირველესად, ის მკითხა, ხომ არ ივახშმებო? ძალიან გვიან არის, უბრალოდ ღვინოს დავლევ-მეთქი, ვუპასუხე. 

ლაშა-გიორგიმ საკუთარი ინიციატივით „მონტე პულჩიანო“ დამისხა, მარიამმა ყველი და ზეთისხილი უხდება ღვინოსო, თეფშით ყველი-ზეთისხილის კომბინაცია მომიტანა და მაგიდაზე პერსონალური სანთელიც ამინთო. გავთბი და გავჩახჩახდი, წითელი „მონტე პულჩიანო“ ყელიდან კუჭისკენ არც წასულა, არამედ, როგორც მივხვდი, უკუსვლით შუბლის მიმართულებით დაიძრა და ცოტა ხანში შუბლიც გამითბა და გამიჩახჩახდა.

ხალხი ცოტა იყო და მარიამი ჩემთანაც ასწრებდა ჭორაობას, მათ მომსახურებასაც და ფოტოების გადაღებასაც. ხომ უნდა გადაგვეღო სამახსოვრო და სოციალურ ქსელში მომენტალურად ასატვირთი კადრები, აი, თუნდაც, აკობიძე რომ დაგვეთაგა მერე ფეისბუქის გვერდზე?

ამასობაში ლაშა-გიორგიმ კიდევ ერთხელ შემივსო ფართომუცლიანი ჭიქა, წითელ ღვინისად რომ იწოდება და მარიამმა ჩიტი ახსენა. სავარაუდოდ, ბეღურა, რომელიც, ასე შებინდებისას, ლაშა-გიორგიმ პირდაპირ რესტორნის წინ აღმოაჩინა. ვერ დაფრინავდა და სკუპ-სკუპით ცდილობდა გადაადგილებასო. მარიამის ვერსიით, ბუდიდან გადმოვარდნილი ან გადმომხტარი ბარტყი იყო. ისეთი საყვარელი ყვითელი ნისკარტი აქვსო, ისეთი გაბუსკნულიაო, იცინოდა მარიამი. ლაშა-გიორგი უსწორებდა, ყვითელი კი არა, წითელი ნისკარტი აქვს და ბეღურა ნამდვილად არ არის, ძალიან ლამაზიაო.

– უნდა გენახა, როგორ ელაპარაკებოდა ლაშა-გიორგი, ასე არაფერი არ გახარებია, მგონი, ცხოვრებაში, – აგრძელებდა მარიამი და ქმარს მსუბუქად კენწლავდა. 

აქ უკვე ვიფიქრე, რომ ჩიტისთვის ფოტოს გადაღების ჯერი დადგა, ყოველ შემთხვევაში, თუ ამ საღამოს სრული ფოტორეპორტაჟი გვინდა, ჩიტსაც გადავუღოთ და აკობიძეს ისე დავუპოსტოთ-მეთქი, – ვუმეორებდი ხან ცოლს და ხან – ქმარს, მაგრამ ლაშა-გიორგის შეეშინდა, ფოტოსესიის დროს ჩიტის ქცევაზე პასუხს ვერ ვაგებ, გადახტება და მაგიდებს შორის ხომ არ დავუწყებთ დევნას, კლიენტები გადაგვერევიანო... ამიტომ მოიცადე, ხალხი წავიდეს და მერე გინდა, მხარზეც დაისვი ის ჩიტიო. 

ლაშა-გიორგის ის ბეღურა უკვე თავისად მიაჩნდა, სახლში წაყვანას და გამოზამთრებას უპირებდა და მეც, ასევე თავისიანს, ნებას მრთავდა, მის გარშემო მეტრიალა, შევხებოდი, ფოტო გადამეღო. ვიღაცას რომ თავისიანად მიაჩნიხარ, ხომ კარგი განცდაა, არა? ამიტომაც ვფიქრობდი, წესით, გერმანულ ბეღურას ქართულ ოჯახში გამოზამთრება არ უნდა გაუჭირდეს-მეთქი.

