კვადრიგა - ოთხცხენიანი საბრძოლო ეტლი ბრანდენბურგის კარიბჭეზე, ბერლინის სავიზიტო ბარათი და გერმანიის ეროვნული სიმბოლოა. თუმცა იყო ისეთი დროც, როცა კარიბჭე, მოულოდნელად, კვადრიგას გარეშე დარჩა.
როცა 1789- 93 წლებში , პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ მეორის ბრძანებით ბერლინში ამ ტრიუმფალურ კარიბჭეს აშენებდნენ, იქვე იყო გათვალისწინებული, რომ მას კვადრიგა დაამშვენებდა.
ბრანდენბურგის კარიბჭე ერთადერთია 18 -დან, რომელიც ბერლინში შემორჩა. ის კლასიცისტური არქიტექტურის ნიმუშია. პრუსიის არქიტექტურაში კლასიციზმის ეპოქა სწორედ მისი აღმართვით დაიწყო .
ამ ადგილას ჯერ კიდევ 1670 წელს იყო ჭიშკარი, როგორც კედლის ნაწილი. როცა 1734 წელს ქალაქში შემოსასვლელი საბაჟო კედლის მეშენებლობა დაიწყო, ამ ადგილას ახალი ჭიშკარი აშენდა.
ფრიდრიხ ვილჰელმ მეორეს კი ახალი კარიბჭის აგება თავისი მმართველობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოსაჩენად სჭირდებოდა. ესკიზი ათენას ტაძრის პროპილონის მიხედვით გაკეთდა, ათენის აკროპოლისიდან. ამით პრუსიის მეფე ათენის მმართველ პერიკლეს უტოლებდა თავს და აცხადებდა, რომ ამიერიდან პრუსიაშიც მშვიდობიანი ოქროს ხანა იწყებოდა. და როგორც პერიკლემ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ატიკის საზღვაო კავშირის შექმნით შეძლო, პრუსიის მეფეს სურდა, მის მიერ 1787 წელს ნიდერლანდების გაერთიანებული რესპუბლიკის დაპყრობის შედეგად შექმნილი პრუსია-ჰოლანდია-დიდი ბრიტანეთის ალიანსი მშვიდობის გარანტად ჩათვლილიყო. ამიტომაც ახალაღმართულ კარიბჭეს „მშვიდობის კარიბჭე“ ეწოდა.
მშენებლობას კარლ გოტფრიდ ლანგჰანსი ხელმძღვანელობდა. ის ათენში ნამყოფი არ იყო, ამიტომ ჩანახატებს და ნახაზებს ეყრდნობოდა. მან სვეტები ოდნავ დააწვრილა და აამაღლა, რითაც კარიბჭე უფრო ჰაეროვანი გახდა. გვერდით ფლიგელები კი ბარელიეფებით და ქანდაკებებით მოირთო, ისე რომ ეს კონსტრუქცია რაღაცით სასახლის მისაღებს დაემსგავსა.
კვადრიგა მოქანდაკე იოჰან გოტფრიდ შადოუს ესკიზით გაკეთდა, ნიმუშად, სავარაუდოდ, ჰალიკარნასის მავზოლეუმის თავზე განთავსებული საბრძოლო ეტლი აიღეს, რომელსაც გამარჯვების რომაული ქალღმერთი ვიქტორია მიუმატეს. სწორედ მას უნდა შემოეტანა ამ ეტლით ბერლინში მშვიდობა.
ხელოვნებათმცოდნეები სვამენ კითხვას: კი მაგრამ, თუკი კარიბჭეს მშვიდობის ერქვა, რატომ არ დადგეს კვადრიგაზე მშვიდობის ქალღმერთის ქანდაკება და რატომ აირჩიეს გამარჯვების ქალღმერთი? სავარაუდო დასკვნა ისაა, რომ ვიქტორიას კლასიკური ფიგურა ზურგზე ფრთებით გამოისახება და იგი ეტლის სრბოლას ჰარმონიულად ეხამება. თუმცა კი, ისიც ცხადია, რომ გამარჯვების ქალღმერთი ხელოვნების ენაზე აბსოლუტიზმის სიმბოლოს წარმოადგენს, რაც პრუსიის მეფის გაფართოებული ძალაუფლების ლეგიტიმაციასაც ემსახურებოდა.
