Georgian

ხათუნა როგავა / Khatuna Rogava: როცა საყოველთაო კარანტინია

  Khatuna´s Photographer

***

როცა საყოველთაო კარანტინია და

მშიერ ნერვებს ვერაფრით ართობ,

იქნებ  გეცადა და გესადილა

რომელიმე უხერხემლო პოეტის  

ნაკლებკალორიული,

თუმცა, ვიზუალურად თვალწარმტაცი  

პოეზიით.

ლექსქალაქის ვიტრინები გადაზნექილია მათი სიუხვისგან.

 დანაყრება  გსურს?

შეგიძლია  მშვიდად მიირთვა.

კუსტარულად დამზადებულ ფერად  

საღებავებში ჩამუჟუჟებული ტაეპები  

სიცოცხლისთვის საშიშს არ წარმოადგენს.

პოეზიამდე ხელი არ მიგიწვდება?! 

ტყუილად გგონია ეგრე.

რაშიც ვტივტივებთ,

რაც თავზე გვაწვიმს და ყელში გვიჭერს,

რისთვისაც ვძიძგნით ერთმანეთის შე/

დაბოლილ მძორებს- პოეზიაა უმაღლესი!

 

მუკბანგიც სცადე. 

დაგვანახე,  ერთჯერად ჯამში დანა- ჩანგლით 

როგორ  ნაწევრდება 

ოხშივარავარავარდნილი,

დიეტური  ვერლიბრი.

როგორ  არ იჩხირება ყელში უფხო, დუნე  

ბწკარები.

გარნირად  ხელოვანთა  მიერ მოშინაურებული  მკითხველის კომენტარები

გამოდგება.

სოუსად- მათზე  მზრუნველი  მეორე

 ნახევრების მშობლიურ განცდებში 

გადაზრდილ- გადაზელილი,

 გულისამაჩუყებელი შორისდებულები. 

 

ჩაროზზეც ფიქრობ?

თუ ძალიან მოინდომებ და

სწორედ ისე დაეტოლები მითითებულ ნიშას,

როგორც ამას შენგან მოითხოვენ,

შეიძლება  ხუთიოდე უნცია ხრაშუნა, 

დაპუდრულ  ჩეკსაც გამოჰკრა ხელი, 

გამომცემლობებს რომ სწვეთავთ ხოლმე 

 მწვანე თითებიდან 

თაფლად და ერბოდ.

 

***

და მერე, რაღაც დროის გასვლის მერე 

გაიხსენებენ,  თუ როგორი დაჟინებით  

იწერებოდა, იბეჭდებოდა, მეორდებოდა, 

ხმაურდებოდა, ილექებოდა, იტოტებოდა, 

იქსელებოდა  სივრცე სიტყვებით,

რომელსაც თვალები იმეორებდნენ.

მხოლოდ და მხოლოდ თვალები.

და შუშის მზერიდან გადმოკიდებულ  გრაგნილებზე,

როგორც პალიმფსესტებზე,

ადვილად გაირჩეოდა სია ძველი

და სია ახალი, შემდეგი თანმიმდევრობით:

 

კორონაზე დაუტესტავები.

კორონაზე დასატესტები. 

კორონაზე დატესტილები.

კორონით დაუინფიცირებლები.

კორონით დასაინფიცირებლები.

კორონით დაინფიცირებულები.

უკარანტინოები.

საკარანტინოები.

კარანტინში მყოფები.

ნაკარანტინალები.

უკორონოები.

საკორონოები.

კორონიანები.

კორონაგამოვლილები.

შიში.

ტაბუ.

შიში.

ტაბუ.

სტიგმა.

 

- ხათუნა როგავა


Scroll to Top
Scroll to Top