lockdown

თინათინ ხუტურიძე: ნიღბები

  Tinatin Khuturidze´s phorograph

რატომ ვუყვარვართ დედამიწას, რატომ გვიზიდავს,

რატომ სწყდებიან ბნელ ღამეებს თეთრი დღეები,

რატომ ვირგებდი სხვების ნიღბებს სახის პროფილზე,

ნახევარმთვარის ჩრდილში უცებ რატომ გავები.

 

ან რატომ ჩნდება ხელისგულზე ბედის ხაზები, -

გზები არსაით, გზები შენსკენ, გზები უფორმო,

ხავერდის ტუჩებს ცეცხლის ენა რატომ ედება,

რატომ მიმტვრევენ ბასრი ქვებით თვალის ქუთუთოს.

 

განთიადები ფრთებს შლიან და შორს მიფრინავენ,

როგორც პატარა, მგალობელი თბილი ჩიტები,

ვხედავ ფანჯრიდან პირქუშ სახლებს ბეტონის გულით,

როგორ ფშვინავენ კედლები და საკვამურები.

 

რატომ ქრებიან ჩემს ოთახში ჩრდილის ლაქები,

ერთიმეორის მიყოლებით, ანდა ურიგოდ, - 

ყველა ნიღაბი, რომელიც კი ოდნავ მოვირგე,

აღმოჩნდა მყიფე, ზოგიც მთელი, არცთუ ურიგოდ

 

გამოძერწილი, - ზედ ემჩნევა სახის ნაკვთები

ყველა მათგანის, ვისაც იგი ოდესმე ედგა

სახის პროფილზე და ცხოვრობდა ამ ნიღაბს შიგნით,

გარეთ კი მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდით, თუ როგორ ხვეწდა

 

დეტალებს თავის ცხოვრებისას, ამბავს და მანძილს,

რომელიც წნავდა მის სიცოცხლეს მსხვილი თოკივით,

თოკის ბოლოში მძიმე კვანძი, როგორც ბოქლომი, 

როგორც საფლავზე შავი ლოდი თეთრი წარწერით.

 

ასე ვხედავდი ჩემი ნიღბის თვალის ჭრილიდან,

ოდნავ ირიბად, ალმაცერად, რადგან გარშემო

ნიღაბის ტყავი აშეშებდა მზერის სადავეს, -

სიკვდლიმისჯილი პატიმარი როგორც სარკმლიდან

 

უმზერს სამყაროს - ცის ნაგლეჯზე ჩიტებს გადამფრენს,

ემიზეზება საკუთარ თავს, - ითვლის წამებად,

ბედის ხაზების სათავეებს ეძებს ხელებზე, 

გარედან ისმის ჯალათების ხმები, ვაება...

 

და ვიხსნი ნიღბებს, როგორც ღილებს კაბის საკინძის

როცა დაღლილი მოდიხარ და გინდა გაიძრო

კაბასთან ერთად მთელი კანი, რადგან საშინლად

ხარ გადაღლილი და გინდა რომ მხოლოდ გაერთო

 

ძილით და ფიქრით და ამ ფიქრშიც ეჭვები გღრღნიან -

ნუთუ ამ ნიღბებს, რომელსაც კი სახეს ადგამდი

აღარასოდეს არ მოირგებ, აღარც მოძერწავ, -

თითქოს არასდროს არც გქონია, არცერთი ცალი.

 

უბრალოდ,  ასე დაგესიზმრა, ან სულაც ფიქრი

გაგექცა სხვაგან,- უცხო გზებზე მხარი აგექცა,

ვბორგავ და ხელით ჩემი სახის ნაკვთებს ვისწორებ

თვალი მოვკარი, - 

კაბასთან ერთად ჩემი კანი ეგდო კარებთან.

 

 -თინათინ ხუტურიძე


Scroll to Top
Scroll to Top