კრისტოფ მარტინ ვილანდის სახელს გოეთეზე მუშაობის დროს გავეცანი, ანკი გვერდს როგორ ავუქცევდი, ის ხომ ვაიმარელ კლასიკოსთა თანავარსკვლავედის ერთ-ერთი მნათობია, გოეთეს, შილერის, ჰერდერის გვერდით.
მაგრამ სახელი სახელად დამრჩებოდა, რომ არა მათიასის დაჟინება: „აუცილებლად უნდა ვნახოთ ვილანდის საფლავი, ის განსაკუთრებულია!“
ვილანდი ვაიმართან ახლოს, სოფელ ოსმანშტედშია დაკრძალული, პარკში, რომელიც ოდესღაც მის მამულს წარმოადგენდა, ახლა კი მისი მუზეუმია.
და რატომ არის ის განსაკუთრებული, ამის სანახავად ერთ დღესაც, მე დაჩი და მათიასი ვაიმარში წავედით.
ვილანდი ვაიმარში იმ პრინც კარლ ავგუსტის აღსაზრდელად მიიწვიეს, რომლის მრჩეველი მოგვიანებით გოეთე გახდა. დაქვრივებულმა ჰერცოგინია ანა ამალიამ მას, უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, თავისი ორი ვაჟის განათლების საქმე მიანდო. მართალია ვილანდის შემოქმედება დღეს გერმანიაშიც ნაკლებად ახსოვთ (თუმცა კი, თავის დროზე ისეთი პოპულარული იყო, 13 ენაზე ითრგმნა), სამაგიეროდ, ყველამ იცის მისი სახელი, როგორც გერმანულ ენაზე შექსპირის პიესების პირველი მთარგმნელის. მან შექსპირის 22 პიესა გააცნო მაშინდელ მკითხველს, რითაც გერმანიაში შექსპირის პოპულარობა დაიწყო.
პოლიგლოტმა ვილანდმა ძველი ბერძენი და რომაელი ავტორებიც თარგმნა (ჰორაციუსი, ლუკიანე, არისტოფანე, ევრიპიდე) და გერმანული ლიტერატურის ისტორიას შემორჩა როგორც მწერალი, მთარგმნელი, საოცრად პროდუქტიული კრიტიკოსი და პუბლიცისტი, ლიტერატურული ჟურნალის „გერმანული მერკურის“ გამომცემელი და რედაქტორი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიან და ტონის მიმცემ ჟურნალს წარმოადგენდა.
როცა მისი გაზრდილი პრინცი მმართველობას შეუდგა, ვილანდმა ვაიმართან ახლოს, ოსმანშტეტში მამული შეიძინა და იქ გადაბარგდა. მისი კარი მუდამ ღია იყო მწერლებისათვის. და არა მხოლოდ მწერლებისთვის...
ახალგზრდობაში, როცა ის ერფურტის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა, რომანი გააბა თავის ბიძაშვილ სოფი გუტერმანთან და დაინიშნა კიდეც. ნიშნობა მალე ჩაიშლა, ვილანდმა უნივერსიტეტი მიატოვა და შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც აქტიურად შეუდგა წერას. მერე კი, როცა ბედმა ვაიმარამდე და ოსმანშტედამდე ჩაიყვანა, სოფი გუტერმანი, რომელიც ასევე მწერალი გახდა, უკვე სოფი ლა როშის სახლით ესტუმრა. სოფი ლა როშს თან ახლდა შვილიშვილიც, სოფი ბრენტანო.
სოფი ბრენტანოზე ამბობენ, ოთხი წლისამ ცალი თვალი დაკარგა, თუმცა მაინც ძალიან ლამაზი გოგონა იყოო. მაგრამ ის უპირველესად ჭკვიანი და განათლებული ქალი იყო. ის ხომ თავისი ცნობილი მწერალი ძმის კლემენს ბრენტანოს და ასევე ცნობილი მწერალი დის ბეტინა ბრენტანოს გვერდით გაიზარდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბებიაზე, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
64 წლის ვილანდსა და 23 წლის სოფია ბრენტანოს შორის განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოყალიბდა. შემონახულია მათი წერილებიც (გამოქვეყნდა კიდეც), რომლის მიხედვით ეს ურთიერთობა მეგობრობაზე ცოტა უფრო მეტი იყო.
და როცა სოფი ბრენტანო ოსმანშტედში სტუმრობისას მოულოდნელად გარდაიცვალა, ახზალგაზრდა ქალს სურვილი შეუსრულეს და იქვე დაკრძალეს. იგი სულ 24 წლის იყო. არც ვილანდს და არც მის მეუღლეს - ანა დოროთეას მისი სურვილის წინააღმდეგ წასვლა არ უფიქრიათ. სასახლის პარკის სამხრეთით, მდინარე ილმის პატარა შენაკადთან, საფლავი გაჩნდა. ხოლო როცა 1800 წელს ანა დოროთეაც გარდაიცვალა, ვილანდმა ცოლსაც იქვე მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ მან კიდევ 13 წელი იცოცხლა და 76 წლის ასაკში, გაცივებას ემსხვერპლა. ამბობენ, რომ გოეთე ჩაერია, რათა მისი საფლავიც ოსმანშტედის პარკში ყოფილიყო.
და ახლა მნახველს იქ სამი პატარა ბორცვი ხვდება. მწერლის საფლავზე ობელისკი დგას, რომელსაც სამი წახნაგი აქვს. ყოველ წახნაგს სახელი და პატარა სიმბოლო ამშვენებს: სოფია ბრენტანოს სახელს ოქროსფერი პეპელა ახლავს, ანა დოროთეას სახელის ქვეშ გადაჭდობილი ხელებია გამოსახული, ხოლო ვილანდთან - პოეზიის სიმბოლო, ქნარი.
ქვაზე კი მწერლის სიტყვებია ამოკვეთილი :
„მონათესავე სულები სიცოცხლეში სიყვარულით და მეგობრობით იყვნენ გარემოცულნი, გარდაცვლილებს კი ეს საერთო ქვა ფარავთ“.
Liebe und Freundschaft umschlang die verwandten Seelen im Leben
und ihr Sterbliches deckt dieser gemeinsame Stein.
გერმანელმა მწერალმა არნო შმიდტმა ამ საფლავს ყველაზე მშვენიერი გერმანული საფლავი უწოდა, რომელსაც, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს ადამიანი.
Christine von Westphalen geb. von Axen (1758-1840)
Des lebenden Wielands Grab.
Gilt dies Grabmal einem nicht sterblichen Sänger? Bekränzt
Seh`ich den duftenden Hain, lächelnd den Amor am
Grab`!
Auch umstrahlt das freundlichste Licht; nichts scheint
hier zu altern;
Ewige Jugend herrscht hier in des Schönen Gebiet.
Bienen umsummen die Blüthen der Lieb`, und es rauscht
von dem Hügel
Zarter Musen Geschwätz; Grazien schweben um ihn!
Durch den Luftraum tönen der Göttlichen Stimmen; sie
singen,
Nicht mit klagendem Laut, singen dies heitere Lied:
„Ihn der nie gealtert, umschweben, tanzend, wir immer;
„Der den Grazien sang, lebet im ewigen Reiz!“