Essay

ემი ჰენინგსი / Emmy Hennings - დადაისტი ქალი მრავალი როლით

  Emmy Hennings

ემი ჰენინგსი -  ​დადაისტი ქალი მრავალი როლით

“ჩემი სიტყვები მე სულ არ მგვანან”

როცა ასი წლის წინ, 1916 წლის 5 თებერვალს, ციურიხის კაბარე “ვოლტერში” პირველი დადა-საღამო მოეწყო, არავინ უწყოდა, რა იყო დადა. ეს სიტყვა სულ მალე ყველას პირზე ეკერა, თუმცა დღემდე დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რას ნიშნავს. ხელოვნების ისტორიკოსები და ლიტერატურათმცოდნენი ამაოდ ეძებენ იმის ახსნას, როგორ შეიძლებოდა ენაბრგვილობით ხელოვნების ნიმუშები შექმნილიყო. ამაზე პასუხი კი, არც დადას მამებმა იცოდნენ, ასი წლის წინ იმპროვიზირებულ სცენაზე პირველ გამოსვლას რომ ზეიმობდნენ. როგორც ჰუგო ბალი ცოტა მოგვიანებით თავის დღიურში წერდა, “მაინც რა იყო ეს,  “ბუფონადა და რექვიემი”, თუ “ფარსი არაფრისგან”?

ნუთუ ყველაფერი მართლაც გაუგეგრობა იყო? -  კითხულობენ დღემდე ხელოვნების ისტორიკოსები. ჰუგო ბალი მისტიკოსად იქცა, ტრისტან ცარა ესპანეთში წავიდა საბრძოლველად, ვალტერ სერნერი ნაცისტებმა მოკლეს 1942-ში, რიხარდ ჰუელსენბეკი ამერიკაში გაემგზავრა და ფსიქოანალიტიკოსი გახდა, მარსელ იანკო ისრაელში გადასახლდა და იქ ხელოვანთა კოლონიას დაუდო სათავე. კაბარე "ვოლტერი" კი ციურიხის შპიგელგასეზე კვლავაც აღდგა. თითქოსდა დადა ციურიხში მოხვედრილი ლტოლვილების ველური სასოწარკვეთის გარდა სხვა რამეც ყოფილიყოს.

დადა  - არაფრიდან წარმოშობილი არაფრი კი ის არის, რაც დღემდე არავის არაფერში ეშლება. 

ემი ჰენინგსი იმ ორიოდე ქალთა შორისაა, ვის სახელსაც დადაისტებთან ერთად იხსენიებენ. მისი ხმაურიანი გამოსვლები ციურიხის კაბარე “ვოლტერში” ნამდვილ ატრაქციონს წარმოადგენდა. როცა დადა ხელოვანთა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, ემი განზე გადგა. მიზეზად ასახელებდა, რომ დადამ მასობრივი სახე მიიღო. ემის არანაირად არ სურდა, რომ ის ყველას დამსგავსებოდა.

