Georgian

ბათუ დანელია / Batu Danelia: კარანტინი

  ბათუ დანელიას პორტრეტი

სახლში დარჩიო! - ვრჩები და ვრჩები
და დავემგვანე მოთმენის სამოსს...
თვალები, თითქოს, გამიხდნენ ჭები,
რისგანაც წყალი ამოსვლას ლამობს...

გულს მარტოობის უროთი დავფშვნი,
როდისმე სირცხვილს შიშისგან თუჭამს!
ხვალ, შეიძლება, მესტუმრონ სახლში
და ჩემთან დარჩნენ ეზო და ქუჩა...

და იქნებ გულსაც ეშველოს მწყურვალს,
რაც ცრემლის წკეპლით სიავეს დენის...
ხვალ, შეიძლება, მეწვიონ სტუმრად
ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ხენი,

რომ ჩემი ბინა არ გახდეს ქვაბი -
არ მომიწიოს აქ კენტად ხარშვა...
და შენც მესტუმრო იმავე კაბით,
რითაც ქუჩაში შემომხვდი შარშან!..

ბათუ დანელია
08-09. 04. 20.


Scroll to Top
Scroll to Top