სითეთრე
ასეთები უნდა იყვნენ !
თოვლივით სპეტაკნი -
ფრთებს აფარფატებდნენ
ახალშობილი ღრუბლის ქულებივით
ბულულაღრუბლებად.
ნეტავ, ვინ შენიშნა სულ თავდაპირველად?
ან ახლა ვინ ხედავს, როცა ის მათ უხმობს?
ან თვითონ ისინი ნეტავ რას ხედავენ
თოვლისბულულაღრუბლების სიზმარში?
მათი სამოსელი
მიტკალის მსგავსად უნდა ქათქათებდეს,
ლივლივში, ციალში
და მზერა რომც მისწვდეს,
განა ვინ ირწმუნებს,
ნამდვილად რომ ნახა
მათი თვალების ფერადი ლაჟვარდი,
როცა გუგები თოვლს ამოუვსია,
სულმთლად დაუბინდავს
ანტიკურ ტაძართა
თეთრი მარმარილოს სიფითრის წინაშე.
ვით გედის ბუმბული,
შროშანისსადარი,
კენტად რომ მღერის,
თანამგზავრდაკარგული,
ყვირის და ოცნებობს -
ასე იფინება თოვლად მათი ქროლვა -
ვერმოხელთებული
ამ მარადიული ოცნების ქმნილების,
ჩვენ რომ სახელად ანგელოზს ვეძახით...
თარგმანი: ბელა ჩეკურიშვილის
Weiß
- Steffen Marciniak