სპილენძის ფიგურების ჩამოსხმა ემანუელ იურის დაევალა, თუმცა მანამდე ხის კონსტრუქცია დამზადდა. კომისიამ ბოლო მომენტში ვიქტორიას ტანსაცმელი შეუცვალა (კაბის უკანა კალთები აუფრიალეს) და ხელში რომ შუბი ეჭირა, ზედ მუხის ფოთლების გვირგვინი და არწივი დაასვეს. მანამდე ქალღმერთს შუბზე ჩაჩქანი, ჯავშანი და ორი ფარი ჰქონდა დამაგრებული და ეს ყველაფერი შორიდან ისე მოჩანდა, თითქოს ქალღმერთს ფარანი მოჰქონდა.
1806 წელს პრუსიამ ნაპოლეონის წინააღმდეგ ომი წააგო და 21 ოქტომბერს ფრანგები ბერლინში შევიდნენ. ნაპოლეონს თან ახლდა დომინიკ-ვივან დენონი, რომელიც საფრანგეთში ხელოვნების პოლიტიკას წარმართავდა და დაპყრობილი ქვეყნებიდან ხელოვნების ნიმუშებს პარიზში, ე.წ. ნაპოლეონის მუზეუმში აგზავნიდა. დენონის რჩევით იმპერატორმა ბრანდენბურგის კარიბჭიდან კვადრიგას ჩამოხსნა და მისი პარიზში გადატანა ბრძანა. ამისათვის სკულპტურა დაშალეს, 12 ყუთში გაანაწილეს და 21 დეკემბერს პარიზის გზას გაუყენეს. ყუთები ჯერ საწყალოსნო გზით ჰამბურგში ჩავიდა, საიდანაც ტვირთი ჩრდილოეთის ზღვაში გავიდა, იქიდან კი რაინის გავლით ფრანგულ არხებში მოხვდა და მაისში პარიზში შევიდა. ნაპოლეონს სურდა კვადრიგა ახალ ტრიუმფალურ თაღზე დაედგა, მერე სან-დენის კარიბჭეზე გადაწყდა. თუმცა, დაშლა-მგავრობისას იმდენი დეტალი აღმოჩნდა დაზიანებული, ჯერ რესტავრაცია გახდა საჭირო. მანამდე კი კვადრიგას საღი ნაწილები ლუვრში მიიტანეს და ორანჟერეაში გამოფინეს. 1808 წლისთვის პარიზელებმა ბერლინური კვადრიგა აღდგენილი სახით სრულად იხილეს ლუვრში.
პრუსიელებისთვის კვადრიგას დაკარგვა ომის წაგებაზე უარეს სირცხვილს უდრიდა. კარიბჭეზე კვადრიგას დემონტაჟის მემდეგ ერთი რკინის შვერილი დარჩა, ვიქტორიას საყრდენიდან. წლების მანძილზე ბერლინელებს სწორედ ეს შვერილი ეკალივით ხვდებოდათ თვალში და საკუთარ დამარცხებას მწარედ ახსენებდათ. ნაპოლეონს კი ცხენების ქურდი შეარქვეს და გულს ამით იოხებდნენ.
და როცა ნაპოლეონის წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. განმათავისუფლებელი ომის მოგების შემდეგ, პრუსიელები 1814 წლის 31 მარტს პარიზში შევიდნენ, მათ პირველ რიგში კვადრიგას უკან დაბრუნება მოითხოვეს.
კვადრიგას კომპლექსი კიდევ ერთხელ დაიშალა, 15 ყუთში გადანაწილდა და რამდენიმე კვირაში ბერლინის გზას გამოუდგა. როცა ტვირთმა დიუსელდორფს მიაღწია, პრუსიელები მას ზარზეიმით დახვდნენ, საზიდრები, რითაც ყუთები მოჰყონდათ, ყვავილების გირლანდებით და პატრიოტული წარწერებით მორთეს და ასე ზეიმით იარეს ბერლინდამდე.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ბერლინის ბრძოლებისას კვადრიგა ისე დაზიანდა, რომ მთელი მხოლოდ ერთი ცხენის თავი გადარჩა, რომლის ნახვაც მუზეუმშია შესაძლებელი. ის რასაც დღეს ბერლინელები და ქალაქის სტუმრები ვუყურებთ, ძველის მიხედვით დამზადდა, რომელიც 1958 წლისთვის აღმართეს.
ვიცი, ბევრს გექნებათ გადაღებული ფოტოსურათი ბრანდენბურგის კარიბჭესთან. მე კი ამ ფოტოს გთავაზობთ, რომელიც 2018 წლის მარტში ბერლინში სტუმრად მყოფ ქართველ პოეტს ბესიკ ხარანაულს და მის მეუღლეს გადავუღე.