Essay

ამბები ხილულთა და უხილავობათა - ნორა გომრინგერის / Nora Gomringer ტრილოგიის შესახებ

 
ამბები  ხილულთა და უხილავობათა 
- ნორა გომრინგერის ტრილოგიის შესახებ
 
ხილულთა და უხილავთა ტრილოგია სამ წიგნს აერთიანებს : „მონსტრების ლექსები“, „დაავადებები“, „მოდები“. ყოველი წიგნი ილუსტრირებულია. მხატვარმა რაიმერ ლიმერმა თითოეულ ლექსზე დამოუკიდებელი კოლაჟი შექმნა. 
კრებულებში მთავარი ტექსტის გვერდით არსებობს პარატექსტიც, სადაც ავტორი სხვადასხვა ციტატებით კრებულის კონცეფციას ხსნის. ტრილოგიის კონცეფციად კი „მონსტრების ლექსებისთვის“ წამძღვარებული ფრაზა შეიძლება მივიჩნიოთ შექსპირის პიესიდან „ქარიშხალი“ : „ჯოჯოხეთი ცარიელია, ყველა დემონი ახლა აქ არის“. რასაც გეორგ ზებალდის ციტატა მოსდევს რომანიდან „აუშტერლიცი“ : „ვერავინ იტყვის ზუსტად, რა დაგვემართება, ის კარი რომ გაიღოს, რომლის უკან ბავშვობის შიშები იმალებიან“. და ავტორს აქვე მაიკლ ჯეკსონის გამონათქვამიც მოჰყავს: „მოკვდავთა შორის არავის ძალუძს, თრილერებში ნაჩვენები ბოროტების წინაშე გულგრილი დარჩეს“. 
 
და მართლაც „მონსტრების ლექსების“ ციკლი  Freak Show - ზე სტუმრობას ჰგავს, სადაც თავმოყრილნი არიან მონსტრები ფილმებიდან და პოპ-კულტურიდან, ასევე  გრძნობები, შიშებისა თუ ტრავმების სახით, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ თან გვდევენ და გვმართავენ კიდეც. 
 
ნორა გომრინგერი ამბობს, რომ მისთვის საინტერესო იყო იმის გააზრება, ვინ ან რა შეიძლება იქცეს ურჩხულად (მონსტრად), როგორ ხდება ეს გარდასახვა და რამდენად ეხებათ მონსტრული კონცეპტი ადამიანებს. ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, აღწეროს ენით აღუწერელი ამბები და თან მათ ლექსის ფორმა მისცეს. 25 ურჩხულის შემდეგ ნორა გომრინგერი 25 დაავადების ალაპარაკებას შეეცადა. დაავადებებიც, შეიძლება ითქვას ურჩხულებია, თუმცა ისინი უკვე ფიზიკურად გვესხმიან თავს. ნებისმიერი ჩვენგანის ბიოგრაფია, ამავდროულად ავადმყოფობათა აქტებსაც წარმოადგენს, რაც ცხოვრების მანძილზე გვემართება. პოეტი ქმნის სურათებს, სადაც დაავადებები არა აღწერილნი, არამედ განსხეულებულნი არიან. დაავადებები, ისევე როგორც მონსტრები, სადღაც ბინადრობენ, რომელთა დანახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანს ეწვევიან. ისეთი ძველი, როგორც კეთრი, სიფილისი, შავი ჭირი თუ მალარია და აქვე ახლები, როგორც შიდსია და ებოლა, საკუთარ ამბებს ჰყვებიან, ხან სასტიკად, ხან ირონიით, სევდით ან თანაგრძნობით, რის მიხედვითაც ლექსთა ტონალობა და რიტმი იცვლება. და თუკი შეიძლება ინფექციის გადაცემა როგორც ცეკვა წარმოვიდგინოთ, მაშინ ლექსი „ჰერპესის ვალსი“ ამის საუკეთესო ნიმუში იქნება რიტმის თვალსაზრისით, სადაც პარტნიორები ერთმანეთის მიმართ  ¾ ტაქტით მოძრაობენ, კოცნიან და ინფიცირდებიან. 
 
დაავადებებიც, თავიანთი უეცარი გამოჩენით და საბედნიერო გაქრობით, რაღაცით მოდის ტენდეციებს ემსგავსებიან, რომლნიც, ნორა გომრინგერის მიხედვით,  არანაკლები მონსტრული თვისებებით ხასიათდებიან. მოდის სამყარო, პოეტისთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მას ორი საპირისპირო თვისება ახასიათებს: ის რაც ზედაპირზე დევს, არასდროსაა თანხვედრაში რეალობასთან. ნორა გომრინგერის ინტერესის სფეროა მარადიული შეკითხვა ზედაპირისა და სარჩულის, იმას რასაც ადამიანი თვალით ხედავს და რაც მზერის მიღმა რეალურად ხდება, ყოველდღიურობის თანამდევი შიში და საშინელებათა სილამაზე. 
 
მოდების ლექსების ციკლში ნორა გომრინგერი პირდაპირი გაგებით საბურველში გახვევის ხელოვნებას იკვლევს, რას ფარავს აბრეშუმი, ტყავი, ლაკი...  სეზონები, ანუ რასაც მოდის სამყარო წელიწადის დროებს უწოდებს, ისეთივე გაფუყულია, როგორც ნემსების ბალიში ჰოტ-კუტიურეთა ატელიეში და რაც უნდა ბრწყინვალე იყოს ის მასალები და მათგან დამზადებული ნივთები, ავტორი მათზე წერისას თავის მახვილ იუმორს არ ღალატობს: ერთ ლექსში კაბა საცირკო კარვად გადიქცევა, სადაც ქვედაბოლო ხდება მანეჟი, შლაპა - სახურავი, ხოლო ღილები შესასვლელში მისაცემი გროშები. ნორა გომრინგერი მოდის სამყაროში არიადნას ძაფს მიჰყვება და არც გრიმების ზღაპრის სისხლიანი ფეხსაცმლის ამბავი ავიწყდება. წიგნის ლაიტმოტივად შეიძლება გამოდგეს მრავალმნიშვნელოვანი გამოთქმა „თეთრი ძაფით ნაკერი“, სადაც თემები დაფარულ სიცრუესა და ტკივილს შორის მონაცვლეობს. ერთადერთი, ვინც რეალურად იტანჯება, ეს ტყავგამძვრალი ცხოველია -  ამბობს ავტორი და წიგნის ბოლოს მკითხველი ხვდება, მოდა სულაც არ ყოფილა მსუბუქი თემა.  
ტრილოგია სამ მედიაშია გაკეთებული: მხატვრობასთან ერთად, ყოველ კრებულს აუდიო დისკიც ახლავს, სადაც ლექსებს თვითონ ავტორი კითხულობს. ავტორის ხმა იმას ხდის ფარდას, რაც მკითხველს ჩუმად წაკითხვისას შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენოდა. 
 
ჟურნალი "ახალი საუნჯე", N2 (68), 2019. 
 
P.S. ტრილოგიის 6 ლექსი ქართულ ენაზე ვთარგმნე, რომელიც  ასევე ჟურნალ "ახალი საუნჯის" 2019 წლის მარტი-აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.

 


Scroll to Top
Scroll to Top