Georgian

ვასო გულეური /Vaso Guleuri: ვირუსული ლექსები

  Vaso Guleuri´s Art

ვირუსი

 

კაჭკაჭმა მოსდო ქვეყანას:

- გავრცელდა გრიპის ვირუსი.

თანაც, სიცივე იქნება

ხუთი გრადუსი მინუსით!

 

იმარაგებენ სასწრაფოდ

აბებს, წვეთებს და მიქსტურებს.

აფთიაქარი ბუ ყველას

დარიგებებით ისტუმრებს:

 

- დილა-საღამოს აბს დალევთ,

თან ჩაიწვეთებთ ათ-ათ წვეთს,

თორემ ვერაგი ვირუსი

ყველას ლოგინში ჩაგაწვენთ!

 

ვირი ყურსაც არ იბერტყავს,

ვირობას მაინც არ იშლის:

- თუ ვირ-უსია, მაშ ჩემთვის

სულ არ იქნება საშიში!

 

 

ცხენუსი

 

ცხენი გაწყრა - რით მჯობია

ნეტავ, ვირი ყურპანტურა?

ეგ ყროყინა, შესაჭმელად

აგრემც დარჩეს მგელს და ტურას.

 

ხომ ღირსია, ბუზანკალთა

მთელი გუნდი მივუსიო?

ყველა იმას გაიძახის -

დამემართა ვირუსიო!

 

რაღა ვირი!.. უკეთესი

არაფერი შეგემატოთ!

რა იქნება, ყველას ერთად

ცხენუსი რომ დაგემართოთ!

 

ტურას წამალი

 

კივილი მორთო დილიდან ტურამ

– მე მგონი, მიწევს ტემპერატურა!

 

ცხელი მაქვს შუბლი, ცივი მაქვს კუდი,

გავრცელდა თურმე ვირუსი ცუდი!

 

იჩქარეთ ყველამ, მოდით და მნახეთ...

მესიზმრა წუხელ ყურძენი მკვახე,

 

ვჭამე და იწყო მუცელმა გვრემა.

ვაიმე, მგონი, ტურიკო კვდება!

 

მიშველის მხოლოდ ვარია ნორჩი...

ადრეც, რომ ვჭამე, მაშინვე მოვრჩი!

 

- ვასო გულეური


Scroll to Top
Scroll to Top