Notes

პაულა მოდერზონ-ბეკერის პორტრეტების გზავნილი / Wovon erzählen die Porträts von Paula Modersohn-Becker ?

  Paula Modersohn-Becker´s art

ალბათ დაკვირვებიხართ, პაულა მოდერზონ-ბეკერის ხსნებისას ადამიანთა სახეები მოდიან წყებად: ქალების, ბავშვების, მოხუცების, თვითონ მხატვრის, რომლებსაც  შენამდე რაღაც გზავნილის მოტანა სურთ, თითქოს რაღაც აქვთ დავალებული, პირადად შენთვის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

უყურებ მათ და გიკვირს, რომ ქალი, რომელიც ამ ნახატებს ძალიან ახალგაზარდა, 24-31 წლისა ქმნიდა, სიკვდილ-სიცოცხლის არსზე გელაპრაკება... 

ნუთუ შემთხვევითია, რომ მან 10 წლის ასაკში იხილა სიკვდილი, როცა მისი პატარა ბიძაშვილი ჩამოზვავებულმა ქვიშამ მის თვალწინ ორმოში ჩამარხა? იქნებ ამიტომაც გიყვებიან ასე დაჟინებით მის მიერ შემქნილი პორტრეტები სიცოცხლის სურვილზე?

პაულა მოდერზონ-ბეკერი მე ნაირა გელაშვილმა გამაცნო, მასზე დაწერილი მონოგრაფიით ჟურნალ „აფრაში", ბევრი წლის წინ. შემდეგ კი, მე თვითონ მოვხვდი ვორპსვედეში. 

                                                                                       

პაულას ცხოვრება ქალაქ ბრემენს და ამ ქალაქთან ახლოს მდებარე ხელოვანთა დასახლებას - ვორპსვედეს უკავშირდება. 1889 წელს აქ ახალგზარდა მხატვრები - ფრიც მეკენსენი, ჰანს ამ ენდე და ოტო მოდერზონი დასახლდნენ. ადგილი მეკენსენმა აღმოაჩინა, მეგობარი ქალის წყალობით. მხატვრები  დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიიდან მეგობრობდნენ. ბრემენთან ახლოს მდებარე ამ სოფელმა კი ისინი წყლიან-ჭაობიანი ლანდშაფტით და სინათლით სავსე გაშლილი მდელოებით მოხიბლა, რომელიც მათ ჩაკეტილი სტუდიის გარეთ ახალ პერსპექტივებს უშლიდა. სამი-ოთხი წლის შემდეგ მათ შეუერთდნენ ფრიც ოვერბეკი, ჰაინრიხ ფოგელერი, კარლ ვინენი. ჰაინრიხ ფოგელერმა ვორპსვედეში ბარკენჰოფის გლეხური  სახლი მოდერნის სტილში (გერმანული იუგენდსტილი) გადააკეთა და სამუშაო და საგამოფენო სივრცედ აქცია. სწორედ მასთან სტუმრობდა ავსტრიელი პოეტი რაინერ მარია რილკე, რომელმაც ვორპსვედეში გაიცნო თავისი მომავალი ცოლი მხატვარი და მოქანდაკე კლარა ვესტჰოფი. მათ 1901 წელს იქორწინეს და ვოპრსვედეს გვერდზე, სოფელ ვესტერვედეში სახლიც იყიდეს, თუმცა კი, როგორც ცნობილია, ამ ქორწინებამ სულ ორიოდე წელი გასტანა. ბარკენჰოფის კედელზე, სადაც დღეს ფოგელერის მუზეუმია, მხატვრისადმი მიძღვნილ რილკეს ლექსს დღესაც ნახავთ.

კლარა ვესტჰოფმა და პაულა ბეკერმაც ვორპსვედეში გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. რილკე აკვირდებოდა მათ, დებს ადარებდა, ხშირად ახსენებდა თავის დღიურებში, როგორც  ქერა და შავგვრემან მხატვრებს. მან პაულა ბეკერს ლექსიც მიუღძღვნა, რომელიც შევიდა 1902 წელს გამოცემულ კრებულში „სიმღერების წიგნი“.

პაულა ბეკერის ოჯახი დრეზდენიდან გადავიდა ბრემენში, როცა გოგონა 12 წლის იყო. მის ხატვით გატაცებას მშობლები  ხელს უწყობდნენ, ხატვის გაკვეთილების მისაღებად ის ჯერ ინგლისში წაიყვანეს (თუმცა ნახევარ წელზე მეტი ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა), შემდეგ კი ბერლინის ხელოვან ქალთა კავშირის სკოლაში გაუშვეს. პაულა ბეკერმა ვორპსვედელი მხატვრების შესახებ 1893 წელს ბრემენში მოწყობილი გამოფენიდან შეიტყო.  და როცა 1997 წელს ვორპსვედეში ჩავიდა, მისმა  ლანდშაფტმა, ფერებმა, განმარტოებულმა მდებარეობამ და თვითონ  ხელოვანთა დასახლებამ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ, როცა ერთი წლის შემდეგ პატარა მემკვიდრეობა მიიღო, ბევრი აღარ უფიქრია, ვორპსვედეს მიაშურა. 

