Macbeth over Europe -
თანამედროვე ევროპის მაკბეტური სურათი
ინტერვიუ რეჟისორ ფრანკ ჰოიელთან
როგორია თანამედროვე ევროპა, რა ხდება იქ რეალურად ? ქართული საზოგადოებისათვის ეს ერთ-ერთი აქტუალური კითხვა არანაკლები ინტენსიურობით ისმის გერმანიაშიც.
ბონის თეატრალური დასის fringe ensemble -ს ხელმძღვანელმა ფრანკ ჰოიელმა ბონის თეატერბალზაალში გაზაფხულზე უჩვეულო სპექტაკლი წარმოადგინა. პროექტი Macbeth over Europe 6 დრამატურგის და 5 მსახიობის მონაწილეობით შეიქმნა. ფრენკ ჰოიელმა შექსპირის „მაკბეტის” თემაზე პიესის დაწერა ექვს დრამატურგს დაუკვეთა ევროპის ექვსი ქვეყნიდან. ივო ბრიდისს (ლატვია), სერან ერქანს (თურქეთი), გორან ფერჩეკს (ხორვატია), ლოტარ კიტშტაინს (გერმანია), ალექსანდრ მოლჩანოვს (რუსეთი), მარი ნიმიერს (საფრანგეთი) უნდა შეექმნათ ერთმოქმედებიანი პიესები, რომლის მოქმედების დრო იქნებოდა აწმყო, ადგილი - საკუთარი ქვეყანა, თემა კი, შექსპირის „მაკბეტიდან” უნდა აეღოთ და თანამედროვე ევროპული ურთიერთობების ფონზე გაეშალათ. ძალაუფლება, კარიერა, მკვლელობა, მარტოობა, წინასწარმეტყველება, სიგიჟე - აი, ძირითადი საკითხები, რომელიც ავტორთა ყურადღების არეში მოექცა.
უილიამ შექსპირი პოლიტიკური თეატრის ფუძემდებლადაა ცნობილი ინგლისურენოვან სამყაროში. ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანი მთელი თავისი ნაკლოვანებებით მის არაერთ პიესაშია წარმოდგენილი. პოლიტიკური თეატრის ძირითადი მიზანი ვიწრო, ინტერვენციურ ფორმაში საზოგადოებრივი სტრუქტურების კრიტიკული ანალიზის ჩვენება და მათ შესაცვლელად ბრძოლაა. რას ემსახურება ფრანკ ჰოიელის ინტერნაციონალური პროექტები? როგორ ახერხებს რეჟისორი სრულიად განსხვავებული პიესების ერთ სივრცეში ინსცენირებას? ორი წლის წინ მან ათი დრამატურგის პიესას მოუყარა თავი ლაიპციგის სცენაზე და პუბლიკას თავზარდამცემი წარმოდგენა შესთავაზა, სახელწოდებით “ხალხთა კვლა, ანუ ძაღლების წინაშე”...
წინამდებარე ინტერვიუში რეჟისორი გვესაუბრება სპექტაკლის ესთეტიკაზე, მის სცენოგრფიულ ფორმებზე, როგორ შეიქმნა პროექტი Macbeth over Europe და იმ ძირითად თემებზე, რომელიც დრამატურგებმა წარმოადგინეს და რაც თანამედროვე ევროპის სურათს ქმნის.
_ ბატონო ჰოიელ, სპექტაკლებისთვის თქვენ პოლიტიკურ თემებს არჩევთ და თავისებური ხერხებით ისინი სცენაზე გადაგაქვთ. ეს, უმეტესად, რამდენიმე ავტორის პიესების კოლაჟური ინსცენირებებია. ასეთი იყო, მაგალითად, სპექტაკლი „ძაღლების პირისპირ” - ომის თემაზე, ასეთივეა „მაკბეტი ევროპოს გარშემო” - ძალაუფლების თემატიკით.
თეატრს, რომელსაც ფრანკ ჰოიელი აკეთებს, შეიძლება პოლიტიკური თეატრი ეწოდოს?
-დიახ, ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია აქტუალური თემატიკის საავტორო პროექტები. ვცდილობთ, ინტერნაციონალური პროექტების რეალიზებას და კითხვები, რომელსაც ვსვამთ, სრულიად ევროპას ეხება. ამით ჩვენი საქმიანობა, ბუნებრივია, პოლიტიკურ თეატრად შეიძლება შეფასდეს.
-რამდენად მნიშვნელოვანია დღეს გერმანული თეატრებისთვის პოლიტიკური ასპექტები?