ემა მარია კორდსენი, მოგვიანებით ემი ჰენინგსი, 1885 წლის 17 იანვარს დაიბადა გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში. 14 წლისამ სკოლა მიატოვა და წვრილმანი ნაყარ-ნუყარის გაყიდვას მიჰყო ხელი, რომ აღებული ფულით თეატრის ბილეთები ეყიდა. მერე თვითონაც დაიწყო წარმოდგენების გამართვა მეზობლებისთვის, დარბაზად კი სამრეცხაოს იყენებდა. მშობლებმა თეატრალური განათლების მიცემაზე უარი უთხრეს. სამაგიეროდ, მუშაობდა სახლის დამლაგებლად, მზარეულის დამხმარედ, გადამწერად და მხატვრად ფოტოატელიეში. 19 წლისა გათხოვდა და ქმართან ერთად პატარა სასურსათო  მაღაზია გახსნა, მაგრამ მალე ორივემ მიატოვა სახლიც და ბავშვიც და ქალაქში ჩამოსულ მოხეტიალე თეატრს აედევნენ. იმ დღიდან დაიწყო ემიმ სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. მღეროდა და თამაშობდა ყველაფერს: შანსონებს, ხალხურ სიმღერებს, ოპერეტებს, ოპერებს, კაბარეს, დრამატულ პიესებს, მათ შორის - მამაკაცის როლებსაც. 1906 წელს კი, როცა მისი ქმარი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა და მისი ორი წლის ბიჭუნაც გარდაიცვალა, ემიმ ახალშობილი გოგონა თითქმის ფეხით ჩაუყვანა დედას და თამაშის ჟინით შეპყრობილმა თეატრალურ დასებთან ერთად მოგზაურობა დაიწყო. მის მარშუტში გერმანული ქალაქების გარდა ოდესა, მოსკოვი და ბუდაპეშტიც მოხვდა. ორწლიანი ხეტიალის შემდეგ, ემი ჰენინგსი ბერლინისა და მიუნხენის სახელოვნებო წრეებში გამოჩნდა. დაუმეგობრდა ახალგაზრდა ექსპრესიონისტ პოეტებს, გამოდიოდა შანსონიედ ბერლინის ხელოვანთა Café des Westens - ში და მიუნხენის კაბარე Simplizissimus -ში, წერდა ახალდაარსებულ სახელოვნებო ჟურნალებში, მონაწილეობას იღებდა გამოფენებსა და პოეზიის საღამოებში, მღეროდა ქუჩაში და პასპორტის განზრახ გაყალბებისთვის ციხეშიც მოხვდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებას ემი ჰენინგსი ნაკლები პატრიოტიზმითა და აღფრთოვანებით შეხვდა და ასევე განხიბლულ ჰუგო ბალთან ერთად დატოვა ეგზალტირებული მიუნხენი და თავშესაფრის საძებნელად შვეიცარიას მიაშურა. მაგრამ შვეიცარია, რომელიც მათ “მშვიდობის კუნძულად” ესახებოდათ, სულაც არ იყო ელ დორადო. ჰენინგსი და ბალი აქ საეჭვო უცხოელების სტატუსით აღმოჩნდნენ, უფულოდ და მუდმივი გასახლების მოლოდინში. ვიწრო ქუჩების ცხოვრებითა და ფეხით სიარულით ქანცგაწყვეტილი ემი - თავის გატანაში გაწაფული, გამხდარი, მისტიკური, თეატრალური, სასაცილო, გულუბრყვილო, უავტორიტეტო, გულთბილი, ფამ ფატალი და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, 1916 წელს კაბარე “ვოლტერის” სულისჩამდგმელი გახდა ჰუგო ბალთან, ჰანს არპთან, ტრისტან ცარასთას, მარსელ იანკოსა და რიხარდ ჰუელესენბეკთან ერთად. კაბარე ვოლტერი ექსპერიმენტულ ფორუმად იქცა დადაისტებისა და ხელოვნების ყველა მიმდინარეობისათვის, მათ შორის ომით დაზარალებული ქვეყნებიდან გამოქცეული ხელოვანებისათვის. ემი და ჰუგო 1920 წელს დაქორწინდნენ, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩამოშორდნენ დადაისტებს.

ემი ჰენინგსის მოუსვენარი ცხოვრება ათასნაირი როლისა და კოსტიუმის მოსინჯვაში გავიდა. ის იყო მოცეკვავე, მსახიობი, პოეტი, წიგნების ავტორი, ნარკომანი, სიტუაციური მეძავი, მრავალი ხელოვანის საყვარელი, დადას დაბადების ხელშემწყობი და ბოლოს, თავისი ქმრის, ჰუგო ბალის გვერდით -მისტიკოსი კათოლიკეც. თუმცა კი, მის შესახებ მუდამ ამბობდნენ, რომ საკუთარი თავის ძიებას არასდროს წყვეტდა და რომ ყველა როლი, რაც მოსინჯა, ტანსაცმლის მოზომებას ჰგავდა, როცა ცდილობ, საკუთარი სარგო იპოვო. და ემი ჰენინგსმა დიდხანს მართლაც არ იცოდა, ზუსტად რომელი “ტანსაცმელი” ერგებოდა. როგორც მოგვიანებით მისი და ჰუგოს მეგობარი ჰერმან ჰესე აღნიშნავდა, ემი მარადიულ ბავშვად დარჩა. ცხოვრება მისთვის ერთი დიდი სათამაშო მოედანი იყო, სადაც გაზრდა ვერ მოახერხა. ის ყველგან ასწრებდა ყოფნას სახლის გარდა. გარბოდა ერთი სადგურიდან მეორეში, მოგზაურობდა მთელ გერმანიაში როგორც მოყვარული მსახიობი, შემდეგ აღმოჩნდა ციურიხში და ბოლოს ტესინში. გარბოდა საკუთარი თავიდან და მოუსვენრად ეძებდა მას. და როგორც თვითონ ამბობდა, არასდროს სტოვებდა დაკარგულობისა და მარტოობის განცდა ამ უკიდეგანო სამყაროში. მისი ლექსებში მუდმივად მეორდება სიზმრის, თრობის, სიკვდილის, მარტოობისა და მიუსაფრობის თემები. მისი რითმები მარტივია, არც სახეებია განსაკუთრებულად გამორჩეული, მაგრამ მკითხველზე მაინც იმ ჯადოსნური სიმძაფრით ზემოქმედებენ, რითაც თავის დროზე კაბარე "ვოლტერის" წარმოდგენები იპყრობდნენ მნახველს. თუმცა კი, აქვე იმასაც შევნიშნავთ, რომ ემი ჰენინგსის ლექსებში ნაკლები დოზით შევხდებით დადას. კაბარე "ვოლტერის" მსახიობობა კიდევ ერთი როლიიყო მისთვის და ისიც საკმაოდ ხანმოკლე, სადაც საკუთარი თავი ასევე ვერ იპოვა. “დადაიზმის მიმართ სრული ზიზღი გამიჩნდა, იმდენად  ბევრი იყო აღფრთოვანებული მისით” - ამბობს ერთ ჩანაწერში.

