lockdown

სონია ქართველიშვილი / Sonia Qartvelishvili : სიყვარული ჟამიანობის დროს

  Sonia Qartvelishvili

იყვარული ჟამიანობის დროს

 

ერთმანეთისგან  მწვავე უძილობა გადმოგვედო -
ყოველ ჯერზე, როცა ჩემი სხეულისგან ბოლომდე დაცლილი საწოლიდან დგები,
მიდიხარ ჩემგან ბოლომდე დაცლილ კარადასთან
და დიდი ხნის წინ გარდაცვლილი კაბის მულაჟს
უკვე მეათასედ აყოლებ მთელი ძალით გაჯახუნებულ კარში მაჯას -
ისიც უკვე მეათასედ გიყოფს ენას,

 კარსა და სიბნელეს შორის ჩაჭყლეტილი
და ამ დროს შენ ოდნავაც არ გტკივა შენი უჩემობა;
მეც  შევეჩვიე შავ-თეთრი დარდის და აშრიალებული კედლების კივილს,
კიდევ - მხოლოდ ცალ მხარეს ორსულ საწოლს,
ყველაზე მეტად რომ ჰგავს სიკვდილს
და მარადიული უძილობით დავირუსებულს 
91 წლის ბებოს მოყოლილი ამბავი მახსენდება:
- ჩაფა,  ვირუსები მაშინაც იყო, განა, არ იყო...
დედაჩემის მამა, ბიძა და 15 წლის და გარდაიცვალნენ   ერთ კვირაში "ისპანკით". . .
- რა ერქვათ? . .
- სახელები არ ვიცი . . .
- მაოცებ. . .  სახელები როგორ არ იცი?. .
- მე 1929-ში დავიბადე, ეს კი 1918-ში მოხდა. . .
დედაჩემი ამაზე არასდროს საუბრობდა, მე რა ვიცი...
- თავს ნუ იმართლებ, ბაბუაშენის სახელი როგორ არ იცი, ქალო...
- არ ვიცი, თავს არ დამანებებ? . .
თურმე,  ჩემი დიდი ბებო გარდაცვლილ ოჯახის წევრებზე არასდროს საუბრობდა,
შვილებთანაც კი,
მე კი მთელ ქვეყანას მოვდე ჩვენი გარდაცვლილი სიყვარული -
ყველას დასანახად გიტირე

და  უკვე სასაცილოსთან ერთად  სამარცხვინოც ხდება

გლოვის ეს დაუსრულებელი კაკაფონია . . .
ვერა და ვერ ვისწავლე, 

უშენობის 30 წვეთი უძილო ღამის წყვდიადში გავაზავო,
მერე სულმოუთქმელად გადავკრა  და თუ ვერ დავაძინე,

 დავადუმო მაინც მღრღნელი ტკივილები...
გული დამწყდა, გარდაცვლილი წინაპრების სახელები  

რომ ვერ შემოინახა შთამომავლების მეხსიერებამ.
ყველაფერი დასანანია, რაც სამუდამოდ მთავრდება - 

სიცოცხლე და სიყვარული მითუმეტეს. 

 

- სონია ქართველიშვილი. 2020.

 


Scroll to Top
Scroll to Top