Notes

Ulrike Almut Sandig / ულრიკე ალმუტ ზანდიგი : რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ვანათებ ისე, როგორც ცამეტი ფერწერული ტილო, ფენა-ფენა დალაგებული

  Ulrike Almut Sandig in georgischen Version
ულრიკე ალმუტ ზანდიგი / Ulrike Almut Sandig თავის გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ პოეზიას სიტყვაში არსებული ბგერისა და მუსიკის ერთიანობა ქმნის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის ლექსებში ხაზგასმულია ფორმა და რიტმი. ზანდიგის პოეზია ფრაზის რიტმულობისა და სათქმელის აქტუალურობის შესანიშნავ კომბინაციას წარმოადგენს თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში.
პოეტური და პროზაული კრებულების გარდა, ზანდიგი ცნობილია მუსიკალური პერფორმანსებითა და ფილმებით, რომელსაც გერმანელ, ახალზელანდიელ, ინდოელ, უკრაინელ კოლეგებთან ერთად იღებს.
ლექსების კრებული „რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ვანათებ ისე, როგორც ცამეტი ფერწერული ტილო, ფენა-ფენა დალაგებული“ 2016 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე (გამომცემლობა Schöfling & Co.). ამ კრებულისთვის პოეტმა რამდენიმე ლიტერატურული პრემია მიიღო.
ზანდიგის ლექსები გერმანულ პოეტურ ტრადიციებს ეყრდნობა, მაგრამ მისი რიტმი თავისთავადია და გამორჩეული. კრებულის პირველივე ლექსში პოეტი გვიხსნის თავის დამოკიდებულებას პოეზიის და ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის მიმართ: რას არის მისი კონცეფცია, ვისთან აკეთებს გადაძახილს და ამყარებს კავშირს. ის საკუთარ პოეზიას ადარებს ნაკადულს, რომელიც მოჩქეფს და გზადაგზა სხვა ნაკადულებს უერთდება, ვიდრე ერთ დიდ მდინარედ არ გადაიქცევა. ეს ლექსები, ამავე დროს, ერთგვარი დიალოგია მკითხველთან. პოეტი ხშირად მიმართავს მას შეკითხვით და პასუხსაც ელის.
 
კრებული ქვეთავებადაა დაყოფილი, რომელთა სათაურები წიგნის უჩვეულოდ გრძელი სათაურის ნაწილებია. კრებულს აქვს პროლოგი და ეპილოგი: ლექსები სამშობლოზე, როგორც პოეტის მეხსიერების საწყისზე და „არავისგან ხელდებული“ ქვეყნების შესახებ, რაც დღევანდელ ევროპულ კონტექსტში ერთგვარ პოლიტიკურ მანიფესტებად აღიქმება.მკითხველის თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ იხსნება ლირიკული „მეს“ იდენტობა. პოეტური სურათხატებითა და რიტმით ზანდიგი მკითხველს თავბრუდამხვევ წრეში აქცევს და ისევ და ისევ ენის, როგორც ქმნადი ფენომენის ყოვლისმომცველ ძალაში არწმუნებს. შეიძლება ითქვას, რომ კრებულის ძირითადი თემა თვითონ ენაა, მისი შესაძლებლობების ძებნა და აღმოჩენა. აქ გაერთიანებულ ლექსებში ხომ გერმანული ტრადიციული ზღაპრების ექო და საბავშვო თამაშების რითმებიც ისმის.
ზანდიგი ხშირად გამოხატავს თავის სამოქალაქო პოზიციას როგორც პერფორმანსის, ისევე სალექსო ფორმით.
იგი არ ერიდება პოეზიაში საზოგადოების კრიტიკას, წერს ომზე, სისასტიკეზე, ტერორზე. ზღაპრებს, ბალადებსა და რომანტიკულ ლიტერატურულ მოტივებს იგი დღევანდელ რეალობასთან აკავშირებს და ქმნის სივრცეს, სადაც პოლიტიკა ისევე აქტუალურია, როგორც პიროვნული ურთიერთობები და განცდები.
 
ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში ზანდიგის ლექსები რამდენჯერმე გამოვაქვეყნე და სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც გავაცანი. სწორედ მკითხველის მიერ გამოხატულმა ინტერესმა გამაბედინა ამ კრებულის თარგმნა. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ენაზე ზანდიგის ლექსების პოეტური ინტერპრეტაცია იოლი არ არის, როგორც ენობრივი (პოეტი ძალიან ხშირად მიმართავს იდიომებსა და სიტყვათა თამაშს), ისე ინტერტექსტუალურობისა თუ პოლიტიკური კონტექსტის გაგების თვალსაზრისით. ალუზიებსა და ციტატებში უკეთ გასარკვევად კრებულს დართული აქვს სათანადო განმარტებები.
 
თუკი ამ ლექსების წაკითხვის შემდეგ, ქართველ მკითხველს ოდნავ მაინც შეექმნება წარმოდგენა თანამედროვე გერმანული პოეზიის ფორმებსა და ტენდენციებზე, მთარგმნელის, როგორც მედიუმის დანიშნულება გამართლებული იქნება.
 
ბელა ჩეკურიშვილი

Scroll to Top
Scroll to Top