Notes

Nico - გოგონა ხანძარშიგახვეული ბერლინიდან / The Velvet Underground & Nico

 
Niko : Wie kann die Luft so schwer sein, an einem Tag dem der Himmel so blau ist. 
როგორ შეიძლება ჰაერი იყოს ასეთი მძიმე, იმ დღეს, როცა ცა ასე ლურჯია... 
 
ბერლინის Grunewald -ის სასაფლაოზე იპოვით პატარა საფლავს წარწერით : Nico – Christa Päffgen.
ეს სწორედ ის ნიკოა, 60-იანი წლების მომღერალი და მსახიობი, პანკისა და გოთიკის გზის გამკვალავი. მანამდე კი ნიკო პირველი გერმანელი მოდელი იყო, რომელმაც წარმატებას მიაღწია მოდის საერთაშორისო სცენაზე.
ნიკოს განსაკუთრებული პოპულარობა ენდი უორჰოლის ფილმებმა მოუტანა. მისი Factory – ის წევრი და სუპერვარსკვლავი იყო. მონაწილეობა მიიღო მხატვრის ცნობილ ფილმში The Chelsea Girls და 1966 წელს „Popgirl '66“ -ად დაასახელეს.
ენდი უორჰოლმა მისთვის შესაფერისი ჯგუფი The Velvet Underground მოძებნა და მათი ალბომის პროდუსერობაც იკისრა. ასე შეიქმნა The Velvet Underground & Nico.
მისი ცხოვრების პარტნიორთა სიაში იყვნენ : Lou Reed, Brian Jones, Bob Dylan, Tim Hardin, Leonard Cohen, Jackson Browne,Jimi Hendrix, Danny Fields und Iggy Pop….
ნიკო და მისი საფლავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვნახე, ამასწინათ დოკუმენტურმა ფილმმა გამახსენა, რომელიც ,სატელევიზიო არხმა "არტემ" აჩვენა სათაურით „ნიკო 1988“. ფილმი მომღერლის სიცოცხლის ბოლო ორი წლის ამბებზეა აგებული.
რადიო ინტერვიუებში ნიკო ცდილობს, არაფერი თქვას ველვეტ ანდერგრაუდნზე, ჩემი რეალური ცხოვრება მაშინ დაიწყო, როცა საკუთარი სიმღერის შექმნა შევძელი,- ამბობს ერთგან, და ეს იდეა ჯიმ მორისონმა შთამაგონაო.
ფილმი ხანძარში გახვეული ბერლინით იწყება, როცა პატარა კრისტა დედასთან ერთად გაჰყურებს ცას და ვერ ხვდება, რაშია საქმე. დედა კი უხსნის, რომ ეს ომის დასასრულია.
მერე ნიკო იხსენებს : „რაც თავი მახსოვს, სულ მშიოდა. მშიოდა ბავშვს ომის შემდგომ ბერლინში და მშიოდა როგორც ცნობილ მოდელს, არადა, მიყვარს ჭამა“.
უცნაური მომენტია: გემრიელი სადილი, როგორც ოჯახური სიმყუდროვის ატრიბუტი, მას მუდამ აკლია. ხოლო არ აკლია, ეს ჰეროინია. რომელიც სჭირდება ყველგან, მაშინაც კი, როცა კონცერტის ორგანიზატორები მის გამო რისკავენ... და როცა მეგობარი ურჩევს, იქნებ შეეშვა, იქნებ შევძლო შენი დახმარება და შეეშვა ამ ჰეროინს? ნიკო ვერ ხვდება, რას ითხოვენ მისგან...
თუმცა ნიკო ნარკოტიკისგან არ გარდაცვლილა, მას ანევრიზმა გაუსკდა 1988 წელს.
ცხოვრების ბოლოს მან ისიც შეძლო, რომ შვილთან ურთიერთობა დაელაგებინა.
ბიჭი, რომელიც მსახიობ ალენ დელონისგან გააჩინა 1962 წელს, მოუცლელი მშობლების ხელში ბოლოს ფრანგ ბებიას შერჩა გასაზრდელად. მან პატარა ბიჭუნა ოფიციალურად იშვილა. ნიკო არასდროს ასახელებდა ინტერვიუებში შვილის მამას. მხოლოდ ერთგან ეუბნება ჟურნალისტს: "ის მე არ მგავს, თავის მამასავით ლამაზია". კრისტიან აარონ ბულონი, იგივე არი, როგორც დედა ეძახდა, დეპრესიული და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი, დღეს პროფესიონალი ფრანგი ფოტოგრაფია.
ბიორგაფები ამბობენ, რომ ის დეპრესიისგან სწორედ დედასთან ურთიერთობის ბოლო წლებმა გადაარჩინა.
თუ დაინტერესდებით, მოიძიეთ ფილმი, მე კი ამ ფოტოებს გთავაზობთ.
 
 
 
 
ნოკოს საფლავი ბერლინის Grunewald -ის სასაფლაოზე. 
 

Scroll to Top
Scroll to Top