Nogoobye!

Nogoobye

მაგიდაზე დასადგამი პატარა შავი დაფა, თეთრი ცარცის ფანქრით, მარიელმა მოიტანა სამსახურიდან. ალბათ სამსახურიდან, მარიელი ხომ რომელიღაც მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობს, სადაც ჭრელ-ჭრელი აქციებიდან ზედმეტი ნივთები მუდამ რჩება. კალენდრებიც მოაქვს ხოლმე, ჩანაწერების ბლოკნოტებიც, მარკერებიც, საკანცელარიო ხარახურა, ერთი სიტყვით. ამიტომ ვვარაუდობ, ეს დაფაც იქიდან იქნება. კი შემიძლია, ვკითხო, მაგრამ თავიდანვე ისე ბუნებრივად მივაწერე იმ აქციებს, კითხვა აღარ გამჩენია. არადა შეიძლება სულაც ბებომ მისცა, ან დაქალმა, მაგრამ ჩვენ ხომ რაღაცებზე საკუთარი აზრის შექმნა ვიცით და მერე ჩვენსავე გამოგონილ ამბავს მივყვებით. თანაც, დაფის წარმომავლობის გარკვევას რა აზრი აქვს, თუკი თავად დაფა არაფერს აშავებს? აკი ადამიანებით დაინტერესებასაც მაშინ ვიწყებთ, როცა ისინი რამე მნიშვნელოვანს მოიმოქმედებენ.

იდგა დაფა სასადილო ოთახის მაგიდაზე, იტევდა ჩვენს ყოველდღიურ სურვილებს, შენიშვნებს, ხანდახან დიალოგებს, ხანდახან ნახატებსაც, მაგალითად, რუკის სახით და ძირითადად, არდადეგებისას, სადაც ჩვენი სახლის ოთხივე მდგმურის ადგილსამყოფელი იყო მითითებული. რუკის ხატვა განსაკუთრებით მარიელს გამოსდიოდა კარგად, ამ პაწაწინა დაფაზე ევროპა-აზიის კონტურებსაც კი აგვირისტებდა, არათუ მხოლოდ გერმანიის მიწებისას, სადაც არდადეგების დროს ქერის მარცვლებივით ვიფანტებოდით. 

ტერეზა ინგლისურ ფრაზებს გვიწერდა სხვადასხვა პოპსიმღერების ტექსტებიდან. კაროლს შეგონებების წერა უყვარდა, დაახლოებით ამგვარის: „რაც უფრო გახსნილია შენი გული, მით უფრო ფართოა შენი გზა“... ჩემდა წილად, უმეტესად, ქართულენოვანი წარწერები მოდიოდა. ეს იმათი სახელები იყო, ყოველწამიერად რომ მენატრებოდნენ: „დაჩი“, „ნანა“, „სანდრო“, „დედა“. ხანაც მონატრებულ მეგობართა ერთიან სიას ვაკეთებდი, ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, დედაჩემი რომ ლოცვაში მოსახსენებელს ჩამოწერდა და ეკლესიაში მიჰქონდა.

ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის ნაწერ-ნახატებს უკითხავად ვშლიდით და ახალ ინფორმაციას ვტოვებდით, მაგრამ ჩემი მეზობლები განსაკუთრებით ფაქიზად ეკიდებოდნენ ჩემს ქართულ ჩანაწერებს და ვიდრე წაშლიდნენ, ჯერ თანხმობას იღებდნენ. ერთხელ მკითხეს, ეს სიტყვები რას ნიშნავსო და მეც გავამხილე, საყვარელი ადამიანების სახელებია, განსაკუთრებული არაფერი-მეთქი, მაგრამ სწორედ ამან იმოქმედა მგონი, აბა, სად სიმღერის ტექსტი და სად დედა, რომელიც, რა დასამალია და, სამივეს თავისებურად ენატრებოდა.

