COVID 19
მე და პლანეტა რისკის ჯგუფში ვართ,
რა ხანია მაქვს გულის კორონალური სენი,
დედამიწა კი მოხუცდა
და ღერძზე ჭრიალებს.
ის მეუბნება: დავიბანოთ ხელები ხშირად,
მე ვეუბნები: დავიბანოთ და დავიცვათ დისტანცია,
სანამ თავად კორონას არ დაუბანია ხელები ჩვენზე,
როგორც იმ ხელებგადაჭდობილ ევროპაში.
ჩაიკეტე , თუ გინდა, სახლში.
მატყუარაა სიმარტოვე.
ვისზე ფიქრიც გამოიღება,
ყველა აქა გყავს
და რომ შფოთავ, არ დავმართოთ სიკვდილი ერთურთს,
გახსენდება: ისინი უკვე გაღმა არიან,
სამუდამოდ დაცულები კორონასაგან.
გამოღმელებს გვენატრება ისტორიის უღრანებიდან
აბღავლებული დინოზავრები.
ზარს დაგვცემდნენ და გამოვრბოდით თავპირისმტვრევით,
ეგ კი... უხმო... და უჩინარი... და ყველგანმყოფი...
ის მეუბნება: დაიბანე ხელები სხვებზე.
მე ვეუბნები: თუ გადაგირჩი, ვინ ვიქნები?..
- ზეინაბ სარია. 2020.