lockdown

ნატო ინგოროყვა /Nato Ingorokva : გზა-მოგზაურის ანგელოზები

  Nato Ingorokva / ნატო ინგოროყვა

შეიძლება მოხდეს ასე -

გადაიდოს ფრენა, 

გაუქმდეს ყველა ჯავშანი. 

 

ქალაქი,

 

რომელიც თითქმის დაიმორჩილე,

სადაც წინასწარ მონიშნე ყველაფერი,

რაც უნდა გენახა და შეხებოდი,

დარჩა სურვილად,

რომელიც გაიზმორა და 

შემოკედლებულ კატასავით 

ფეხებთან შემოგიწვა. 

 

ეს არ იყო უდარდელი გდება,

როგორც სჩვევიათ კატებს,

როცა ფარულ სურვილებს ნიღბავენ.

 

* * *

ჩვენ უნდა გვეფრინა ღამით, 

როცა ცა მიწას ემსგავსება 

და ვარსკვლავები უძინართა ფანჯრებია.

 

უნდა გვეფრინა ღამით -

 

როცა სიზმრებს გვართმევს სიფხიზლე

და კიდევ ერთი თვალღია მგზავრობით

შევსებულიყო ჩვენი ცხოვრების გზა - Curriculum Vitae.

 

უნდა გვეფრინა ღამით - 

 

გვეფიქრა იმ სიახლოვის დათმობაზე, 

მიწიდან 13 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე,

აფრენიდან დაფრენამდე 

თანამგზავრებს შორის რომ ჩნდება.

 

უნდა გვეფრინა ღამით -

 

გვენახა აეროპორტში მომლოდინეთა ვნებით სავსე 

მოსაცდელი დარბაზები.

მიტოვებული ჩანთების გაურკვევლობა.

დაღლილი სადგურები, 

რომლებიც ვერ გადაეჩვივნენ 

წინა მგზავრების სუნის შენახვას.

 

* * *

თვალთმაქცია ყველა ქალაქი -

 

თითქოს შენთვის აღებენ კარს.

არადა, მხოლოდ იმას გაჩვენებენ, 

რასაც სახელი დაერქვა,

რისი დამახსოვრებაც შეგიძლია.

 

თვალთმაქცები არიან ქალაქები -

 

იციან, როგორ დამალონ მთავარი, 

გადაინახონ კედლის ბზარებში, 

ხიდებსა თუ საათებში 

 

და 

 

როცა ლამპიონი

მხოლოდ თავის თავს ანათებს, 

როცა ქუჩები ცარიელდება,

ყოველი ახალი მოსახვევი 

თავგადასავლისთვის გამზადებს.

 

* * *

ჩვენ ვნახავთ ქალაქს,

გაუჩინარებული ამბებით, 

ღამით რომ გვეგონა, დასაწერად უკვე მზად იყო, 

დილით კი ვეღარ ვიხსენებთ.

 

დავსხდებით კაფეში,

ვისაუბრებთ ხვალინდელ დღეზე,

ჩამქრალ ვულკანს ჩაეღიმება,

 

რადგან იცის -

 

ის წარსული დროის ქალაქია,

მიწაში ჩატანილი ამბების ქალაქი, 

წაუკითხავი წერილების ქალაქი,

 

სამუდამოდ ერთად დარჩენილთა სევდით. 

- ნატო ინგოროყვა. 2020.


Scroll to Top
Scroll to Top