მკითხველში კი გაკვირვებას იწვევს, რომ ქალი, რომელმაც ასე არატრადიციულად იცხოვრა, ასეთ მოქნილ, გამჭვირვალე და შემართულ ლექსებს წერდა. მისი ლექსების პირველი კრებული “უკანასკნელი სიხარული” 1913 წელს გამოვიდა. კრიტიკოსთა შეფასებით, ძალიან სუსტი ლექსებით. 1919 წელს კი ბერლინში გამოიცა მისი რომანი “საპატიმრო”, რომელიც ავტობიოგრაფიულ ამბებზე იყო აგებული, კერძოდ, მასში ასახულია ემის პატიმრობის დეტალები მიუნხენის ციხეში, სადაც 1912 წელს ექვსი კვირა გაატარა პასპორტის გაყალბების ბრალდებით. რომანს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გადაჭარბებულად დადებითიც კი. პირველად ხდებოდა, როდესაც ქალი ავტორი აშკარად საუბრობდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ლიტერატურულ ნაწარმოებში. თხრობის სტილი რადიკალური იყო: შთაბეჭდილებები, განწყობები, სიტუაციები, პატიმართა ცხოვრების ამბები, ექსპრესიონისტული სიმკვეთრით იყო აღწერილი. თავისუფლების დაკარგვის გრძნობა, რომელიც სასოწარკვეთაში გაგდებს, უსასოო მრისხანება, მარტოობა და ციხის ცხოვრების უღიმღამობა - ამ ყველაფერზე ავტორი სრულიად ღიად ლაპარაკობდა. ის რომ ემი ჰენინგსს თავისი ნაზი ბავშვურობითა და მიმნდობი ბუნებით ადამიანთა სათავისოდ განწყობა და მოხიბვლა შეეძლო, ამას მკითხველი რომანის დაწყებისასვე გრძნობს. ემი თავბრუს ახვევდა მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანულ ბოჰემას ბერლინსა და მიუნხენში. მის საყვარლებს შორის იყვნენ იოჰანეს ბეხერი, იაკობ ფონ ჰოდისი, ერიხ მიუჰზამი და გეორგ ჰაიმი. მაგრამ მის ლექსებში კვალსაც ვერ ნახავთ მათ შესახებ. ლექსებში ის ნაზი, მგრძნობიარე, სევდიანი, სიკვდილის აჩრდილით დაღდასმული გოგონაა.  ცხოვრების წესად თავისუფლებისკენ შეუპოვარი სწრაფვა, ხოლო ლექსებში ფორმალური სიმკაცრის დაცვა - უცნაურად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. საერთოდაც, ემი ჰენინგსის პერსონა არ ემთხვეოდა არაფერს. 

            “ჩემი სიტყვები მე სულ არ მგვანან, 

            ნეტავ შემეძლოს ჩუმად დარჩენა! 

            მაგრამ სიცრუით, სწორედ ამგვარად,

            მინდა რომ მათი გარსი გაჩვენოთ. 

            მოჩქეფს ტყუილის წმინდა ტალღები,

            სიმღერა, ჩემივ სისხლით ნაკვები...

როლი კი, რომელიც მან ბოლოს მართლაც გაითავისა, მისტიკურ კათოლიციზმში იპოვა, რაც ჰუგო ბალის დახმარებით აღმოაჩინა. აქ ის თავს მონანიე მარია მაგდალინელად წარმოიდგენდა, რწმენაში რომ ჰპოვა ხსნა. 1927 წლიდან, ჰუგო ბალის სიკვდილის შემდეგ, ემი ჰენინგსმა ქმრის შემოქმედებაზე ზრუნვა და მისი ნამუშევრების გამომცემა დაიწყო. დაწერა და გამოსცა ავტობიოგრაფიულ მოგონებათა ორი ტომი თავისი და ჰუგოს ცხოვრების შესახებ. სიღარიბე კი მისი ცხოვრებიდან არსად გამქრალა. ჰუგოს შემდეგ მწირი ფინანსებით გაჰქონდა თავი. 

ემი ჰენინგსი 1948 წელს, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალეს შვეიცარიაში, გენტილინოს სანტ აბონდიოს სასაფლაოზე, ქმრის გვერდით. 

გამოქვეყნებულია: ჟურნალი "არილი" , 2016 წლის დეკემბერი.


Scroll to Top
Scroll to Top