-გერმანიაში ბევრი თეატრი ეხება საზოგადოებრივ საკითხებს. თუნდაც ეს ტრადიციული დრამა იყოს, ცდილობენ, პოლიტიკურად აქტუალურ თემებს დაუკავშირონ. ჩვენ ახალი დრამატურგიის შექმნას ვცდილობთ და ამისათვის საერთაშორისო პროექტების გზით წავედით. ბოლო ოთხი წელია ასე ვმუშაობთ. რასაკვირველია, რუსი ავტორი სხვანაირად ხედავს ევროპას, ვიდრე ფრანგი. გარდა ამისა, ამგვარ პროექტებში საინტერესოა ისიც, რომ ავტორები ერთმანეთს ეცნობიან და იდეებს უზიარებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვაშენებთ ერთგვარ ხიდებს, რომელიც მშვიდობის საქმეს ემსახურება.
-კვლავაც აქტუალურია კითხვა, რამდენად აქვს თეატრს პოტენცია, რომ შეცვალოს, ანდა გააუმჯობესოს საზოგადოების მდგომარეობა. თუ მიაგნო თეატრალურმა ხელოვნებამ ამის პასუხად რაიმე ესთეტიკურ ხერხს?
-ის, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლონი ვართ, ეს ყველა თეატრალურ მოღვაწეს სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარც იმუშავებდნენ. მე ვფიქრობ, საზოგადოების მასიურ შეცვლაში ხელოვნების როლზე საუბარი გადაჭარბებულია, საქმე ცალკეული პიროვნების რეფლექსიას ეხება. თეატრი კონკრეტულ მაყურებელზე ზემოქმედებს და თვითონაც იმ კონკრეტული მაყურებლის მოთხოვნისა და ინტერესის შესაბამისად იცვლება. აქედან მომდინარეობს იმ თეატრალური ფორმების დამუშავება, რაც აქამდე არ არსებობდა. ასეთია თუნდაც ის კოლაჟური სპექტაკლები, რასაც ჩვენი თეატრი მიმართავს.
-რამ მოგცათ იმპულსი, რომ ევროპის მაკბეტური სურათის შექმნაზე გეფიქრათ?
-მაკბეტი, როგორც ძალაუფლებას მოწყურებული მმართველის მაგალითი დღესაც ძალიან აქტუალურად გამოიყურება. ჩვენ ხომ ძალაუფლების სიყვარულის თუ ამ ძალაუფლების გადაჭარბებულად გამოყენების რეალობაში ვცხოვრობთ. ყოველ ავტორს თავისებური ასოციაცია გაუჩნდა საკუთარ ქვეყანასთან კავშირში. შესაბამისად მოვძებნეთ დრამატურგები როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ ევროპიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან, რომლებმაც მაკბეტის ფიგურას სრულიად განსხვავებული კუთხიდან შეხედეს. საფრანგეთში დღეს სულ სხვა პრობლემებია, იქ ტერორიზმის და კოლონიალიზმის საკითხების წინაშე დგანან. ლატვია კი პატარა ქვეყანაა, რომელიც ერთი მხრივ ნატოს წევრი გახდა, მეორე მხრივ, რუსეთი ისევ კართან უდგას. თვითონ რუსეთში ხომ ძალაუფლებისმოყვარე მმართველის მაგალითი გვაქვს, რომელსაც არაერთი მსგავსება აქვს მაკბეტის ფიგურასთან. ასევე აქტუალურია თურქეთი ამ თვალსაზრისით, სადაც კიდევ უფრო გამწვავდა მდგომარეობა, ვიდრე ჩვენ ამ პიესაზე მუშაობისას წარმოგვედგინა.
-რა იყო ის ძირითადი თემები, რაზეც ავტორებმა მაკბეტის ვარიაციები ააგეს?
- ყოველმა დრამატურგმა საკუთარი ქვეყნის რეალობა წარმოაჩინა. მათი დავალებაც ეს იყო. ორი ავტორი, მაგალითად, სხვადასხვა კუთხით, ბავშვების თემას შეეხო. ეს თურქულ და გერმანულ პიესაშია. თურქმა სერან ერქანმა ლტოლვილთა თემა დაამუშავა. როგორც ვიცით, შექსპირის პიესაში ცოცხალი გადარჩება ბანქოს შვილი, რომელიც მკვლელებს გაექცევა. როგორც შეიძლება გადაჭრან შურისძიების საკითხი შვილებმა, ვისაც ტერორიზმმა მშობლები დაუხოცა? სად მოხდება შერიგება, რა ვითარებაში? ან, მოხდება კია?