პაულა ბეკერის და ოტო მოდერზონის ამბავი სიყვარულის და ხელოვნებით განმსჭვალული ურთიერთობის ამბავია, რომელსაც თან სდევდა სიკვდილის აჩრდილი. ისინი ოტო მოდერზონის ცოლის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე დაქორწინდნენ.  24 წლის პაულა კი თავის დღიურში წერდა: „ვიცი, რომ დიდხანს არ ვიცოცხლებ. მაგრამ ნუთუ ეს სამწუხაროა? განა დღესასწაული მხოლოდ მაშინაა მშვენიერი, თუ ის დიდხანს გრძელდება? და ჩემი ცხოვრებაც დღესასწაულია, მოკლე, ინტენსიური დღესასწაული. და თუ სიყვარული კვლავაც მავსებს, ვიდრე ამ სამყაროს განვეშორები, და თუ სამ კარგ სურათსაც დავხატავ, მაშინ კი მენდომება განვეშორო მას ყვავილებით ხელში და შემკული თმებით“... 

და ასეც წავიდა: 31 წლის ასაკში, შვილიც გააჩინა და წავიდა. 

მაგრამ რატომ ჰქონდა ახალგაზრდა, დამოუკიდებელ, ნიჭიერ ქალს ასეთი ფიქრები? 

ოტო მოდერზონმა ის გაიცნო ხელოვნებით აღფრთოვანებული და თავისი დროის ქალებისგან განსხვავებული - დამოუკიდებელი და მგძნობიარე.

თუ პაულას თვალი პორტრეტებზე ჰქონდა გამახვილებული, ოტო მოდერზონის მზერა ლადშაფტებს სწვდებოდა.  პაულა თავისუფალი, ინტუიციური და შორსმჭვრეტელი იყო, ოტო - მელანქოლიური და ქალის ნიჭის დამფასებელი. მან დაინახა ახალგაზრდა პაულაში ენერგია და ხელი შეუწყო, დიდი მხატვარი გამხდარიყო. ვოპსვედეში ის ოტოს მხარდაჭერას თავიდანვე გრძნობდა. რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ოტოს ჯერ ოჯახი ჰყავდა. 

როცა 1899 წელს ბრემენში, ვორპსვედეს სხვა მხატვრებთან ერთად მისი ნახატები გამოფინეს, კრიტიკოსებმა პაულა გაანადგურეს.  ის დედას წერდა: „უნდა წინ ვიარო“... 

და  1900 წელს პარიზში წავიდა. რადგან ფული ძალიან ცოტა ჰქონდა, ნაქირავებ ოთახს ვერ ათბობდა. ყველაფერს ხატვის გაკვეთილებში იხდიდა. ერთ დღეს მან ხელოვნებით მოვაჭერის გალერეაში შეიარა, სადაც სეზანის მხატვარობაზე დარჩა თვალი. მან იმპრესიონიზმი აღმოაჩინა და საკუთარ თავსაც სხვანაირად შეხედა. და ოტო მოდერზონს მისწერა: აუცილბელად უნდა ჩამოხვიდე... 

ოტო მსოფლიო გამოფენაზე ჩავიდა, მათ ნახეს პარიზის ავანგარდის გამოფენა. თუმცა, მალე ოტოს ცოლი ჰელენე ტუბერკულიოზით გარდაიცვალა და ოტო სასწრაფოდ ვორპსვედეში დაბრუნდა. მალე პაულამაც დატოვა პარიზი. 

როდესაც დაქორწინდნენ, ოტომ მას ცალკე სახელოსნო აუშენა და დამხმარე ქალი დაუქირავა, რომ სახლის საქმეებზე არ მომცდარიყო. 

ოტო და პაულა დღიურებს წერდნენ და დღიურებში ერთმანეთს ხატავდნენ. ოტომ პაულას გავლენით ადამიანთა ფიგურების ხატვა დაიწყო, პაულამ კი ლანდშაფტები სცადა. სადაც უკვე ორივე გვარით აწერდა ხელს. ეს თანამშრომლობა ორივეს მოსწონდა. 

ოტო წერდა: „ის ნამდვილი ხელოვანია, რომელსაც არავინ იცნობს და აფასებს. მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება“.

