Blumen
sind
die Liebesgedanken
der Natur
ყვავილები
სასიყვარულო ფიქრებია
დედაბუნების
- წერდა ბეტინა ფონ არნიმი მე-19 საუკუნეში.
მას გერმანული ლიტერატურის ისტორია რომანტიზმის მნიშვნელოვან წარმომადგენელს უწოდებს. თუმცა კი, მწერლობასთან ერთად, არანაკლებ საინტერესო იყო მისი სამოქალაქო აქტიურობა და პიროვნული თავისუფლება.
უცნაური ქალი იყო ბეტინა ფონ არნიმი. ის წერდა და საუბრობდა უფრო თამამად, ვიდრე იმ დროს მამაკაცები ბედავდნენ. წერდა ადამიანთა უფლებებზე, ღარიბთა გაჭირვებაზე, ებრაელთა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე. ლიტერატურას უთავსებდა საზოგადოებრივ თემებს, საზოგადოებრივ თემებს აკავშირებდა პოლიტიკასთან და ეს ყველაფერი თავს იყრიდა მის ლიტერატურულ სალონში ბერლინში. მას ერთნაირად აინტერესებდა ფეიქრების აფანყების საკითხი, ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკა და ლიტერატურა.
მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი ის დრო იყო, როცა ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში არც ერეოდნენ. ითვლებოდა, რომ ქალს საკუთარ აზრი არ უნდა გამოეხატა, მას უნდა მხოლოდ მოესმინა და თანაგრძნობა გამოეხატა. და როცა ბეტინა ფონ არმინზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ის იყო ქალი, რომელიც „ყველა საგანს თავის სახელს არქმევდა“.
იგი თავისი სახელოვანი ძმის კლემენს ბრენტანოს გვერდით გაიზარდა და ცოლადაც მის მეგობარ პოეტს ახიმ ფონ არნიმს გაჰყვა. მის ბავშვობაზე საუბრისას აღნიშნავენ ხოლმე, სტუმრებს გოგონა ხან ხის კენწეროზე შემომჯდარი ხვდებოდათ, ხან სადღაც კარადის თავზე, ნორმალურად დამჯდარი სავარძელზეც კი არ უნახავთ, ან საზურგეზე იჯდა, ან სახელურზეო. და-ძმამ პატარა ბეტინას „კობოლდი“ (სახლის მფარველი სული) შეარქვა, თუმცა, საზოგადოებამ ეს სახელი მოგვიანებით კიდევ არაერთხელ გაიმეორა.
მამამისს, თავადური წარმოშობის მდიდარ იტალიელ ვაჭარს პეტერ ანტონ ბრენტანოს, სულ ოცი შვილი ჰყავდა, სამი სხვადასხვა ქორწინებიდან. ბეტინა და კლემენსი (და კიდევ 6 სხვა) მეორე ცოლისგან შეეძინა, რომლებიც, დედის სიკვდილის შემდეგ, გარკვეული ხანი ბებიასთან, მაშინ უკვე ცნობილ მწერალთან სოფი ლა როშთან ცხოვრობდნენ (სოფი ლაროშმა არა მხოლოდ რომანებით გაითქვა სახელი, არამედ ქალთა პირველი ჟურნალის გამოცემით. მასთან ოფენბახის სალონში თავს იყრიდნენ მოაზროვნენი და ლიტერატურით დაინტერესებულნი). სწორედ ბებიისგან გაიცნო ბეტინამ უკვე სახელოვანი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე. თუმცა კი, მანამდე, ჯერ გოეთეს დედასთან დამეგობრდა (ორივე ფრანკფურტში ცხოვრობდა). „დედა აიას“, როგორც მას ეძახდნენ და ნორჩ ბეტინას შორის, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძალიან ახლო მეგობრობა დამყარდა, მათ ხომ ერთი საერთო ვარსკვლავი ჰყავდათ - სახელად იოჰან ვოლფგანგი. და როცა ვაიმარში, ბებიასთან ერთად სტუმრობისას, მან გოეთე პირადად გაიცნო, ფაქტობრივად უკვე შეყვარებული იყო გენიოს პოეტზე.
მათ შორის საინტერესო მიმოწერა დაიწყო. წერილის ბოლოს ბეტინა სახელთან ერთად მიაწერდა ხოლმე : „შენი ბავშვი“. წერილებში ის თავს წარმოიდგენდა პოეტის მუზად და საყვარლად. გოეთეს კი ელინისტური ხანის ტიტანად და საოცნებო შეყვარებულად წარმოსახავდა , რომელსაც ეტრფოდა პატარა ნიმფა...
გოეთეს ცოტა არ იყოს აცბუნებდა ახალგაზრდა ქალის მიმართება, თუმცა, კი გრძნობდა, რომ ეს იყო იდეალური პიროვნების ძებნა, რომელიც აერთიანებდა იდეალური პოეტის და იდეალური სიყვარულის ფენომენს.
თუმცა კი, იდეალური ურთიერთობის გვერდით ცნობილია ბეტინას სკანდალი გოეთეს ცოლთან, როცა მხატვარ ოიჰან ჰაინრიხ მაიერის გამოფენაზე (რომელსაც გოეთე მფარველობდა), ბეტინამ მხატვარზე მწარედ იხუმრა, ქრისტიანე ფონ გოეთემ კი მას სათვალის ზემოდან გადმოხედა, ბეტინამ ქალს „უჭკუო ძეხვი“ უწოდა. იმ დროს ბეტინა ბრენტანო უკვე ახიმ ფონ არნიმის ცოლი იყო. გოეთემ წყვილს მოსთხოვა, იქაურობა დაეტოვებინათ და მათთან კავშირი აღარასდროს აღუდგენია.