როგორ ვთქვა, რომ კონკრეტულად დაფამ დააშავა რამე? დაფა ხომ მუდამ თვითონაა ძალადობის მსხვერპლი, ქვევრივით, რასაც ჩასძახებ, უხარია თუ არა, ის უნდა ამოიძახოს, მაგრამ თანაცხოვრების წელიწად-ნახევრის თავზე აშკარა შოკი სწორედაც რომ დაფამ მოგვგვარა, კერძოდ კი, იმ მინიმალისტურმა წარწერამ, ერთ დღეს მასზე რომ გაჩნდა: Nogoobye.

ის დღე არც მშვენიერი იყო და არც ჩვეულებრივი, არამედ – დაძაბული. კაროლი ჩვენგან გადადიოდა.

დილიდან იყო კიბეებზე ასვლა-ჩასვლა, ნივთების ჩატან-ამოტანა (ნახევარი ბარგი სარდაფში ჰქონდა), ფილიპთან გადაძახილ-გადმოძახილი, ბრახუნი, ბრაგუნი, კარის ჯახუნი და შიგადაშიგ წამოკივლებაც.

კაროლმა ცენტრთან ახლოს ერთოთახიანი ბინა იქირავა. ეს იყო ორთვიანი, გაწელილი პროცესი, რომელიც იმ დღეს ოფიციალური ბარგის გადატანით დასრულდა. ბინის შეცვლის იდეა ზამთრის პირას დაიბადა, სიცივესავით ნელ-ნელა შემოიპარა და მიზეზიც სიცივე იყო. სიცივე და ველოსიპედი, რასაც თან ერთვოდა კაროლის უფულობა, უფულობას – სამგზავრო ბილეთის უქონლობა, უჟმური ხასიათი და ცრემლები. ის რაც გაზაფხულ-ზაფხულის მზიან დღეებში სახალისოა, წვიმა-ყინვაში შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს. ეს ეხება ველოსიპედით მგზავრობასაც, როცა კილომეტრები გაქვს ყოველდღე გასავლელი, თანაც – ღამის საათებში. სამსახურიდან შუაღამისას დაბრუნებული, გალუმპული კაროლი ქურთუკის გაშრობას ვეღარ ახერხებდა, მეორე დილისთვის რომ ჩაეცვა. 

ღამის 11-ზე, თქეშში, ორჯერ გაბედა და ველოსიპედით ავიდა მატარებელში, იმ იმედით, ღამის საათებში კონტროლიორი არ იქნებაო, მაგრამ გაჭირვებულს ხომ ქვა აღმართში ეწევა და – ორივეჯერ დააჯარიმეს. კაროლს ახლა უკვე 80 ევრო ჰქონდა გადასახდელი, სწორედაც ერთი ახალი ქურთუკის ფასი, გამოსაცვლელად რომ უჭირდა. კრიზისი სექტემბერში დაიწყო, როცა მის სტუდენტურ ბარათს ვადა გაუვიდა, ან შეიძლება უფრო ადრეც, როცა საერთოდ უარი თქვა საუნივერსიტეტო განათლებაზე და გადაწყვიტა, შიგონთერაპიის კურსები გაევლო. უნივერსიტეტმა კაროლს იმედები გაუცრუა, როგორც ამბობდა, „იმას არ ასწავლიდნენ, რაც სიმართლე იყო“. აი, ეზოთერული სწავლება კი სამყაროს განჭვრეტას და მასთან ჰარმონიაში ყოფნას სთავაზობდა.

ჩემს მეგობარ პასკალს კაროლის ეზოთერული სწრაფვანი სიცილად არ ჰყოფნიდა: ეზოთერიკით გერმანელი ქალები სიბერეში ინტერესდებიან და ამას თავისებური გამართლება აქვსო, ამბობდა, როგორი გულუბრყვილოა, ეს ბავშვი, როგორი ჩერჩეტი, არადა, ბავშვიც აღარ ეთქმის, 18 წლის ხომ აღარ არის? – იქნევდა თავს. 