რესტორანი ნელ-ნელა იცლებოდა, კლიენტები გასვლისას თავაზიან „ღამე მშვიდობისას“ ამბობდნენ. ლაშა-გიორგიმ კიდევ ერთხელ შემომთავაზა, რამე გემრიელს ხომ არ შეჭამდიო, ბოლოს ხელი ჩაიქნია და ჭიქა კიდევ ერთხელ შემივსო. გავთბი კი არა, სრული გაჩირაღდნება მქონდა, უკვე პასკალზეც გული მომილბა და მესიჯს მესიჯზე ვწერდი, აქა და აქ ვარ, ქართველ ცოლ-ქმართან, რომლებმაც ეზოში ჩიტი იპოვეს-მეთქი. ამასობაში მომესმა, როგორ ემშვიდობებოდა მარიამი ახალგაზრდა წყვილს და სადღაც შორიდან როგორ გაიჟღერა სიტყვებმა „რვა შვილი“. პასკალთან ჩატაობას შევეშვი და მარიამს ამოვუდექი გვერდით:

– როგორ, რვა შვილი გყავთ? – და ქალი ავათვალიერ-ჩავათვალიერე.

– დიახ, უმცროსი სამი წლისაა, – გამომეპასუხა ქალი, სანთლების ლიცლიცა შუქს თუ დავუჯერებთ, ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი.

და ასეც ვუთხარი:

– ვაიმე, რა ძალიან ახალგაზრდა ხართ და რა ძალიან ლამაზი! 

ქალმა გაიცინა, ასევე ძალიან ახალგაზრდულად, გაეცინა ქმარსაც, ალბათ სიამაყით, თუმცა ალბათ პირველად არ აგდებდნენ საზოგადოებას შოკში შვილთა სიმრავლით და შესაბამის კომპლიმენტებსაც მიჩვეულნი იყვნენ. მაგრამ მე ხომ იქ ქართულად აღვფრთოვანდი, და საერთოდაც, რვა შვილის ხსენებამ ხომ მთელი არქეტიპები გამიცოცხლა, ამიტომ გავიწოდე ხელი გაცნობის მიზნით და ვახსენე საქართველო...

დეტალურად ვერ გავიხსენებ, მაგრამ მარიამიც დამიდასტურებს, თემა ქართველთა მცირერიცხოვნებას და მტერთა სიმრავლეს ეხებოდა, რომ დღემდე მტრებით ვართ გარშემორტყმულნი და თუ რამემ გადაგვარჩინა, ეს ქართველი დედა იყო. ცხრა შვილს ერთად რომ უშვებდა-მეთქი ომში. ერის სიძლიერის საფუძველი მისი ახალი თაობაა, თუკი შობადობა შემცირდება, ერი დაბერდება და მას სხვა ჩაანაცვლებს-მეთქი, წარმოგიდგენიათ, ერის სიკვდილი რას ნიშნავს 21-ე საუკუნეში? აბა, გავიხსენოთ, რამდენი ერი და ცივილიზაცია გაქრა-მეთქი?! 

არ შემიმჩნევია, როდის გავიდა მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი და როდის შემოვიდა რესტორნის მეპატრონე, რომელსაც, სავარაუდოდ, ცივილიზაციების გაქრობაზე საკუთარი ვერსია არ ჰქონდა და ამიტომ ესოდენ ყურადღებით ისმენდა ჩემსას.

ამასობაში ლაშა-გიორგიმ მაგიდაზე პატარა სასანთლე ფარანი შემოდგა, ამგვარი შუშის პატარა სახლუკებს, ჩინურ პაგოდას რომ ჰგავს, ძირითადად, ეზო-ვერანდების გასანათებლად იყენებენ, აი, შიგ სანთელი რომ იდგმება და კარი იხურება. ნამდვილი სახლია, სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის იყიდება. ლაშა-გიორგის ჩიტი ამ ფარანში შეესვა, თან რესტორნის პატრონს უყვებოდა, ფრენა ჯერ არ იცის, ეზოში სკუპ-სკუპით დახტოდაო. მარიამმა მეპატრონეს სთხოვა, თუ შეიძლება, ამ ფარანს ავიღებთ ჩიტის წასაყვანად და ხვალ უკან ჩამოგიტანთო. 

