Translation

ადინა ჰაიდენრაიხი / Adina Heidenreich : სოფლის გზა Landstraße

 

შენ მანიშნებ შორეული გორაკისკენ

და მეუბნები: განა კარგი არ იქნებოდა,

იქ რომ  გვეცხოვრა?

მანქანა  მძიმე, ნაცრისფერი ღრუბლის ქვეშ მიდის.

საქარე მინა ისე ნელა მოძრაობს, რომ

წვიმის ფარდიდან ძლივსღა ვხედავ - 

უნდა შევჩერდეთ.

 

განა კარგი არ იქნებოდა? - მეუბნები, -

იქ ნამდვილად უნდა იყოს რამე სოფელი. 

ავარიული ციმციმები ჩართულია, არავინ არის

არც წინ, არც უკან, ორმოცდაათ კილომეტრში,

არც მიღებაა, შენ კი ოცნებობ

ჩემზე, შენზე, ცხვრის საძოვრებზე.

 

წვიმა რომ იკლებს, ნაჭერს ვუსვამ 

მანქანის მინას. გეკითხები, 

გინდა, რომ იმ გორაკისკენ წავიდეთ ახლა? 

თუ გადავუხვიოთ მარჯვნივ, 

მორიგი ქალაქისაკენ?

 

ბენზინია ჩასასხმელი, - მპასუხობ, - მაგრამ

ეს ადგილი დაიმახსოვრე, აქ კიდევ მოვალთ,

ჩვენ ოდესმე

აქ დავსახლდებით.

 

გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა


Scroll to Top
Scroll to Top