ჩემთვის შიგონთერაპიის კაბინეტი და ამით ნაჭამი პური ცოტა გაუგებარი იყო და შესაბამისად, საეჭვოც, მე ხომ იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ჯერ დიპლომიანის ცხოვრება რა არის და ახლა უდიპლომოსი? „რა უნდა გააკეთო, შვილო, ამ შიგონით, განათლება მიიღე, რომ ნორმალური სამსახური გქონდეს, რას მჩხიბაობ, რას მკითხაობ?“ – ვფიქრობდი ჩემთვის ქართულად, მაგრამ ხმამაღლა რა მათქმევინებდა, ის კი არადა, პასკალსაც ვეკამათებოდი, აკი ადამიანს რაც აინტერესებს, ის უნდა აკეთოს, სულ ამას არ მიმეორებ-მეთქი? – რასაკვირველიაო, – მეთანხმებოდა პასკალი, მაგრამ ეგ შენი კაროლი ძალიან გულუბრყვილოა, ძალიანო და, მართალია, ჩემს ქვეყანაში გულუბრყვილობა დადებით თვისებად მიგვაჩნია, პასკალის შეფასებამ მაინც გული ჩამითუთქა, როგორც ჩემი ბებიდა თამარა იტყოდა. თანაც, აშკარა იყო, რომ შიგონთერაპიის კაბინეტამდე მისასვლელ გზაზე ჯერჯერობით წვიმა, უფულობა და უბილეთობა იდგნენ.

– უნდა წავიდე, – მითხრა ერთ საღამოს, ქურთუკს გათბობის რადიატორზე რომ აფენდა, – ვერ ვხვდები, რას ვაკეთებ არასწორად, მხოლოდ ზარალი მაქვს, არავითარი წინსვლა.

– და რა უნდა ქნა? – უილაჯოდ ვკითხე.

ფინანსური კრიზისი ხომ მარტო არასდროს მოდის, მოქეიფე ბიჭივით, ძმაკაცებიც თუ არ მოლალა. აი, ჩემ წინ იჯდა საკუთარ ძალებში დაეჭვებული, დამფრთხალი, თვალებში შიშჩამდგარი გოგო და მისი შიში ნელ-ნელა მეც მედებოდა და ხელ-ფეხს მიყინავდა.

– სამსახურთან ახლოს უნდა მოვძებნო საერთო საცხოვრებელი, ან შეიძლება ერთოთახიანი რამეც იყოს, ბილეთის საყიდელი ფული რომც მქონდეს, რატომ უნდა გადავიხადო თვეში 113 ევრო? რა სიგიჟეა!

– და იქით ბინის ფასი უფრო მაღალი არ იქნება? ჩვენ აქ ქალაქგარეთ ვართ და მაინც ნახე, რა ძვირს ვიხდით.

 – მოძებნა უნდა, – შეფიქრიანებული ჩანდა ისიც, – ყველგან შეიძლება ყველაფრის პოვნა. კარტოფილსაც კი სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა ფასი აქვს, შენ რა გგონია, რასაც ჩვენ ვიხდით, ეს სტანდარტია? უნდა ვიპოვო რამე, აქ ვეღარ დავრჩები.

ლამის ცრემლი მომერია...

– ყოველ საღამოს ასე ვეღარ ვისაუბებთ? ვის მოვუყვე ჩემი დარდები, ვინ მანუგეშებს, ვინ დამეხმარება ამუცნობ და უსაშველოდ დიდ სამყაროში? როგორ გამიჭირდება უშენოდ! – ამომსკდა და შემრცხვა: გოგო კვირიდან კვირამდე ზოგჯერ მარტო მოხარშულ ოსპს ჭამდა და მე აქ ჭორაობაში მომაკლდები-მეთქი, – ვსაყვედურობდი. 

ოსპის ყვითელი მარცვლები ჩემთვის ისეთი არქაული ხსოვნა იყო, ლამის მცხეთის მაშენებლებთან რომ ჩავყავდი და მისი არსებობა ლიტერატურული ტექსტების კითხვისას თუ გაიშრიალებდა ხოლმე მეხსიერების ფოლიანტებში. ოსპი საქართველოში ოდესღაც ნამდვილად იყო, ოღონდ ოდესღაც, მაგრამ არა ახლა, არც ჩემს ბავშვობაში, არც დედაჩემის ბავშვობაში. აი, მრავალფეროვან ევროპულ ბაზარს კი, როგორც ჩანს, შემოუნახავს უძველესი ტრადიცია ოსპის, მუხუდოს, ჭვავის, ასლის... ხოლო ჩემსა და საუკუნოვან ტრადიციებს შორის მედიუმი იყო კაროლი. არც მეტი და არც ნაკლები – ეზოთერულად განწყობილი კაროლი, თავად სამყაროს ჭიშკარი, ჰარმონია და ჭვრეტა...

