Notes

შტერტებეკერი - გერმანელი მეკობრის ამბავი / Störtebeker in der Literatur

  Störtebeker

ბერლინში, მდინარე შპრეეს გასვწივ ერთ-ერთი გასეირნებისას, ლუდის რეკლამას გადავაწყდი, რომელიც იქვე ჩამომდგარ იახტაზე შეგეძლოთ დაგელიათ, თან მზეს მიფიცხებოდით. 

გერმანიაში ლუდის რეკლამების მეტი რა არის და დიდად არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა სახელი: Störtebeker  (შტერტებეკერი). თუმცა, არც ეს სახელი მეტყოდა რამეს, ცოტა ხნით ადრე, თანამედროვე გერმანელი პოეტის, იან ვაგნერის ლექსის თარგმნას რომ არ შევდგომოდი.  ლექსს სწორედ „შტერტებეკერი“ ჰქვია და გიუნტერ აიხის ციტატა უძღვის: „მეცხრე ვარ, ცუდი ადგილია, თუმცა კი, ის ჯერაც მოძრაობს“.  

იმდენად უცნაური ლექსი იყო, და სათაურიც ისეთ უცნაურ ინფორმაციას შეიცავდა, საჭიროდ ჩავთვალე, ქართველი მკითხველისთვისაც გამეცნო.  

კლაუს (იგივე კლაას ან ნიკლას) შტერტებეკერი ლეგენდარული გერმანელი მეკობრე ყოფილა მე-14 საუკუნეში, რომელიც აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ზღვებში დათარეშობდა. 

მე-14 საუკუნის ბოლო არა მხოლოდ ზღვისპირა ქალაქების აყვავების წლები იყო, ასევე ყვაოდა მეკობრეობაც. საზღვაო ვაჭრობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნების ეკონომიკისთვის და ასევე დიდ როლს თამაშობდა ქვეყანათაშორის პილიტიკაშიც. მეკობრეები, რომლებიც სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს, ისევე იმოსებოდნენ ლეგენდებით, როგორც გზებისა და ტყეების ყაჩაღები: „მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ“ - ეს მითი საერთო იყო ინგლისელი რობინ ჰუდიდან (მე-14 საუკუნის ინგლისი) არსენამდე (მე19 საუკუნის საქართველო). მსგავსი რომანტიკით იყო შებურული შტერტებეკერის სახელიც, რომელსაც გერმანელ რობინ ჰუდს ეძახდნენ. რეალური დოკუმენტები მის შესახებ შემორჩენილი არ არის, ხალხურ გადმოცემაზე დაყრდნობით კი, იგი სანაოსნო ქალაქ ვისმარიდან უნდა ყოფილიყო, რომელმაც კაპიტნობას მიაღწია და თავისი გემით დანია-შვედეთისა და დანია-მეკლენბურგის ომში დანიელთა ძარცვით გაითქვა სახელი. ნაძარცვს კი მისი მეზღვაურები თავისუფლად ყიდიდნენ ჰამბურგის ბაზარზე. დანია-მეკლენბურგის ომის დასრულების შემდეგ, იმისათვის რომ ინგლისთან და ჰოლანდიასთან ვაჭრობა უსაფრთხო გაეხადათ, გერმანულმა საპორტო ქალაქებმა, განსაკუთრებით კი ჰამბურგმა, შეიარაღებული გემები დაიქირავეს და მეკობრეებს შეუტიეს. 

გადმოცემის მიხედვით, 1401 წელს 22 აპრილს შტერტებეკერის გემი „მაგარი ძაღლი“ ერთ-ერთი შეტაკებისას დამარცხდა. კაპიტანი და მისი 72 მეზღვაური ტყვედ ჩავარდნენ და ჰამბურგში მიიყვანეს. ამბობენ, რომ შტერტებეკერმა განთავისუფლების საზღაურად,  ქალაქის მმართველებს იმხელა ოქროს ჯაჭვი შესთავაზა, მთელ ჰამბურგს რომ შემოსწვდებოდაო, მაგრამ საბჭომ ეს არ მიიღოო. კაპიტანსაც და მის მეკობრეებსაც სახალხოდ თავის მოკვეთა დასჯა მიესაჯათ, მისი გემი კი, დაშალეს.  

ლეგენდის თანახმად, შტერტებეკერს ქალაქის თავი დაჰპირდა, იმდენ მეზღვაურს შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს, რამდენის წინაშეც იგი თავმოკვეთილი გაივლიდა. ამბობენ, უთავო შთიორთებეკერმა 11 მეკობრის წინ ჩაიარა, მერე კი ჯალათმა საქონდაქრე ესროლა ფეხებშიო (სხვა ვერსიით, ფეხი დაუდოო). ბურგომისტრმა კი დაპირება არ შეასრულა და სამოცდათორმეტივე სიკვდილით დასაჯეს. 

 

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ნათელი გახდა გიუნტერ აიხის ციტატაც და ისიც, თუ რატომ დაარქვა იან ვაგნერმა თავის ლექსს ლეგენდარული მეკობრეს სახელი. 

აი, ეს ლექსიც: 

 

შტერტებეკერი

 

„მეცხრე ვარ, ცუდი ადგილია. 

თუმცა კი ის ჯერაც მოძრაობს“. (გიუნტერ აიხი)

 

ის ჯერაც მიდის, მისი თავი შეჰყურებს ტანს 

როგორ მოძრაობს. მაგრამ თვითონ, 

თვითონ სად არის? ბოლო მზერაში -

კალათიდან, თუ ამ არეულ ბრმა ნაბიჯებში?

მე მეცხრე ვარ. ოქტომბერია. 

სიცივე და კანაფის თოკი ხორცს გვიჭრის, ვდგებით

მუხლებზე, მწყობრად, ღრუბლის ფთილების

სითეთრეში, თავზე რომ გვადგას,

თითქოს ზემოთ დედალს პუტავდნენ

დღესასწაულის სამზადისში მყოფი ქალები.

მამაჩემი ნაჯახის ტარს გამხდარ ხელს უჭერს,

მზეზე პრიალებს ფოლადის პირი. თავცაწლილი

სისხლიანი ქათამი დახტის, გზის პოვნას ცდილობს, 

ორი სამყაროს გასაყარზე, აღნავლებულ პატარებს შორის.

 

= იან ვაგნერი

 

გეტყვით, რომ შტერტებეკერზე უამრავი სათავგადასავლო რომანი არსებობს, მასზე შექმნილია ფილმები და ასახულია მხტავრობაში. პირველი გრავიურა, რომელზეც კლაუს შტერტებეკერია გამოსახული 1515 წლით თარიღდება, იგი დანიელ ჰოფერს შეუსრულებია. 

შტერტებეკერის სახელზე ჩამოსხმულ ლუდი არ გამისინჯავს, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ამ ლუდს ჰამბურგელები იალქნის ფორმის ჭიქით სვამენ, რომელიც შტერტებეკერის ლუდისთვის სპეციალურად დაუმზადებიათ.

 

 

 

 

 

 


Scroll to Top
Scroll to Top