Georgian

მარიამ წიკლაური: რისკჯგუფი

  Mariam Tsiklauri

არაფერი შეცვლილა, ვამბობ:
სული ყოველთვის გეხუთებოდა,
გიჭირდა სუნთქვა.
ყრუ ტკივილიც მუდმივად იყო,
სხვებისათვის შეუმჩნეველი, ვის აწუხებდი?!
ყელიც გეწვოდა სიტყვებისგან,
რომ გუბდებოდა და ხრინწს მატებდა
ამოუთქმელ ტკივილის ხაოს.
სხვისთვის მაინც არა ყოფილხარ ადამიანი,
საკუთარი კი, ასეც უნდა აიტანო თავი და ისეც.
მარტოობით ვის გააკვირვებ?!
რამდენჯერ მოკვდი, მაგრამ ხმაც არ ამოგიღია.
ჯოჯოხეთის ბჭენი თუ ვერა,
შენივ დღეთა ბჭენი ხომ, მაინც...
რითი უარესი არა ყოფილა?!
ერთი ბეჩავი თავი უნდა გეცხოვრა და
ისიც რა რთული რამე გამოდგა
როგორ გინდოდა ამოგევსო სიმარტოვის უხმაურობა,
დისტანცირება დაარქვეს ახლა, მაგრამ ვერასდროს.
დაუწერელი კანონებიც დაწერილს ჰგავდა -
გეკრძალებოდა ადამიანთან მიახლოება.
გამუდმებულად იბანდი ხელებს,
რაც ხდებოდა, არ გეხებოდა,
რადგან ყველაფერს ედო ნიშანი წინასწარი განჩინებისა!
რაღას შეცვლიდი, ლეგენდარული რაინდი ხომ
ვერ გახდებოდი, ურჩხულისთვის მოგეჭრა თავი,
თანაც იცოდი, რომ თავად შენ გადიქცეოდი
ურჩხულად მერე...
სამსახური? გაუგებარი სიტყვაა დღემდე,
არასოდეს არ გქონია საკუთარი საქმე თუ სკამი,
ვირტუალური სივრცის ოფისში.
მღვიძარება კი კოღოსა ჰგავდა, 
რომელიც ძილის ზედაპირზე
გაურკვეველი ტრაექტორიით დასრიალებდა,
უფრო კი, ხტოდა და ედებოდა სივრცეების თავსა და ბოლოს,
უძილობის ლანდშაფტებში ჩაბუდებული.
სითხეს ისედაც ბევრსა სვამდი,
რადგან უკანვე იბრუნებდი ყველა ცრემლს, რისი
დაღვრაც გრცხვენოდა.
გზები კი შორი, გეხვეოდა სხეულზე და განანავებდა
როგორც ობობას საკუთარი ნერწყვი, მაგრამ შენ
გზების გატყორცნა არასოდეს შეგძლებია,
მოძრაობით ხომ სულ მოძრაობდი,
ფარავდი მილებს, კილომეტრებს და ფეხები გებლანდებოდა
საკუთარი ნაბიჯების ბარდებში და გადაძახილში.
თუმც თავს ვერ გაცდი -
აღუწერელი მწვერვალების და უფსკრულების უცნაურ მხარეს.
იმედების ვაქცინას ხომ ყოველ სეზონზე იკეთებდი,
გამოგონილს, ნამდვილს, ორგინალს, პატენტს, თუ სულაც,
წყალწყალა იმედს.
სხვათა სიტყვები მეფრქვევიან
და ჩვეულებრივ პირბადეებშიც აღწევენ ცოცხლად.
განსხვავება მხოლოდ ესაა: ადრე თითქოს
სიტყვებს არ ჰქონდათ ასეთი შხამი...
პირბადეებიც თანდაყოლილ ნიღბებივით,
მუდმივჯერადი ერგებოდა ადამიანს და
მის სახეს მაინც ვერასოდეს დაინახავდი...
მე რისკჯგუფშიც ვარ.
ამიტომ მეტი სიფრთხილე მმართებს,
სიმარტოვეს ხომ მხოლოდ ის უძლებს,
ვისაც სისხლში აქვს ...მთვარია, სისხლი არ გაშრეს.

 

- მარიამ წიკლაური


Scroll to Top
Scroll to Top