კოვიდ - ეპიდემია
თუ დავახველე,
ნუ შეშინდებით,
სულ უსაფრთხოა ჩემი ვირუსი,
ისევ დავდივარ
სველი წინდებით,
თუკი წვიმები
მუზას წინ უსწრებს.
მე უფრო მძიმე
სენით ვარ ავად,
(ო, არა,
არ მწყინს,
თქვენ რომ არ წუხდით),
გული ისედაც
ციხეში მყავდა
და ხშირად მჭამდა
სევდის მარწუხი.
დიდი ხანია,
არ მყოფნის სუნთქვა
და სიხარული თქვენთან შეხვედრის,
თუმც, მარტივია
( მართალი უთქვამთ),
გზა,
როცა ზეცას ხელით ეხები.
არ დამიჯერებთ,
მე მაინც გეტყვით,
კორონა ჩემი მეგობარია,
მან გამირჩია
ჩალა და ფეტვი,
შავი და თეთრი,
რაც დრომ არია.
სამყაროს იფქლი,
სადაც ცად ადის,
ძლივს შევაფარე სული
იმ წისქვილს...
სადილზე ხახვის
დაჭრის საბაბით ,
ლექსებს აღარ ვყრი
გარეთ კინწისკვით.
თუ დავახველე,
ნუ შეშინდებით,
მუზის გვირგვინს წნავს
ჩემი ვირუსი,
მე შეგიგროვეთ
მზე და იმედი
და ვიცი ყველას
სულზე მოგისწრებთ...
ლელა გაბური
5. 04. 2020.
ხევსურეთი