ქურთუკები მოვიცვით და ლაშა-გიორგიმ ხელი გადამხვია, მარტივად და ქართულად: ამ შუაღამისას სად გაგიშვებთ? ავტობუსით 10 წუთში ვიქნებით ჩვენთან, იმხელა გზაზე სად უნდა იაროო? და რადგან ჩემთვის აბსოლუტურად სულერთი იყო, დავიძარით: მე გულში ჩახუტებული ჩიტიანი ფარნით, ცოლ-ქმარი ველოსიპედებით, რომელსაც ჩემი იქ ყოფნის გამო ხელით მოაგორებდნენ ავტობუსის გაჩერებამდე. გზადაგზა რაღაცა ბუჩქს ტოტებიც მოამტვრიეს, ამაღამ ჩიტს კალათში რომ ჩავსვამთ, სიცარიელე არ ექნებაო. გადაწყვიტეს, ველოსიპედისთვის მოეხსნათ კალათა და ჩიტის სამყოფელი იმის ქვეშ მოეწყოთ. სულ მალე ღამის ავტობუსშიც ავედით და მარიამმა მკითხა, როგორ ხარო? მეშინია-მეთქი, ამდენი ერი გაქრა, ამდენი ცივილიზაცია განადგურდა და მსგავსი რამ საქართველოსაც ემუქრება-მეთქი. მარიამმა მითხრა, მაგის მეც მეშინია, მაგრამ ცხრა ძმა ხერხეულიძეზე ამდენს მაინც ნუღარ ილაპარაკებო. უილაჯობის ცრემლები წამომცვივდა, ხომ ხვდები, რომ ყველა მხრიდან საშიშროება გვემუქრება-მეთქი? მარიამმა ჩემი თავი მხარზე მიიხუტა, ლაშა-გიორგი კი ისევ ჩიტისას განაგრძნობდა: ნეტავ, რომელი ხიდან გადმოვარდა, ნეტავ, რამდენ ხანს იარა ასე სკუპ-სკუპითო? 

საკუთარი თავი გათენებისას აღვიქვი დივანზე. წყალი მწყუროდა და კმაყოფილმა გავიფიქრე, თავი არ მტკივა, აშკარად ხარისხიანი იყო ის „მონტე პულჩიანო“- მეთქი და შევეცადე, ისევ დამეძინა. არ გამომივიდა, წუთი-წუთზე მაღვიძარამ დარეკა და ვიდრე ლაშა-გიორგიმ კარი არ გაიხურა, ძილისკენ პირი ვეღარ ვიბრუნე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა. ცოტა ხანში კი გავიფიქრე, ეტყობა, წასვლისას ფანჯარა დატოვა ღია და გარედან შემოდის ჩიტების ჭყივილი-მეთქი, რომ მარიამის ბურტყუნი მომესმა: „რამ გადაგრია, ჩიტო, რა იყო, დაგვაძინე, დაწყნარდი“. 

ჩიტი არ დაწყნარდა. იჭყივლა და იჭყივლა. თავი ლამისაა გამსკდომოდა. ახლა უკვე ჩემმა მაღვიძარამ დარეკა ტელეფონში და მარიამს ვუთხარი, უღრმესი მადლობა, მაგრამ უნდა გავიქცე, ჩემი ნერვები ტყეში ცხოვრებისთვის მზად არ აღმოჩნდა-მეთქი. 

– არც ჩემი, არც ჩემი, მოდი, ჯერ ყავა დავლიოთ, ადამიანებს დავემსგავსოთ და მერე წადი, – სამზარეულოსკენ გაფრატუნდა მარიამი. 

ლაშა-გიორგის პურის ნაფხვენიც ჩაეყარა კალათში და წყალიც დაედგა. ჩიტი კი, ბეღურა თუ წიწკანა, (ეს წიწკანა ჩემი იდეა იყო, ბეღურებს წითელი ნისკარტი არ აქვთ-მეთქი) უკმაყოფილოდ ჭყიოდა მაინც. 

მარიამი შეეცადა, ინტერნეტში ჩიტის შესახებ ცოტა მეტი გაეგო. 

– აბა, წითელნისკარტიანები დაგუგლე, – მივაშველე იდეა და წასასვლელად გავემზადე, – შენი ჩანთა სად არის? ჩემი ქუდი და ხელთათმანები იქ უნდა იდოს.