1903 წელს პაულა ისევ წავიდა პარიზში. ცოტა უფრო დიდი ხნით. ამ ქალაქში ის დიდი ენერგიას იღებდა. ქმრისგან განსხვავებით, რომლისთვისაც პარიზი ძალიან ხმაურიანი იყო და იქ მუშაობა არ შეეძლო. ლუვრში პაულამ აღმოაჩინა  მუმიების პორტრეტები ფაიუმიდან. 1800 წლის წინანდელი პოეტრეტები კვლავაც ემოციებს აღძრავდნენ. ეს ის იყო, რის მიღწევას თვითონაც ცდილობდა, მსგავს სიმარტივეს და მზერის გამომსახველობას. შეეცადა, თავის პორტრეტებში ეს გადაეტანა.

პაულას და ოტოს ცოლ-ქმრობა ცოტა უცნაური იყო. ერთ წერილში პაულა მეგობარს წერდა: „ხუთი წელია მის გვერდით ვცხოვრობ და ერთხელაც არ ვწოლილვართ ერთად“... 

1906 წელს მან ისევ მიატოვა  ვორპსვედე და პარიზში წავიდა.  ოტო წერილს-წერილზე სწერდა და ფულს უგზავნიდა. 

პაულა ცხოვრობდა იქ და ნახატს ნახატზე ქმნიდა, თუმცა ვერაფერს ყიდიდა. ღამე ხატავდა და დილით ასწორებდა. 1906 წელს მან 80 ნახატი შექმნა, აქედან 20 საკუთარი პორტრეტი, მათ შორის, საკუთარი თავი ნახევრად შიშველი და ფეხმძიმე დახატა. ეს ნამუშევარი სრულიად განსხვავდებოდა ცოლის და დედის იმ იდეალური სურათისგან, როგორც მამაკაცი მხატვრები ოდესმე გამოსხავდნენ. პაულამ ახალი, მოდერნისტული ნამუშევარი შექმნა. და აღარც გაჩერებულა. საზღვარი აღარ არსებობდა. მან აღმოაჩინა კუბიზმი და მისი ხედვის კუთხე კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა... 

ერთი წლის შემდეგ ქმარს სთხოვა, ჩასულიყო პარიზში. ოტო მართლაც ჩავიდა და მთელი ზამთარი დარჩა. სხვადასხვა ატელიებში მუშაობდნენ. ერთმანეთს ხატავდნენ, როგორც ურთიერთობის დასაწყისში და ერთმანეთის სხვეულებიც აღმოაჩინეს, გაზაფხულზე კი ვორპსვედეში დაბრუნდნენ. პაოლა უკვე შვილს ელოდებოდა. და ისევ ხატავდა. 1907 წლის ნოემბერში გოგონა გააჩინა. ფეხზე ადგომა 18 დღის შემდეგ შეძლო, მაგრამ სისუსტისგან იქვე ჩაიკეცა და რამდენიმე დღეში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა. 

პაულას სიკვდილის შმედეგ ოტო მოდერზონმა დატოვა ვორპსვედე. ის 1943 წელს გარდაიცვალა. მისი სახელი დღეს თითქმის დავიწყებას არის მიცემული. 

პაულას ნამუშევრები კი, გერმანული მოდერნიზმის იკონებად იქცნენ. 8 წელიწადში მან 750 ტილო და 1000 ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი შექმნა. 

1927 წელს ბრემენში პაულა მოდერზონ-ბეკერის ნამუშევრების გამოსაფენად ცალკე გალერეა აშენდა. ეს მსოფლიოში პირველი მუზეუმი იყო, რომელიც ქალის ნამუშევრებს მიუძღვნეს. 

პაულა მოდერზონ-ბეკერზე არაერთი წიგნი და ფილმია შექმნილი, როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული. ბოლოს მასზე მხატვარული ფილმი 2017 წელს გადაიღო გერმანელმა რეჟისორმა ქრისტიან შვოხოვმა, სათაურით „პაულა“. 

ვორპსვედე დღეს სახელოსნოების, მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების, ხელოვანთა თავშეყრის ადგილების გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ ყველაფერი დაათვალიერონ, მთელი დღე ისეირნონ, განიცადონ და წარმოიდგინონ, როგორც მაშინ, როცა სამმა ახალგაზრდა ბიჭმა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემია დატოვა და ახალი შთაბეჭდილებებისა და ინსპირაციისთვის ამ წყლიან-ჭაობიან ლადშაფტს მიაშურა. 

ფოტოებზე: ვორპსვედე.

      

    

 


Scroll to Top
Scroll to Top