ბეტინა ფონ არნიმი უკვე 50 წლის იყო, გოეთე კი სამი წლის გარდაცვლილი, როცა მან გენიოს მწერალთან მიმოწერა მხატვრულად გადაამუშავა და წიგადნ გამოსცა, სათაურით : „გოეთეს მიმოწერა ბავშვთან“, რომლსაც ეპისტოლარული რომანის ფორმა აქვს, სადაც ბევრი რამ რეალურია, ბევრი კი - გამონაგონი. რომანმა დიდი დაინტერესება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ბეტინა ფონ არნიმი არ იყო ჩვეულებრივი ქალი - არც წერაში და არც ქმედებაში. ახიმ ფონ არნიმთან მას შვიდი შვილი ჰყავდა. ქმარი თავის მამულში, ვიპერსდროფის სასახლეში ცხოვრობდა, იქ წერდა და მეურნეობას უძღვებოდა, ბეტინა კი ბერლინში იყო, სადაც ლიტერატურული სალონი და თავისი სამოქმედო სივრცე ჰქონდა. ერთმანეთისადმი მიწერილი წერილები ორ ტომად არის გამოცემული.
ახიმ ფონ არნიმი მოულოდნელად გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ ბეტინამ შეკრიბა და გამოსცა ქმრის ნაწერები, რომელიც გერმანული რომანტიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია კლემენს ბრენტანოსა და იოზეფ ფონ აიხენდორფის გვერდით.
ზუსტად იმ წელს, როცა ქმარი გარდაეცვალა, ბერლინში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. და როცა შეძლებული საზოგადოება მასობრივად ტოვებდნენ ქალაქს, ბეტინა ვონ არნიმი ღარიბებისთვის შემოწირულობას აგროვებდა და დაავადებულებთან პირადად მიჰქონდა საკვები და თბილი სამოსი.
როცა პრუსიის ტახტზე ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხე ავიდა, ამ ფაქტის საპასუხოდ მან დაწერა წიგნი - ერთგვარი სოციალური რეპორტაჟი: „ეს წიგნი ეკუთვნის მეფეს“. მწერალი ქალი მეფეს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე უყვებოდა და შეახსენებდა, ქვეყნის ბრწყინვალებას არა მხოლოდ დიდებული ნაგებობები წარმოაჩენენ, ხალხის კეთიდღეობაცო. თხობისას იგი ფაქტებს ეყრდნობოდა. ამგვარი ფაქტობივი სიმართლე კი, ერთობ საშიში იყო სამეფოსისტორიისთვის. წიგნს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მწერალი ქალი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წლის შემდეგ მან გაბედა და დაწერა
გაგრძელება : „საუბარი დემონებთან“, სადაც მწერალი თავს ადარებდა დემონს, რომელიც მძინარე მეფეს ყურში სიმართლეს ეჩურჩულება. წიგნში საუბარი იყო სიკდვილით დასჯის აკრძალვაზე, ქალთა უფლებებზე და პრუსიაში ებრაელთა მიმართ დამოკიდებულებაზე. ბეტინა ფონ არნიმს ამჯერად აღარ გაუმართლა : წიგნი ცენზურამ აკრძალა, ხოლო მასზე ეჭვი მიიტანეს, როგორც ფეიქართა აჯანყების მხარდამჭერზე.
მწერალი ქალის სახელმა პრუსიის მეფის წინაშე კიდევ ერთხელ გაიჟღერა იაკობ და ვილჰელმ გრიმის საქმეში, როცა ისინი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს, ჰანოვერის მეფის, ერნსტ აუგუსტ პირველის გამოცემული კანონების გაპროტესტების გამო. ბეტინა ფონ არნიმ ტახტის მემკვიდრე ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხეს წერილით მიმართა და ვილჰელმის და იაკობის სამეცნიერო მოღვაწეობა შეახსენა.
მეცნიერები და ზღაპრების ცნობილი შემკრებნი იაკობ და ვილჰელმ გრიმები ბეტინას და მ ისი მეუღლის ახალგაზრდობის მეგობრები იყვნენ.
ასევე ახლო მეგობრობა აკავშირებდა ბეტინა ფონ არნიმს რომანტიკოს პოეტ ქალთან კაროლინე ფონ გიუნდეროდესთან, რომელსაც რომანტიზმის საფოს უწოდებდნენ.
მაგრამ ამაზე სხვა დროს გიამბობთ.
ბეტინა ფონ არნიმი 1859 წელს გარდაიცვალა, 74 წლის ასაკში, ბერლინში.
შვილებმა ის ვიპერსდორფში, ქმრის გვერდით დაკრძალეს.
დღეს ვიპერსდორფის სასახლეში ლიტერატურული სახლი და მწერალთა რეზიდენციაა.
ფოტოზე: ე.წ. ბეტინას კოშკი მარბურგში. ამ ქალაქში ბეტინა ფონ არნიმი თავის ძმასთან, კლემენს ბრენტანოსთან ერთად 1800- 1806 წლებში ცხოვრობდა. აქ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი ახიმ ფონ არნიმი.