– რა უნდა ჩემს ჩანთაში შენს ქუდს და ხელთათმანებს? – გამდომხედა კომპიუტერის ეკრანის ზემოდან მარიამმა.

– წუხელ ჩაგილაგე, ავტობუსში, – განვუმარტე.

– ეს მე გკითხე ავტობუსში, ქუდი და ხელთათმანები სად გაქვს-მეთქი და შენ მიპასუხე, ჩანთაშიო, – თავისი თვალისმომჭრელი ღიმილით შემომცინა, – მიდი, შენს ჩანთაშია, ნახე. 

– მე შენი ჩანთა ვიგულისხმე, ჩემი ზურგჩანთის მოხსნა დამეზარა და რაკი შენი ზურგჩანთა წინ მედო, იქ ჩავალაგე.

– სად წინ? – მე ზურგჩანთა არ მქონია, ხელჩანთა კი ველოსიპედის კალათაში მქონდა დაბმული.

– ესე იგი, ლაშა-გიორგის ზურგჩანთა იდო. სად არის, თან ხომ არ წაიღო?

– არც მოუხსნია ზურგიდან, მგონი, – ეგ არც ავტობუსში მოიხსნიდა, – თქვა ქმრის ჩვეულებებში დარწმუნებულმა, – მიდი, მიდი, საკუთარი ჩანთა გაჩხრიკე!

ჩანთა შემოსასვლელში მედო, იქვე წამოვაპირქვავე, საფულესა და წყლის ბოთლის გარდა, არაფერი წამოვარდნილა. და უცებ გუშინდელი სურათი ცოცხლად დამიდგა თვალწინ: 

 – ეს ჩიტი ხომ მე მომყავდა ფარნით? მერე ავტობუსში რომ ჩავსხედით, ლაშა-გიორგის ზურგჩანთაში ჩავდე ფარანი, იქვე ჩემი ქუდიც და ხელთათმანებიც... მეგონა, შენი იყო ის ზურგჩანთა, ჩვენს წინ რომ იდო სკამზე, ესე იგი, მისი ყოფილა. ჰოდა, როცა ეს ფარანი ამოიღო, ჩემს ქუდსაც და ხელთათმანებსაც ამოაყოლებდა და აქ დადებდა სადმე – და ოთახი მოვათვალიერე, – სად შეიძლებოდა, დაედო?

აქ უკვე მარიამიც ადგა ფეხზე, გაიხედ-გამოიხედა, ტელევიზორთან იპოვა პატარა სასანთლე ფარანი და ასწია: 

– ეს ლაშა-გიორგიმ ატარა მთელი გზა უბით, ჩიტი ამ პატარაში გადაიყვანა, იოლად რომ ჩაედო ქურთუკში და გზაში არ გაყინულიყო. ჩიტი შენ არ გჭერია ხელში.

– რას ამბობ, ფარანი მე ვატარე ავტობუსამდე, მერე ლაშა-გიორგის ზურგჩანთაში ჩავდე ხელთათმანებიც, ქუდიც, ფარანიც, ჩიტთან ერთად... 

და აქ ორივემ ერთდროულად გავხედეთ მაგიდაზე გადმოპირქვავებულ ველოსიპედის კალათას, რომლის ქვეშაც მთელი ხმით ჭყიოდა უკმაყოფილო ფრინველი.

მაგიდამ კიდევ რაღაც გამახსენა, დავიხარე და ქვეშიდან გამოვათრიე მოზრდილი, ლურჯ-თეთრ ზოლებიანი სპორტული ზურგჩანთა და გამარჯვების ყიჟინით ავწიე თავს ზემოთ! 

– აი, რომ არ გჯეროდა! – გადავხედე მარიამს, რომლის სახეს არათუ სიხარულის მსგავსი, რაღაც გაურკვეველი შიშ-სინანულიანი გამომეტყველება მიეღო. ამან ჩემი ყიჟინა ჩააცხრო, მაგრამ ხალისიანი განწყობა არ დამიკარგავს, – აკი საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი ნივთი ხელში მეჭირა.

