lockdown

ქეთი გზირიშვილი / Keti Gzirishvili: ჩართვა

  Keti´s poem

ჩართვა

დისტანციური მუშაობა უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ჩანაცვლდეს დისტანციური 

სიყვარულით, 

მაგრამ დისტანციური სიყვარული, თუნდაც შედგეს ეს კავშირი, ვერ შეცვლის

 ცივ ღილაკებს მფეთქავი კანით. 

ამიტომ ამ საღამოსაც, სიყვარულზე დარდის მაგიერ, ვიჯდები და შევაგროვებ ცნობებს, 

ამჯერად, მიქელ თამარათზე. 

ჰო, ამ საღამოს მისი მადლიერი ვიქნები, 

რადგან ახერხებს, გადაიტანოს ჩემი ყურადღება შეუძლებელი სიყვარულიდან 

მის მიერ ნაგრძნობ და განხორციელებულ სიყვარულზე: 

შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ფურცლავდა აღმოჩენის მოლოდინით 

მტვრიან კაბადონს ევროპის საცავებში, 

ან ვიფიქრო მის სიკვდილზე – სხვის გადასარჩენად ზღვით დახშულ სუნთქვაზე, 

დაახლოებით ისეთზე, რისი შიშითაც დღეს სიყვარული დისტანციური გახდა, 

მე კი დისტანციურად ვმუშაობ.

– პადრე, რამხელა დისტანციაა, მთელი საუკუნე, 

მაგრამ ამ ლექსში შენზე ვწერ და ჩემს სიყვარულს ვგულისხმობ.

მანძილზე ვწერ და მარტოობას ვგულისხმობ:

ბინას, რომელშიც მარტო ვზივარ, როგორც საკანში

და სიყვარულის სურვილს ვახშობ.

კავშირი წყდება, აქ, თბილისში, 

სამაგიეროდ, სანტა მარინელას ვუკავშირდები.

 

------------------

მიქელ თამარათი – მიხეილ თამარაშვილი.

სანტა მარინელა (იტალია) – მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების ადგილი.

 

- ქეთი გზირიშვილი. 2020


Scroll to Top
Scroll to Top