Georgian

ნატო ინგოროყვა : პარასკევი

  Masken. Nato Ingorokva´s photograph

უფალო, 

შენც გექნება ტელევიზორი, 

თუმცა ჩვენს სიხშირეს ვერ დაიჭერ

- მანძილი ჩაახშობს. 

მე მაინც გეტყვი: 

ეკრანებიდან ნიღბიანი წამყვანები შიშინებენ,

რომ გვახსოვდეს სიკვდილი

და შინ ჩავიკეტოთ.

 

სულსწრაფია ჩვენი შიში. 

ვისაც არ გვცივა, 

ვეშურებით ტანსაცმლისაკენ, 

რადგან ვიცით, შენგან ვიცით, 

რომ სიკვდილის ანგელოზის წინაშე

შიშვლად არ უნდა წარვდგეთ.

 

გატეხილი აქვს თვალი ჩვენს შიშს. 

ვისაც არ გვშია,

 სურსათს ვიმარაგებთ,

რადგან ვიცით, - შენგან ვიცით, 

- რომ სუფრაზე საჭიროა მუდამ იდოს ღვინო და პური.

 

და ამიტომაც მოვეფინეთ ქალაქის ქუჩებს, 

გადავკეტეთ მოძრაობა. 

სიკვდილიც ჩვენთან ერთად იდგა საცობში, 

- გავუძნელეთ დროზე მისვლა ადრესატამდე. 

შავ პარასკევს შეუძლია იყოს წითელიც

და პირიქითაც. 

იცოდე. მაინც.

 

 - ნატო ინგოროყვა


Scroll to Top
Scroll to Top