გერმანელი ავტორისთვის აქტუალური ბავშვებზე ძალადობისა და მკვლელობის თემა გახდა. ხორვატმა დრამატურგმა ძალაუფლებისმქონე ტურბოკაპიტალისტი დახატა, რომელიც აბსოლუტურად მარტო ზის თავის ციხე-სიმაგრეში და არავისი აზრის მოსმენა არ სურს. რუსმა დრამატურგმა კი შპიონთა ცხოვრებიდან აიღო სურათები, ეს ბრმა მორჩილებასა და სინდისის ქენჯნაზეა, როცა კოლეგა კლავს კოლეგას ზემოდან წამოსული ბრძანების გამო.
- რა იყო თქვენი მოლოდინი, როდესაც დრამატურგებს დავალებას აძლევდით და რა მიიღეთ? როგორია ამ ექვსი პიესის მიხედვით ევროპის სურათი?
- ზოგიერთი ტექსტი ისეთი იყო, ვიფიქრე, ღმერთო, ამისგან რა უნდა გავაკეთო-მეთქი. მაგალითად, ფრანგი ავტორის ტექსტს მუშაობის პროცესშიღა ჩავწვდი. ექვსი ქვეყნის მაგლითზე ძნელია, სრულიად ევროპის სურათზე მსჯელობა. მაგრამ ის, რაც ჩვენს წინაშეა, არის დაბნეული, კითხვებით აღსავსე ევროპა, სადაც პასუხები არ ჩანს. ეს ილუზიებდაკარგული ევროპაა, სადაც ამ კონკრეტულ მომენტში არც ერთი ნამდვილი იდეა არ არსებობს. საით მივდივართ რეალურად? რა გაერთიანება ვართ, რა გვაკავშირებს ერთმანეთთან? პასუხისმგებლობა მხოლოდ სხვებზე გადაგვაქვს, ამის მაგალითად თუნდაც ლტოლვილთა თემა გამოდგება. ასე მგონია, ევროპა დაიღალა და მას უკვე რაღაცეებში სიცხადის შეტანა, სტრუქტურირება სჭირდება. ამბობენ, რომ ნაციონალური იდენტობა უმთავრესია, მაგრამ მე მგონი, ჩვენ ყველას რაღაც ისეთი გვჭირდება, რაც რეალური სიმშვიდის განცდას მოგვცემს. ეს სათქმელი აქვს ლატვიელ დრამატურგსაც და გერმანელსაც, აღარაფერს ვამბობ ფრანგზე, რომელიც მხოლოდ კითხვებზეა აგებული.
-რა პრინციპით დაალაგეთ ტექსტები? ზოგი მხოლოდ მონოლოგია, ზოგი მხოლოდ კითხვები, ზოგს სიუჟეტი არ გააჩნია. ამ სრულიად განსხვავებული ტექსტების ინსცენირებისთვის რა ხერხს მიმართეთ? რა იყო შემკვრელი ხაზი ამ პიესებისთვის?
-დალაგება მუშაობის პროცესში მოხდა, არსებობს დინამიური, რიტმული საკითხები და შინაარსობლივი საკითხები. როგორ მოვახერხო, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს, როგორ მივაქცევინო ყურადღება შემდეგ პასაჟზე, რომელი ნაწილის შემდეგ რის ჩასმა სჯობს - ამაზე ფიქრი დიდხანს დაგვჭირდა. თუმცა კი, რუსი ავტორის ტექსტით რომ უნდა დაგვეწყო და ფრანგით დაგვემთავრებინა, ეს ძალიან მალე გახდა ნათელი. როცა ექვს პიესას ერთ სპექტაკლად კრავ, შეგიძლია ეს უბრალოდ 6 მოქმედებად დაყო და სადამდეც გასტანს, გასტანს. თუკი მაყურებელი არ გაგექცევა. ჩვენთვის მთავარი იყო, საერთო სივრცე შეგვენარჩუნებინა, ერთიანი, გახსნილი, რომელიც ექვსივე პიესას აიტანდა. სცენა მეტ-ნაკლებად სტაბილური უნდა დარჩენილიყო. ერთხელ შემოაგორებენ ვაგონს და გააგორებენ ისევ, სულ ესაა. მსახიობებისთვის შევარჩიეთ მარტივი კოსტიუმები, რომელთა ვარირება იოლად მოხდებოდა, ბუნებრივია, საჭირო იყო სცენოგრაფიული იდეები ცალკეული პიესებისთვის და ბოლოს - მსახიობებსა და დარბაზს შორის ერთიანი ენერგიის წარმოქმნა.