კაროლი წავიდა, წაიღო თავისი ბარგი-ბარხანა, ისე, რომ ნაგავიც კი არ დაუტოვებია, ასეთ შემთხვევებში რომ ხდება ხოლმე. მხოლოდ სამზარეულოს მაგიდაზე დარჩა წარწერა:  Nogoobye , რომელიც მარიელმა საღამოსღა აღმოაჩინა და WhatsApp – ის საერთო კედელი კივილით აიკლო: „კაროოოლ, ეს რას ნიშნავს???“ რაზეც კაროლის პასუხი იყო: „რა?“

მარიელმა მაშინვე გადაუღო ფოტო წარწერიან დაფას, როგორც ნივთმტკიცებას და თან დიდაქტიკური კითხვაც მოაყოლა: „სულ ეს არის შენი დონე?“ რასაც უკვე კაროლის მხრიდან მოჰყვა შეცხადება: „ეს რა არის? ვინ დაწერა ეს?“

„მეც ზუსტად ამას ვკითხულობ, კაროლ, გულახდილად გეტყვი, ამ წარწერამ თავზარი დამცა, ამას შენგან არ მოველოდი!“ – მარიელი, მართლაც, ძალიან იყო აღშფოთებული.

„ეს მე არ დამიწერია!“ – მოვიდა პასუხად.

„მაშინ შენმა მეგობარმა დაწერა. მაგრამ შენ შეგეძლო, სულ მცირე, წაგეშალა მაინც!“

„რა შუაშია ფილიპი?“ – ახლა კაროლის გაბრაზების ჯერი დადგა.

არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ, ტყუილად რად მდებთ ბრალსაო? –გულამომჯდარი ბეკეკა დამიდგა თვალწინ.

„შენი მოყვარე ხომ იყო“... – აგრძელებდა სამსჯავროს მარიელი, – „რომელმა დაწერეთ, სულერთია, მე კი სულმთლად წამიხდა შენზე შთაბეჭდილება, ძალიან დამწყვიტე გული, ძალიან!“ – ბოლომდე ამობერტყა ხურჯინი.

ტერეზა დიალოგში არ ჩარეულა, იმ საღამოს მე უკვე ბერლინში ვიყავი და შეკითხვას შეკითხვაზე ვგზავნიდი: „რა მოხდა? რა გჭირთ? ვინ დაწერა? როდის ნახეთ?“  ხან მარიელს ვწერდი პირადად: „იქნებ ტერეზამ დაწერა?“  ხან კაროლს ვეკითხებოდი: „ფილიპი რას ამბობს?“

„კარგი რა, ბელა, ყველაფერი ისედაც ცხადია!“ – დახლოებით ერთნაირად მიპასუხა ორივემ.

ვფიქრობდი: კაროლს რომ დაეწერა, თავისსავე სიტყვაზე პასუხსაც აგებდა, ხომ ვიცნობ? მარიელს არ დაუწერია, აშკარაა, ამ სპექტაკლს არ გაითამაშებდა. რჩება ტერეზა და ფილიპი. ორივე თანაბრად გაბრაზებული. ტერეზა – კაროლზე, ფილიპი – მარიელზე და ტერეზაზე ერთად.

ფინანსურმა კრიზისმა არა მხოლოდ კაროლის კვების რაციონი შეცვალა, თვალებიც გაუფართოვა და ისეთი რაღაცების შემჩნევა ასწავლა, რასაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა. ან იქნებ ეს სულაც ოსპის ბრალი იყო?ვინმეს გამოუკვლევია ოპის გავლენა ადამიანის უნარ-თვისებებზე? იქნებ სპაგეტი ან პასტა რომ ეჭამა, ხასიათიც მხიარული შერჩენოდა? აი, იტალიელები რა ხალისიანი ხალხია, იქნებ ხორბალში არის ის ბედნიერების ფერმენტები, რითაც პასტა მზადდება და ოსპში – პირიქით? ოსპით გამაძღარი კაცი უნახავს ვინმეს? აი, პასტით – კი... რა ვიცი, კი გაავდა ეს გვრიტივით გოგო ამ ოსპის ჭამაში და...

