დარჩი სახლში და ჩაუჯექი ერთმანეთობას,
მონატრებიხარ ჭერს, კედლებს და ფოტოალბომებს.
ერთი შეხედე სახლი შენთან როგორ ერთობა,
ცხოვრობდი, მაგრამ ვერ ამჩნევდი სევდას ამ დრომდე...
ხსოვნაც მოისვი, ადრე მისთვის ხომ არ გეცალა,
ტკბილ მოგონებებს გაუსინჯე გემო ერთხელაც.
მერე მიხვდები, ამ დრომ უცებ როგორ შეგცვალა,
და შენი ფიქრი ყოფის აზრს რომ აღარ ემთხვევა...
დარჩი სახლში და გამოაღე ფართოდ ფანჯარა,
წყალი დაუსხი უშენობით ნაწყენ ყვავილებს.
სარეცხის თოკზეც ორი ჩიტი ერთად დამჯდარა,
და ყურს უგდებენ- რას უამბობს სახლი აივნებს...
დარჩი სახლში და ჩაუჯექი ერთმანეთობას,
ცხოვრობდი, მაგრამ გიყურებდა სახლი მდგმურივით...
დაწერდა კაცი ამ ამბებზე ალბათ ერთ რომანს,
სხვა ამაოა, სიყვარული რჩება მუდმივი!
03.05.20
- თამარ ბოლქვაძე