ყველა ამ პიესას, რასაკვირველია, “მაკბეტი” აერთიანებს, შემდეგ კი - ევროპა. თურქ ავტორთანაც კი ცენტრალური თემა დასავლეთ -აღმოსავლეთის კავშირია გადაკვეთის წერტილით - ისტანბული, სადაც რეალურად ევროპა აზიას ხვდება, საიდნაც შეკითხვათა უამრავი ნაკადი მოედინება და სრული ქაოსია.
- ქვეყნების ცვალებადობა თუ იგრძნობა სპექტაკლის მსვლელობისას?
- ჩვენ ორ ხერხს მივაგენით, რათა მაყურებლისთვის ეს გვენიშნებინა. სცენის განაპირას დავდგით განათებული ყუთი, სადაც ქვეყნებია მითითებული, ხოლო მეორე კი ის დაბეჭდილი გზამკვლევია, რომელიც სპექტაკლის წინ მაყურებელს ეძლევა, სადაც ასევე აღნიშნულია ქვეყნები და მოქმედების მიმდინარეობა. პუბლიკას შეუძლია ზუსტად მიადევნოს თვალი, სად ხდება მოქმედება და ყურადღება გაამახვილოს, რატომ შემოდის ესა თუ ის თემა.
-ესე იგი, ავანგარდისტული ელემენტის შემოტანაც დაგჭირდათ?
- თეატრი ხელოვნებაა და ხელოვნებას კი მხოლოდ მაშინ შეუძლია ზემოქმედება, თუკი სპექტაკლსა და მაყურებელს შორის დიალოგი დგება. დიალოგისთვის კი მაყურებლის მზაობაა საჭირო. ჩვენ არ ვდგამთ ისეთ სპექტაკლს, სადაც პუბლიკას გასართობად ვიწვევთ. ჩვენ მათი თანამონაწილეობით ვქმნით სპექტაკლს. მაყურებლისგან მოვითხოვთ, იფიქროს, რატომ იცვლება ასე ამბები და ფიგურები, რა იცის ამ ქვეყნების შესახებ ან რა არ იცის და რისი გაგების სურვილი უჩნდება, რომელ სტერეოტიპებზე თუ წინასწარ შეხედულებებზეა დამყარებული მისი ასოციაციები.
-თქვენ ე.წ. მეოთხე კედელიც დაარღვიეთ სცენასა და დარბაზს შორის. ინტეგრირებულ მაყურებელს ერთგვარი სპექტაკლში ჩართულობის შეგრძნება გაუჩნდა. რა რეაქციას ელოდით პუბლიკისგან?
- მგონი მაყურებელმა სწორად აღიქვა სპექტაკლი. მათ ვინც წაიკითხეს სათაური Macbeth over Europe, რომელიც ექვსი დრამატურგის პიესაზე იქნებოდა აგებული, დარწმუნებული ვარ არ უფიქრიათ, რომ აქ შექსპირის „მაკბეტი“ დახვდებოდათ. გარკვეული ასოციაცია ამ თემაზე ყველას უჩნდება, რაც უკვე მათთან კონტაქტის დამყარების საშუალებას ზრდის, ეს ძალიან რთული, ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა.
-ამ მრავალპლანიან სპექტაკლში მხოლოდ 5 მსახიობი დაასაქმეთ. როგორ ფუნქციონირებს ეს ჯგუფი?
-ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სცენაზე ერთიანი ენერგია იყოს. მე არ მინდოდა შემოსულიყო მსახიობთა ჯგუფი, ეთამაშა, გასულიყო და ამით დასმოდა წერტილი სპექტაკლის ერთ ნაწილს. აქ მსახიობები ერთი როლიდან მეორეში გადადიან და მაყურებლისთვისაც პიესებს შორის კავშირი არ წყდება. მათ შეუძლიათ ამოიცნონ მსახიობი, შეადარონ მის სხვა როლს, ანდა არც ამოიცნონ, მაგრამ მთავარი ის წნულია, რაც მსახიობთა როლიდან როლში გარდასახვისას წარმოიქმნება. ეს არის ძლიერი ჯგუფური მუშაობის შედეგი.
-პირველივე პიესაში სცენაზე თოჯინა შემოიყვანეთ, რა იყო ამგვარი ეკლექტიკის ფუნქცია?