- თუ შეიძლება, ჭუჭყიან ტაფას წყლის ნიჟარაში ნუ დატოვებთ! – თქვა ერთ საღამოს. ტაფა ჩემი არ იყო, მაგრამ როცა აქამდე ასეთ რამეს ვხედავდი, ისევე ვრეცხავდი, როგორც ჩემ მიერ ნახმარ სხვა ჭურჭელს. ტაფაზე წყლის გადავლებას რა უნდა, მე შენ გეტყვი, ქონი იყო ზედ დამწვარი, ჰა-ჰა, ვიღაცამ ერთი ცალი ყაბაყი მოხანხლა ზედ, ანდა – ორი ბლინი. 

-ნუ რეცხავ, – ერთხელაც მე შემომწყრა, მორიგ ნასპაგეტარ ქვაბს რომ ვავლებდი წყალს, - დატოვე, რომ ნახონ და მიხვდნენ!

-კარგი რა, ხომ ხედავ, ვერ ხვდებიან? ან ეს ქვაბი რა სათქმელია, თან აგერ ახლა მჭირდება, ბროკოლი უნდა მოვხარშო...

-თუ არ ვასწავლით, ვერც ისწავლიან! – დამმოძღვრა უკმაყოფილოდ.

რა ვიცი, ამ ერთი წლის განმავლობაში ეს ჭუჭყიანი ტაფა-ქვაბები სად იყო? ან ეს თეფშები ტელევიზორის წინ არ იდგა ხოლმე? ან ნაგავი არ გროვდებოდა? ან საშხაპე კაბინაში შამპუნ-ბალზამის ბოთლები არ ეყარა? ფაქტია, კაროლმა შემჩნევა დაიწყო და ჩვენც შეგვამჩნევინა. საღამოობით, როცა ყველა ერთად ვიყრიდით თავს, კაროლი სიტყვით გამოდიოდა: „სამი დღეა „ნუტელას“ ცარიელი ქილა მაგიდაზე დგას. ან გარეცხეთ, ან გადააგდეთ!“ „ნუტელას“ მე არ ვჭამდი, ამიტომ ჩემს საქმეს განვაგრძობდი, კაროლი კი – სიტყვით გამოსვლას: „დერეფანი ნაგავს მიაქვს, იზრუნოს იმან, ვისაც დერეფნის დალაგება ევალება!“ ეს მარიელის სფერო იყო. მარიელი დუმდა. „შუშის ტარა გასატანია. ან ყველამ თავისი ნახმარი ქილა და ბოთლი გადააგდოს, ანდა ვინც ის ბოთლები დააგროვა, მიხედოს!“

ყუთი, სადაც შუშის ტარას ვაგროვებდით, მარიელის დაბადების დღის შემდეგ გადაივსო და უკვე ზემოდან ვაწყობდით პესტო-ჯემის ქილებს. სახლის დალაგების სია რამდენჯერმე შევადგინეთ. კაროლი სააბაზანოზე იყო პასუხისმგებელი, კვირაში ერთხელ კუთხე-კუნჭულამდე ხეხავდა. მე საერთო ოთახსა და სასადილოს ვალაგებდი, მტვერსასრუტით დავუვლიდი, მერე სველი ტილოთი ვწმენდდი, განა ორ ოთახს რა გარჯა სჭირდება? ტერეზას სამზარეულო ებარა, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, სამზარეულოში ტრიალი მიყვარსო. რაკი მტვერსასრუტს და იატაკის ტილოს ხელში ვიღებდი, სამზარეულოსაც ვწმენდდი და ნაგავიც გამქონდა, დიდ შრომას ხომ არც ეს ითხოვდა? ეზოში გვედგა ურნები – გამოკარი პარკი და ჩაუძახე! დერეფანი და კიბე მარიელის პრეროგატივა იყო, რამდენჯერმე კი დავინახე, მტვერსასრუტი რომ ჰქონდა ჩართული, მაგრამ როგორც წესი, დერეფანს ჭუჭყი ჭამდა.

