Georgian

რობერტ მესხი : ყველა აპრილს ხომ ვერ დააყენებენ კუთხეში

  Robert Meschi´s photograph

ყველა აპრილს ხომ ვერ დააყენებენ კუთხეში, 

პირით კედლისკენ?

შეწამლულ ქალაქებში

იები და ბუჩქისძირები გამოვლენ ტროტუარებზე

და ფერგადასულ გაჩერებებთან დაელოდებიან

ვირტუალურ ტრანსპორტს. 

შეყვარებული ნუშები დადგებიან ხიდებზე

და თეთრ შუბლებს შეუშვერენ ხეობიდან მობერილ ნიავს. 

ფეხმძიმე მდინარე ჩამოივლის, 

დამხრჩვალთა სულებს დაარწყულებს, 

დედის კალთაში ღამენათევი გაემზადება წყლების დასაღვრელად.

დახურულ ფანჯრებში

ალაგ-ალაგ გამოჩნდებიან ცნობისმოყვარე სახეები

პასპარტუში ჩასმულ სურათებივით. 

 

შედარებისთვის - 

ასე იტყოდნენ ამომავალი მზის ქვეყანაში:

მე - კვლავ პირბადით. 

სიძუოკაში

უსირცხვილოდ ყვავის საკურა. 

 

- რობერტ მესხი


Scroll to Top
Scroll to Top