ბერლინში, შარლოტებნურგ-ვილმერსდორფის უბანში, ფაზანენშტრასე 72-ის სახლის ფასადზე მემორიალურ დაფაზე ნახავთ წარწერას, რომ ამ სახლში 1928/1930 წლებში ცხოვრობდა მწერალი ესად ბეი, იგივე ყურბან საიდი, სადაც მან დაწერა თავისი პირველი რომანი: "ნავთობი და სისხლი აღმოსავლეთში".
რომანმა გამოქვეყნებისთანავე მკითხველის ინტერესი გამოიწვია და
ექვს ენაზე ითარგმნა.
თუმცა კი, ყურბან საიდის სახელი, ბერლინში მოხვედრილი ქართველისათვის, პირველ რიგში "ალი და ნინოსთან" ასოცირდება. რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ქართველი ქალის და აზერბაიჯანელი ვაჟის სიყვარულის ისტორიის გამო, არამედ კავკასიის ქვეყნებისათვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი - პოლიტიკური ორიენტაციის საკითხით. რომანში განვითარებული მოვლენებიდან 100 წლის თავზე კავკასია ისევ დაბნეულია და სისხლმდინარი.
ამერიკელი ჟურნალისტის, რომ რაისის საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ესად ბეი, იგივე ყურბან საიდი ( სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფსევდონიმებს ეფარებოდა), 1905 წელს ბაქოში დაბადებული ებრაული წარმოშობის ლევ ნუსიმბაუმია, რომელიც 1920 წელს კავკასიიდან
ბოლშევიკებს გაექცა და ბერლინში ჩამოვიდა. გიმნაზიაც ბერლინში დაამთავრა (რუსული გიმნაზია). მისი ბიოგრაფები წერენ, რომ გერმანული ენა გერმანელმა ძიძამ, ალისე შულთემ ასწავლა ბაქოში. თუმცა კი, როგორც ჩანს, აღმოსავლეთი ისე ძირეულად ახლობელი იყო მისთვის, რომ 1922 წელს ბერლინში ისლამი მიიღო და უნივერსიტეტშიც თურქულს, არაბულს და ისლამის ისტორიას სწავლობდა.
მან მუჰამედ წინასწარმეტყველის ბიოგრაფიაც კი დაწერა, რაც დღემდე აქტუალურ ნაშრომად ითვლება. ბერლინშივე დაწერა ნაშრომები კავკასიაზე და კრიტიკული წერილები საბჭოთა კავშირზე, მათ შორის - სტალინზეც, რომელსაც, სავარაუდოდ,
ბაქოში უნდა შეხვედროდა. რადგან მუსლიმი იყო, ნაციონალსოციალისტებს მისი ებრაული წარმოშობა ერთ ხანს თვალში არ მოხვედრიათ, თუმცა კი, 1936 წელს მაინც მოუწია ბერლინის დატოვება და ვენაში ჩავიდა. გერმანიაში კი მისი ნაწერები აიკრძალა. სწორედ ვენაში დაწერა "ალი და ნინო" დაგერმანულენოვანმკითხველამდე რომ მისულიყო, რომანი ყურბან საიდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. ისევე როგორც შემდეგი რომანი - "გოგონა ოქროს რქიდან". მწერალი 1938 წელს იტალიაში გადავიდა (სავარაუდოდ, მუსოლინიზე ბიოგრაფიის დასაწერად). აქვედაუდგინდა მძიმე დაავადება - რაუნაუდის სინდრომი, რომელიც ისე გამწვავდა, ძლიერ გამაყუჩებლებს ითხოვდა. სიცოცხლის ბოლო წლები მან სამხტრეთ იტალიაში, პოზიტანოში გაატარა, ამალფის ნაპირებზე.
ბიოგრაფიაშიიმასაც ვკითხულობთ, რომ იტალიაში, ტკივილებისგან გატანჯული მწერლის გვერდით იყო და მასზე ზრუნავდა მისი გერმანელი ძიძა, ალისე შულთე. აუტანელი ტკივილების ქვეშ დაწერა ბოლო რომანი "კაცი, რომელმაცვერაფერი გაიგო სიყვარულის".ესად ბეი იტალიაში, პოზიტანოში გარდაიცვალა 1942 წელს და მისი საფლავიც იქვეა, ჩალმაშემოხვეულ სტელაზე არაბული წარწერით.
ბერლინში კი, ფაზანენშტრასე 72-ში, ესად ბეის, იგივე ყურბან საიდის მემორიალურ დაფაზე ამოკვეთილი სიტყვები გვამცნობს :"სიცოცხლე აზრსმოკლებულია სამშობლოს გარეშე".
მაგრამ რომელ ქვეყანას თვლიდა იგი სამშობლოდ?
ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ...
ფოტოზე: ბერლინი, ფაზანენშტრასე 72 -ის სახლის ფასადი.