-ზოგ ადამიანს განსხვავებულად ესმის სისუფთავის ცნება, – წამოიწყო ერთხელაც კაროლმა. 

და ტერეზამაც იფეთქა:

-აქ იმიტომ მიხაროდა ყოფნა, რომ თავისუფლად ვიყავი, ჩხუბი და კრიტიკა მამაჩემისგანაც მეყოფა, ნუ მისაფრდები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, შიშით ვეღარ გამოვდივარ ჩემი ოთახიდან!

ტერეზამ იმ თავისი ლივლივა ლურჯი თვალებიდან ღვარად გადმოუშვა ცრემლი.

-გისაფრდები? – არ დაუთმო კაროლმაც, – ტერეზა, შენ საერთოდ არ ფიქრობ ჩვენზე, შენს ნაცვლად ყოველთვის ჩვენ ვალაგებთ, შენ იმაზედაც კი არ ფიქრობ, ან სარეცხი საშუალება იყიდო, ან ტუალეტის ქაღალდი! ძუნწი ხარ!

 ტერეზას მომენტალურად გაუშრა ცრემლი, გულზე ხელი მიიდო და სუნთქვა შეეკრა. ვიფიქრე, სკამიდან გადავარდება-მეთქი, რომ ახალი ძალით წასკდა ქვითინი და თან რაღაცნაირი ხავილი ამოაყოლა: 

-მარიელლლლ, მე ძუნწი ვვვვარ?

დავიბენი. როგორ მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი. ტერეზას ვერ მოვეფერებოდი, მართლა იყო ფეთხუმიც და ძუნწიც, მაგრამ მისი ქვითინის გულგრილად ყურებაც არ შემეძლო. ასეთ დროს ჩვენი ქვეცნობიერი თავისით იწყებს გამოსავლის ძებნას და ჩემმაც მოძებნა: ლამაზი ქალი ხომ ტირილის დროსაც ძალიან ლამაზია? ჰოდა, ვიჯექი და მოქვითინე ტერეზას მშვენიერებით ვტკბებოდი. სხვა ყოველგვარი ემოცია ჩამიქრა, ჩაინავლა. ამასობაში, ჩანს, მარიელის ქვეცნობიერიც გამოფხიზლდა, მას ხომ საკუთარი ღირსება უნდა გადაერჩინა და ტერეზაც დაეცვა! და 20 წლის მარიელმა დიპლომატიას უხმო: 

-კაროლ, ჩვენ პირველად დავტოვეთ ოჯახები და წამოვედით სახლიდან, სადაც ყველაფერს დედა აკეთებდა .რაღაცები არ ვიცით, რაღაცებს ვერ ვხვდებით და თქვენ შეგიძლიათ, გვასწავლოთ.

ქარიშხალი დაცხრა. თმით არავის არავინ უთრევია, არც ჭურჭელი დაულეწავს, არც ფანჯრისთვის უსვრია სკამი. შედგა მორიგეობის ახალი სია, განაწილდა დავალებები, დაანგარიშდა ტერეზას ინტერნეტის დავალიანება (სამი თვე იყო, არ გადაეხადა და ეს ფული კაროლს ეჭრებოდა ანგარიშიდან, რაკი ტელეკომთან ხელშეკრულება მის სახელზე იყო გაფორმებული), მაგრამ პარალელურად შეწყდა კისკისი ტელევიზორის წინ, დიდი ჯამით ბერძნული სალათის კეთება და პიცის შეკვეთა, რაშიც მე ისედაც იშვიათად ვმონაწილეობდი, მაგრამ ამას რომ ვხედავდი, მიხაროდა.

ბინის ძებნის პარალელურად კაროლმა ბარგის ჩალაგებაც დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მას ეკუთვნოდა წყლისმადუღარა, მიქსერი, ქვაბის მოსარევი ხის დიდი კოვზი და დანა-ჩანგალი. სააბაზანოში ჩამოხსნა ტანსაცმლი საკიდი, ჰოლში – სარკე.