-გვინდოდა, რომ დასაწყისიდანვე სცენაზე მაკბეტი გამოჩენილიყო. ამიტომ ის თოჯინის სახით დავსვით. შესვენების შედეგ კი, სცენაზე ის ხელზე წამოსაცმელი თოჯინის სახით გამოჩნდა, როგორც უკვე შექსპირის ფიგურა, რომელიც იოლად ექცევა სხვების ზემოქმდების ქვეშ და საშუალებას აძლევს სხვადასხვა ძალებს მართონ მისი პიროვნებაც და ბედ-იღბალიც.
- დრამატურგები წარმოდგენილ პიესებში თანამედროვე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ - ვის მხარეზე დგას იგი, რას ემსახურება. რა პასუხისმგებლობა აკისრია თეატრს? თქვენს სპექტაკლს? თავად თქვენ?
-ახლა, როცა მაკბეტზე და ავტორთა ჯგუფზე ვფიქრობ, ვისთანაც ვიმუშავე, ჩემი პირველი პასუხისმგებლობა ის იყო, რომ მათი ტექსტები სწორად გამეგო და ინსცენირების ხერხები აღმომეჩინა. სპექტაკლი ტექსტდან იწყება და როგორც რეჟისორი, მე მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი. მიმაჩნია, რომ რეჟისორი მსახურია. იქ სადაც კომუნიკაციასთან გვაქვს საქმე, პასუხისმგებლობაც ჩნდება, პროფესიულიც და პიროვნულიც. თეატრს, როგორც ინსტიტუციას აქვს პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, ის მორალური უნდა იყოს, შინაგანად ჯანმრთელი, წინააღდეგ შემთხვევაში საშიში ხდება.
P.S. Macbeth over Europe რუსი დრამატურგის პიესით იწყება, სადაც მსახიობებს პირი აქვთ პლასტირით აკრული, მათ ეკრძალებათ საუბარი როგორც ერთმანეთთან, ასევე გარე სამყაროსთან. უფლება არ აქვთ, ან ეშინიათ. ხოლო სპექტაკლის დასასრულს ნიაღვარად მოდის ფრანგი ავტორის 343 კითხვისგან შემდგარი ტექსტი. ეს შინაარსობლივი დატვირთვის გარდა, იმის ზუსტი ნიშანიც არის, რაც თავისუფალ საფრანგეთს ტოტალიტარული სამყაროსგან განასხვავებს.
და როდესაც ქართველი საზოგადოება კითხულობს, რა ნიშნავს ევროპული აზროვნება, ან ჩვენ რაზე გვსურს სწორება გავაკეთოთ, ამგვარი პროექტები ჩვენს დაუსრულებელ კითხვებსაც სცემს პასუხს: მიუხედავად უამრავი გადაუჭრელი საკითხისა და გაუცემელი პასუხისა, ევროპაში ადამიანებს შეუძლიათ ხმამაღლა იმსჯელონ და შესაბამისად, გამოსავალი ეძებონ. და თუკი fringe ensemble -ს სპექტლის ნახვის შემდეგ ვიკითხავთ, რას წარმოადგენს ერთიანი ევროპა როგორც იდეა, გავიაზრებთ, რომ ეს პირველ რიგში კითხვების დასმისა და მასზე პასუხების მოთხოვნის უფლებაა.
შექსპირისეული კუდიანები დღეს შეგვიძლია განვიხილოთ როგორც რეკლამისა და პროპაგანდის მეტაფორა, ამაზე მინიშნებას გერმანელ დრამატურგთანაც ნახავთ. პროპაგანდის როლი შეიძლება ითამაშოს თეატრმაც. ეს მეთოდი ტოტალიტარულ სისტემებს კარგად აქვთ ათვისებული. სწორედ ამიტომ გააჩნია Macbeth over Europe -ს მსგავს პროექტებს არა მხოლოდ ესთეტიური, პოლიტიკური მნიშვნელობაც.
შექსპირის „მაკბეტი” ქართული თეატრის სცენაზე დღემდე იდგმება, რაც ნიშნავს, რომ ქართველ მაყურებელს მაკბეტისეული პრობლემები კვლავაც აღელვებს. საინტერესოა, ფრანკ ჰოიელს მსგავსი დავალება ქართველი დრამატურგებისთვისაც რომ მიეცა, ქართული რეალობიდან რომელი საკითხები აისახებოდა მათ პიესებში?
ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი
გამოქვეყნებულია ჟურნალში "კულტურა პლიუს" 4 (6) 2016.