Notes

სიბილა შვარცი / Sibylla Schwarz - 17 წლის პოეტი არყოფნასა და მარადისობას შორის

  Sibylla Schwarz

ამოდის ავრორა და მისი სინათლე

ყველას ეფინება, გვარით თუ ღვთის ნებით

ვინც რაზე მუშაკობს. აი, მეც მივმართე 

ჩემს ტვირთს და სიყვარულს, რომლითაც ვიწყები“.

- 400 წლის წინ წერდა სიბილა შვარცი, რომელიც ამქვეყნიდან 17 წლის წავიდა. გერმანული ლიტერატურის მოყვარულები წელს მისი დაბადების 400 წლის თავს აღნიშნავენ.  სიბილა შვარცი თავის ხანმოკლე ცხოვრებაში შექმნილი ლექსებით, ბაროკოს პერიოდის გერმანული პოეზიის საგანძურშია შესული.

იგი  თავისმა თანამედროვეებმავე აღიარეს ვუნდერკინდად. საიდან იცოდა მან ამდენი? საიდან ჰქონდა ასეთ ახალგაზრდა ქალს ამხელა ემპათია და ცხოვრების გამოცდილება? - ეს თანამედროვე მკითხველის შეკითხვებია. 

თუ სიყვარული უბიწოა, რად ირღვევა ცოლქმრული ფიცი?

თუ სიყვარული სიკეთეა და ბოროტება მასში არ სუფევს,

მაშ მისი ცეცხლი, ყოველიმომცველი, რად გვივწვავს უბეს?

თუ სიყვარული სილაღეა, ზიდვა მისი ასე რად გვიმძიმს?

მამამისი, ქალაქ გრაიფსვალდის ბურგერმაისტერი, ქალიშვილის პოეზიით გატაცებას, შემწყნარებულად უყურებდა, რაც იმ ეპოქისთვის ჩვეულებრივი ამბავი სულაც არ იყო. გოგონას გაუმართლა მასწავლებელშიც: მღვდელმა სამუელ გერლახმა მას მარტინ ოპიცის პოეზიის თეორიის სახელმძღვანელო გააცნო. და მანვე გამოსცა სიბილას  სიკვდილის შემდეგ, 1650 წელს,  მისი ლექსები ორ ნაწილიან კრებულად, სახელწოდებით Deutsche poetische Gedichte (გერმანული პოეტური ლექსები). 

სიბილა შვარცის პოეტური მემკვიდრეობა ასზე მეტ ლექსს ითვლის. მისი ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა. იყო დრო, როცა მას „პომერელ საფოს“ ეძახდნენ. სიყვარული და მეგობრობა მისი ლექსების მთავარი თემებია. ახალგაზრდა პოეტის ცხოვრება ოცდაათწლიან ომს დაემთხვა, შესაბამისად ომი და სიკვდილი მის ლექსებშიც აისახა. 1638 წელს, დაბინძურებული სასმელი წყლით მოწამლული სიბილა, სასიკვდილო სარეცელზე სიცხიანი წერდა გამოსათხოვარ ლექსს: 

„იწყება მძიმე ბრძოლა სიკვდილთან,

შენ, სულო ჩემო, 

წადი უსაფრთხო ზეცის ბილიკზე,

მიატოვე სხეულის მღვიმე. 

და ისიც მალე მოგაკითხავს, 

ახლოა ჟამი". 

 

მე-18 საუკუნიდან სიბილა შვარცის სახელი დავიწყებას მიეცა. და ასე გაგრძელდა მე-20 საუკუნემდე, ვიდრე მისი პოეზია თანამედროვე გერმანელმა ლიტერატორებმა ხელახლა არ აღმოაჩინეს. 1980 წელს გაკეთდა მისი გერლახისეული კრებულის ფოტოგრაფიული გამოცემა. მას შემდეგ დაიწყო კვლევები, დაიწერა ესეები, ავტობიოგრაფიული რომანები, შეიქმნა მისი სახელობის კავშირი, გამოიცა რჩეული ლექსების კრებულები და გაკეთდა ფილმები. გრაიფსვალდის უნივერსიტეტის მეცნიერთანამშრომელმა მიხაილ გრაცმა დაამუშავა და სამეცნიერო აპარატის დართვით გამოსცა სიბილა შვარცის წერილებისა და ლექსების სრული კრებული, სადაც შესულია მისი სონეტები, ოდები, ეპიგრამები, საეკლესიო სიმღერები, მოკლე ლექსები. ხოლო დირკ უვე ჰანსენის რედაქტორობით გამოიცა თანამედროვე გერმანელ პოეტთა ანთოლოგია, რომელიც სიბილა შვარცის ლექსების თემაზე შექმნილ ლირიკას აერთიანებს.  

სიბილა შვარცის ლექსს „ისევ შურის შესახებ ნამღერი“  „Ein Gesang wider den Neid“ ლიტერატურათმცოდნე ერიკა გრებერმა მსოფლიო ლიტერატურაში პირველი უკომპრომისო ფემინისტური ლექსი უწოდა. 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სიბილა შვარცმა თავის ლექსებში კითხვის ქვეშ ნიშნის ქვეშ დააყენა თავად-აზნაურთა პრივილეგიები და ქალთა და მამაკაცთა უთანასწორო მდგომარეობა: ის თვლიდა, რომ ქალებს ისევე უნდა შეძლებოდათ ლექსების წერა, ომის წარმართვა თუ პოლიტიკაში მონაწილეობა, როგორ მამაკაცებს.

თუმცა, თემატიკაზე მეტად მკვლევარებს მის ლექსებში ფრაზის დახვეწილობა და  ელეგანტურობა აკვირვებთ, თუ როგორ ფლობს ახალგაზრდა პოეტი სალექსო ფორმებს, როგორ ჟონგლიორობს სიტყვებით და რითმებით, როგორ დახვეწილად და ნიუანსურად ვარირებს მისი ლექსის მეტრიკა. ისინი ხაზგასმულად აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ენის პოეტურობისა, ამ ლექსებში არასდროს იგრძნობა პათეტიკა, ხოლო მგრძნობიარობა და ინტელექტი ერთდროულად არის დამახასიათებელი მისთვის. ამ ყველაფრის გამო მიიჩნიეს გამომცემლებმა სიბილა შვარცის ლექსები თანამედროვე მკითხველისთვისაც საინტერესოდ. 


Scroll to Top
Scroll to Top