![](images/d7df0ee6048e13f5aeb8d8c3365d0066Beso Solomanashvili´s Photograph.jpg)
Beso Solomanashvili´s Photograph
ფრენების აკრძალვამ
ყველაზე მეტად
ისინი აზარალა,
ვინც არასდროს მჯდარა თვითმფრინავში,
ვინც არსად გაფრენილა.
ფრენების აკრძალვამ
მათ ფანჯრებში გააქრო თვითმფრინავები
და გააუქმა ღამეული რეისები
ოთახიდან ცამდე:
ჩემოდნის ჩალაგება,
გულის საამო აჩქროლება,
აეროპორტის მაგიური გასასვლელები,
ადგილი ილუმინატორთან...
მერე თვალების დახუჭვა
და მიწიანი ფეხისგულებით
ღრუბლის ველზე გადაბიჯება...
ეს ფრენა მუდამ პირველია,
ოცნების ყველა მომდევნო ჯერზე,
და ცალმხრივი.
უფრო მეტი ფრენებისთვის
ცა უნდა იყოს უჩარჩოო,
უჰორიზონტო,
მეტზე ოცნებას არ ყოფნის ეს ცა,
სულ ორიოდე კვადრატული მეტრი,
იმდენი, რასაც
ოთახის ვიწრო ფანჯრები იტევს.
- ირმა ბერიძე