Notes

პრინცესების ქანდაკებაზე და პრინცესებზე / Prinzessinnengruppe

 

ბერლინის ძველ ეროვნულ გალერეად წოდებულ მუზეუმში, პირველივე დარბაზში შესვლისას იხილავთ მარმარილოში გამოქანდაკებულ გოგონებს, ხელგადახვეულნი წყვილად რომ დგანან, კლასიცისტურად დრაპირებულ სამოსში, ახალგაზრდული ხალისით და მშვენიერებით.

ქანდაკება „პრინცესების ჯგუფის“ სახელით არის ცნობილი და ისინი მართლაც პრინცესები არიან : დები, ლუიზე და ფრედერიკე. ბერლინელმა მოქანდაკემ იოჰან გოტფრიდ შადოუმ პრუსიის ტახტის მემკვიდრის ცოლი  ლუიზე, მეკლენბურგ-შტრელიცის პრინცესა და მომავალი პრუსიის დედოფალი და მისი და ფრედერიკე გამოსახა, რომელიც პრუსიის ტახტის მემკვიდრის ძმას, ლუდვიგს ჰყავდა ცოლად. 

გოგონები 17 და 15 წლისანი იყვნენ, ცოტა ხნის წინ გათხოვილნი პრუსიის პრინცებზე, პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ მეორის სურვილით. ქანდაკებაც მეფის სურვილით დამზადდა. მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, ფრიდრიხ ანტონ ფონ ჰაინიცმა ურჩია მეფეს, მშვენიერი პრინცესების სკულპტურები ახალგაზრდა მოქანდაკისთვის, შადოუსთვის მიენდო, რომელიც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სასახლის სამხატვრო სახელოსნოს ხელმძღვანელობდა.  

ფრიდრიხ ვილჰელმ მეორე ისე იყო მოხიბლული პრინცესების მშვენიერებით, როცა გოგონები მას 1793 წელს ფრანკფურტში წარუდგინეს, მაშინვე გადაწყვიტა, ლუიზე და ფრედერიკე მის ვაჟებს გაეცნოთ, შეჰყვარებოდათ და მათზე დაქორწინებულიყვნენ. მეფის სურვილს წინ არაფერი აღუდგა. ტახტის მემკვიდრემ, მომავალმა ფრიდხიხ ვილჰელმ მესამემ მართლაც განცობისთანავე შეიყვარა საცოლე. და თუმცა, მის ძმას, პრინც ლუდვიგს (ლუის) სიყვარული დანახვისთანავე არ სწვევია, მამის ნების წინააღმდეგ არც ის წასულა. 1793 წლის დეკემბერში ბერლინის სასახლეში ორი  ქორწილი შედგა, ხოლო 1794 წელს მოქანდაკემ სასახლიდან შეკვეთა მიიღო: საქმე პროტრეტულ ბიუსტებს ეხებოდა. მოქანდაკეს ე.წ. ტახტის მემკვიდრეთა სასახლეში სამუშო ოთახი გამოუყვეს, სადაც პრინცესა ფრედერიკე პირადად სტუმრობდა მას, ლუიზესთან შეხვედრას კი შადოუ ოფიციალურ აუდიენციებზე უნდა დასჯერებოდა. 

მოქანდაკემ ბიუსტებზე მუშაობა ერთ წელიწადში დაასრულა და თავის დღიურში ჩაწერა : „ქალის ბიუსტის შექმნა ერთ-ერთი რთული ამოცნაა ხელოვნებაში. ამ დავალების შესასრულებლად ყოველთვის ძალისხმევა მჭირდებოდა. იმისათვის რომ მსგავსება შეუთავსო გრაციოზულობას, საჭიროა ხელოვნების ფაქიზი გრძნობა და ეშმაკობამდე მისული დამკვირვებლის თვალი“. 

მას შემდეგ რაც ბიუსტები დაასრულა, მოქანდაკემ მათ წყვილად გამოსახვაზე ფიქრი დაიწყო. მას სურდა, თაბაშირში პრინცესების ბუნებრივი ზომის ქანდაკება შეექმნა, მისი ჩანაფიქრით, შეიძლებოდა ამ ქანდაკების მიხედვით ფაიფურის ასლების დამზადება. სავარაუდოდ, ეს სახელმწიფო მინისტრის, ფონ ჰაინიცის იდეა იყო, რომელიც მაშინ ხელოვნებიის აკადემიის კურატორი, ფაიფურის სამეფო ფაბრიკის ხელმძღვანელიც იყო. მოქანდაკეს სურდა, თაბაშირში ჩამოსხმული სკულპტურა ხელოვნების აკადემიის გამოფენაზე წარედგინა 1795 წლის სექტემბერში. 

