ეს ამბავი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა გერმანული ისტორიისთვის, მას ვერც ლიტერატორები უვლიან გვერდს და ვერც ისტორიკოსები. და ეს ის შემთხვევაა, სადაც ასევე ფიგურირებს დამნაშავეთა სამყარო, ადამიანური სიხარბე და ორსახოვნება.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თქვენც გიამბოთ.
დანიაში, გალეუსში, 1639 -სა და 1734 წელს ორი ოქროს ყანწი იპოვეს, რომლებიც, ახალი წელთაღრიცხვით 400 წელს უნდა ყოფილიყო დამზადებული და სასმისის ან ჩასაბერი ფუქცია უნდა ჰქონოდა.
რქის ფორმის სასმისები სხვადასხვა ზომის იყო. შედარებით გრძელი, 52 სანტიმერის სიგრძის იყო და 3. 1 კილოგრამს იწონიდა. მოკლე უფრო მძიმე იყო, 3.7 კილოს იწონიდა (სიგრძე ზუსტად არ იყო დაფიქსირებული) და მასზე რუნებზე შესრულებული წარწერა იყო აღბეჭდილი.
ოსტატს ორივე რქაზე ორნამენტად გამოესახა ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები და ვასკვლავები. მკვლევარები ცდილობდნენ, დაედგინათ, რას ნიშნავდა ეს სიმბოლოები, რომელ მითოლოგიურ არსებებზე მიანიშნებდნენ. ზოგი მათ ბიზანტიურ კულტურასთან აკავშირებდა, ზოგი რიცხვთა სიმბოლოს იკვლევდა.
რქები კოპენჰაგენში, ქრისტიანსბორგის სასახლის ხელოვნების კაბინეტში ინახებოდა და მეცნიერებისთვის ძვირფას აღმოჩენას წარმოადგენდა. განსაკუთრებით მოკლე ყანწზე გაკეთებულ წარწერაზე იყო დიდი მსჯელობა. წარწერა როგორც ჩრდილო, ასევე დასავლურ-გერმანული ენების ნიშნებს ატარებდა და იმ პერიოდზე მიანიშნებდა, როცა ეს ენები ჯერ კიდევ განუყოფელი იყო.
თუმცა კი, 1802 წელს ოქრომჭედელმა ნილს ჰაიდენრაიხმა, რომელსაც სასახლისთვის მუშაობდა და საცავთან შეხება ჰქონდა, რქები მოიპარა და... გადაადნო.
ნილს ჰაიდენრაიხი ადრეც იყო ციხეში ნაჯდომი ყალბი მონეტების დამზადებაზე. რქებისგან გადადნობილი ოქროთი ისევ ყალბი მონეტები დაამზადა. მისი აღმოჩენა და დაჭერა ერთი წლის შემდეგღა შეძლეს. ოქრომჭედელმა დარჩენილი სიცოცხლე ციხეში გაატარა და გეომეტრიის შესწავლას მიუძღვნა.
დანაკარგით თავზარდაცემულ მეცნიერებს შემორჩათ მხოლოდ ოქროს რქების აღწერა და ჩანახატები, რომლის მიხედვით ოსტატებმა ახალი რქები დაამზადეს, ოღონდ ვერცხლისგან და ოქროთი დაფერეს. ხელახლა გაკეთდა წარწერაც:
ek hlewagastiz : holtijaz : horna : tawido - მე, სახელგანთქმული სტუმრების პატრონმა, ჰოლტის ადგილისამ, გავაკეთე ეს ყანწი.
წარწერა რიტმულია, ხოლო ფრაზაში სამჯერ მსგავსი თანხმოვანის გამოყენება, რაც ალიტერაციას ქმნის, ამ წარწერას გერმანულ ენაზე არსებული უძველესი სალექსო ფრაზის მნიშვნელობას ანიჭებს.
მკვლევართა თქმით, ეს ოქროს ყანწები, სავარაუდოდ, მზის დაბნელების გამო დამზადდა, რომელიც 413 წლის 16 აპრილს მოხდა. ყანწებს მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, მათ უნდა თავიდან აეცილებინათ მზის დაბნელება, რაც, მაშინდელი წარმოდგენით, სამყაროს დასასრულიით ემუქრებოდათ.