lockdown

დავით შემოქმედელი: წერილი უჰანიდან

  Davit Shemokmedeli

შვებას ვგრძნობ ახლა, წერილს რომ გწერთ

რელსებივით უსასრულომდე გაწელილი

არეული დროის სივრციდან,

დღედქცეული ღამეებიდან,

ღამედქცეულ დღეების ჭიდან.

 გულზე ზიდებით ვაკვირდები,

მზერაგაბეზრებულ კაკტუსივით მჩხვლეტავ რუხ ხედებს,

ჯერ მწვანე რომ არ შეპარვიათ

და წითელი დაისის ფერი,

საცაა რომ ტანს შეაშრებათ...

ნეტავ ახლა ჩემი სოფლის ბოლოში

ბაყაყების ტენორი მესმოდეს

ან იხვების ბახის ფუგა.

ვწევარ ახლა მე დ. შემოქმედელი

საფოსტო ყუთებივით

ჩამწკრივებულ  უჰანის ერთ-ერთ

ყანჩასავით კისერწაგრძელებულ კორპუსში, 

თოფის მასრაში ჩაჭედილ გილზივით

მარტოოობაში ჩარჩენილი... 

ტანზე ალაგ-ალაგ გაცრეცილი ნაბადივით

შემოხვეული მაქვს შანის, ჯოუსა და ცინის დინასტია.

რომშიც მე ვარ გლადიატორების შერკინების

სანახავად მოსული რომულუსის ნაშიერი,

წინ კი თავახდილი სარკოფაგივით შემზარავი

სიჩუმეს ყვირის, 

ყვირის უგონოდ შემზარავი სიცარიელე!...

დრო გაიყინა, გაშეშდა  და მომავალიც

ჩაკარგა სკნელში.

წმინდა პავლეს უმრევლო ტაძრის ზარებიც კი არ გრაგანებენ,

ღვთისმშობლის ცრემლი ანტარესის ზომის გამხდარა.

თეირანში ვარ, ფირდოუსის დაჩრდილულ საფლავს

განამცეცებულს ვუმატებ ჩემს  ჩრდილს.

,,შაბეი-ალდას’’ დღესასწაულზე

ბროწეულების კალათით ხელში

ავყურებ ზეცას, რომელიც ისეთივე ცარიელია,

როგორც უმუსლიმო,  თვალუწვდენი ეს მოედანი

წინ რომ წევს ახლა.

ბრანდებურგის კარიბჭედან

გავყურებ  თითქმის დაცლილ, 

დადღაბნილ არეს,

ხოლო კელნის  ცამიწურ  ტაძარს

ავყავარ ხელში, მატარებს ფრთხილად,
თუმც შიში  რკინის საცეცებით დამდის სხეულში,

რომ სადმე ფეხი არ დამიცდეს,

შვარცვალდის მთებში.

ნაწანწალევი ჩემი სულით კი

მუდამ  შინა  შინა ვარ, 

თაღებჩამოშლილ ლურჯ საყდრის წინ

გულგასერილი...

თავზე ახლადდაისრული

დამყურებს მთვარე,

ხოლო  რაბიდან  ნაღვენთ სისხლივით,

დედამიწა ცრემლისგან დაშრა.

უგუმბათი საყდარის  ზევით

ვხედავ მამაჩემს,

ვაზს ცრემლმდინარეს...

 

2020 წელი. 18 მარტი.

დავით შემოქმედელი

 


Scroll to Top
Scroll to Top