– რა არის, კაროლი წასვლას აპირებს? – მკითხა მარიელმა. ცვლილებები უკვე შესამჩნევი იყო.

– კი, ცენტრში ეძებს ბინას, – დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა კი, კაროლი ამბობდა, ვიდრე არგადავალ, ამათ არაფერს ვეტყვიო.

– იმიტომ მიდის, რომ ჩვენი ატანა აღარ აქვს? – მარიელს დამნაშავის სახე ჰქონდა.

– რას ამბობ! – შევიცახდე. და აკი, ასეც იყო, – დაიღალა ველოსიპედით სიარულით, ამ წვიმასა და სიცივეში, სტუდენტის მოწმობა ხომ აღარ აქვს და...

ვიგრძენი, მარიელს სინდისი ცოტა დაუმშვიდდა. მე კი გული მწყდებოდა, მეკუმშებოდა და მიკვნესოდა.

ძალიან მედარდება, რომ მიდიხარ-მეთქი, ვუთხარი. ასეაო, წამსვლელს მიუხარია, დამრჩენს კი გული სწყდება, სადაც არ უნდა მიდიოდე, ასეაო. რატომ, ნუთუ წასვლა, გაქცევა, ასეთი სასიხარულო ამბავია-მეთქი? ალბათ უფრო სიახლის მოლოდინი გვახარებსო. წასვლით ხომ რაღაც ისეთი იწყება, რაც ჯერ არ ვიცით, ეს კი ერთი ნაბიჯით ოცნებასთანაც გვაახლოებსო, – მითხრა, თუმცა კი, დარწმუნებული ვარ, ამაში Nogoobye -ს ნამდვილად არ გულისხმობდა. ნეგატიური კონოტაციის მატარებელი სიტყვები, თუნდაც ძლიერი ემოციით გამოწვეული, კაროლის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა.

ტერეზა დამრჩენი იყო, მაგრამ მისი წასვლა აშკარად უნდა გახარებოდა, ბოლო დროს ერთმანეთს აღარც კი ესალმებოდნენ. შესაძლოა, გულში კიდეც ფიქრობდა: Nogoobye – კისერიც გიტეხია, მაგრამ აღზრდა არ მისცემდა უფლებას, ეს დაეწერა. აკი ტერეზა ეტიკეტს მუდამ იცავდა? – ფასადური ქალიაო – ეს ხომ თავად კაროლის შეფასება იყო.

მარიელი ცდილობდა, კაროლზე წყენა გულში არ ჩაედო, თუმცა კი მისი წასვლა ახალი მეზობელის მოსვლას რომ გულისხმობდა, ესეც ცხადი იყო და ცნობისმოყვარე მარიელს სწორედ ეს სიახლე ახარებდა, ახალი კისკისი და ახალი ემოციები. თუმცა კი Nogoobye კეთილი და უწყინარი მარიელისთვის მეტისმეტად უხეში სიტყვა იყო დასაწერადაც, წარმოსათქმელადაც.

Nogoobye სავარაუდოდ, ფილიპმა დაწერა, თამაშით და ერთგვარი დაცინვითაც, აქაოდა ქალი მიმყავსო, ჩვენს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო, რაც გინდათ, ის გიქნიათ, დაგიჭამიათ ერთმანეთიო, მაგრამ რეალურად, ეს ჩემი სიტყვა იყო, ჩემი ემოცია, კაროლის წასვლით ყველაზე უფრო მე ვიყავი გაავებული და რაღაცნაირად, გულგატეხილი. Nogoobye! – არ დაგემშვიდობები, არც გზას დაგილოცავ და არც კეთილ მომავალს გისურვებ! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საახალწლო ნატვრა არ შემისრულეს, ანდა უარესი, იმ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების ჩამოსატანად სხვენში ამიტყუეს და მერე კიბე გამომაცალეს. ახლა კი ატირებული ვიყურებოდი ზემოდან და აღარ ვიცოდი, რომლის უფრო შემშინებოდა: სიმაღლის თუ იქ, მაღლა მარტო დარჩენის.


Scroll to Top
Scroll to Top