– ეს აქ საიდან გაჩნდა? ვისია ეს ჩანთა? – მარიამის ამ კითხვის პასუხად თავდაჯერებით გადავწიე შესაკრავი, საიდანაც ამოვიღე ფარანი. „აი, თუ არ იყო ფარანი!“ პირდაპირ ჩიტის კალათას მივუდგი გვერდით! და აქტიურად გავაგრძელე ამოლაგება: „აი, ჩემი შინდისფერი ბერეტი!“ „აი, ჩემი შავი ხელთათმანები!“ – დავძახოდი მარიამს და მის თვალწინ მაგიდაზე ამოვყარე სალათისფერი სპორტული შარვალი, ოქროსფერი პატარა ჩანთუკა – სავარაუდოდ, კოსმეტიკური საშუალებების შესანახად, სამსუნგ გალაქსის A-5 ფორმატის პლანშეტი, სტაფილოსფერი ტყავის ბუდით, შუშის ქილით „პესტო“, ცელოფნის პაკეტით ყველი „გაუდა“, პლასტმასის თეთრი კოლოფი იისფერი თავსახურით, დაახლოებით ისეთი, ჩემს ჯგუფელებს სადილი რომ მოაქვთ ხოლმე სახლიდან... 

და ნელ-ნელა ვიგრძენი, როგორ დავიწროვდა ჩემ ირგვლივ სივრცე, დავიწროვდა და დაიხშო და დაემსგავსა პატარა კაფსულას, ცე ვიტამინისა და ცინკის კრისტალები რომ ყრია და დილა-საღამოს ვსვამ...

საღამოს მარიამმა დარეკა, ლოგინში ვიწექი, ლეპტოპი მედო მუხლებზე და გერმანულ საოჯახო სერიალს ვუყურებდი.

– როგორც ხარ აბა, დილით ცოტა დაბნეული იყავი, ხომ მოხვედი ფორმაში? – შეეცადა ეხუმრა, მაგრამ აშკარად შეფიქრიანებული ხმა ჰქონდა. 

– კარგად ვარ, ვწევარ, ჩააბარეთ ჩანთა? 

– კი, კი, ყველაფერი კარგადაა, ავტობუსის ნომერიც მივუთითეთ და პოვნის დროც, არ იდარდო მაგაზე. 

– ჰოოო... ჩიტუნა როგორ გყავთ? – იმ ზურგჩანთაზე აღარც დარდი მინდოდა და აღარც ფიქრი.

– ვაიმეეე, იცი, რომ ჩვეულებრივი ჩიტი კი არა, იადონთა ოჯახის წევრი აღმოჩნდა? მსგავსი ჯიში გერმანიაში არ ცხოვრობს, ქუჩაში ასეთებს ვერ ნახავთო, – ვეტერინარმა მითხრა, – როგორც ჩანს, ვიღაცას გამოექცა ღია ფანჯრიდან... 

– რას ამბობ, და ახლა რა უნდა უყოთ მაგ იადონს? 

– რა ვიცი, მოვიკითხავთ ამის პატრონსაც, – აკისკისდა მარიამი, – იმდენი იჭყივლა, ვიდრე ვეტერინართან არ წავიყვანე და გზაში იცი, რა მოხდა? 

– გაგექცა? 

– კი არ გამექცა, ხელით ხომ არ წავიყვანდი, ისევ იმ სასანთლე ფარანში ჩავსვი და მომენტალურად დამშვიდდა... 

– რას ამბობ?

– ჰო, ახლაც იქ ზის. კალათაში, არ ჩერდება, ჭყივის. ლაშა-გიორგი გალიას უყიდის ამ დღეებში, მანამდე კი იჯდეს ამ კაფსულაში, აბა რა ვქნათ, თუკი ასეა მიჩვეული?

...და მარიამი ისევ აკისკისდა, ამიტომ აღარ გაუგია ჩემი ნათქვამი, ჩუმად რომ წავიბურტყუნე: „სადაც დაცულად გრძნობს თავს, ყოფნაც ალბათ იქ ურჩევნია“... 

 

ბელა ჩეკურიშვილი „რაინისპირა ამბები“. გამომცემლობა ინტელექტი, თბილისი, 2016. 


Scroll to Top
Scroll to Top