პრინცესებმა შადოუს სახელოსნოში კვალვ დაიწყეს ვიზიტები. ხელოვანმა მათი გარდერობიდან თვითონ შეარჩია ტანსაცმელი. ლუიზე, რომელსაც იმ პერიოდში ყელი სტკიოდა, რამდენიმე ვიზიტზე სახვევით მივიდა, რაც მოქანდაკემ მარჯვედ გამოიყენა, ხოლო როცა ქანდაკება საჯაროდ აჩვენეს, მსგავსი სახვევი ყელზე მოდად იქცა. 

ლუიზე, როგორც უფროსი და რანგითაც მაღლა მდგომი, ჰერალდიკის კანონის მიხევით, მოქანდაკემ მარჯვნივ გამოსახა, გარდა ამისა, ის დაზე ცოტა უფრო მაღალიცაა.

1795 წლის 25 სექტემბერს, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ მეორის დაბადების დღეზე, ბერლინის ხელოვნების აკადემიაში გამოფენა გაიხსნა, სადაც შადოუმ პრინცესების ქანდაკება წარადგინა. საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. სახელმწიფო მინისტრმა კი, მეფეს იდეა მიაწოდა: ქანდაკება იმდენად შესანიშნავია, უთუოდ მარმარილოში უნდა გაკეთდესო. ჰაინცმა მეფეს ისიც მოახსენა, მოქანდაკის ჰონორარს - ხუთი ათას ტალერს და კარარას თეთრი მარმარილოს ღირებულებას ფაიფურის მანუფაქტორა გადაიხდის, ისე რომ მეფის ხაზინა არ დაზარალდებაო.

სამუშაო 1797 წლის 12 ივლისს დასრულდა. ქანდაკება ნამდვილად შეესაბამებოდა იდეალურ ბერძნულ სტილს. სადგამად ნაცრისფერი მარმარილო შეარჩიეს, რომელზეც გვირგვინები და პრინცესათა სახელები ამოკვეთეს. მარმარილოს ქანდაკება საზოგადოებამ კვლავაც მეფის დაბადადების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იხილა 25 სექტემბერს. საქმე ისაა, იმ დროისათვის, პორტრეტები არ იყო რეალისტური და გამოსახულება  არასდროს შეესაბამებოდა ნატურას. პრინცესების ქანდაკების შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ მოქანდაკემ ისინი რეალისტურად ასახა: მისი მიზანი ხომ სწორედ რომ გოგონების მშვენიერების უკვდავყოფა იყო. შადოუმ პრინცესების ინდივუდუალურობის წარმოჩენით ხელოვნების იდეალური ნიმუში შექმნა. 

თუმცა კი ქანდაკების ბედი სულ სხვაგვარად წარიმართა: მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ მეორე იმავე წელს გარდაიცვალა და ტახტზე ასულმა მისმა ვაჟმა, ფრიდრიხ ვილჰელმ მესამემ აღარ ისურვა, საზოგადოებას მისი მშვენიერი ცოლისთვის, რომელიც ახალგაზრდულ, უდარდელ პოზაში იყო გამოსახული, საჯაროდ ეცქირა. ამას ისიც დაერთო, რომ პრინცესა ფრედერიკე, დედოფლის და, ამასობაში დაქვრივდა და უფრო მეტიც, უცნობისგან დაფეხმძიმდა კიდეც, რის გამოც სასწრაფოდ ერთ გენერალს მიათხოვეს. დედოფლის გვერდით მისი წარმოჩენა სამეფო სახლს აღარ აწყობდა. ქანდაკება ახალმა მეფემ სასახლის სასტუმრო ოთახში, ყველაზე შეუმჩნეველ კუთხეში დაადგმევინა, სადღაც კედელთან, ისე რომ მისი გარშემოვლა და სრულად აღქმა შეუძლებელი იყო. 

და ასე იდგა დაახლოებით 90 წელი. 

პრუსიის მშვენიერი დედოფალი ლუიზე, რომლის სახელი ცხოვრებაშივე ლეგენდებით შეიმოსა, 1810 წელს სრულიად ახალგაზრდა, 34 წლის გარდაიცვალა. 

ქანდაკება 1886 წელსღა გამოიტანეს სამზეოზე ბერლინის ხელოვნების აკადემიის საიუბილეო გამოფენაზე. 1906 წელს კი ის ეროვნული გალერეის ასი წლისთავზე გამოიფინა. პრუსიის სამეფო ხელისუფლების აღსასრულამდე პრინცესების ქანდაკება ბერლინის სამეფო სასახლის მუზეუმის ნაწილი იყო. 

 


Scroll to Top
Scroll to Top