stAnza 2021

ხეების ცეკვა

 

ასეთი გამოხედვა იციან ხეებმა

ფოთოლცვენისას

და არ ადარდებთ,

ზამთრისპირას რომ შიშვლდებიან -

თავდავიწყებით

იწყებენ ცეკვას დიდი ძილის წინ,

დიდი სიზმრების შესახვედრად. 

შენ რა იფიქრე? 

ნუთუ მათმა გულწრფელობამ შენც დაგაბნია?  

მოდი, გავშალოთ ჩვენც მკლავები, 

გარეთ გავიდეთ

და ვანიშნოთ ერთმანეთს, რომ

თუმცა შორსა ვართ, 

შეგვიძლია ერთმანეთი კვლავაც შევიგრძნოთ,

როცა ხის ტოტებს ჩამავალი მზის სინათლე თავისკენ უხმობს,

და სახლების სახურავებს ყოველდღიურ ამბებს აყოლებს.

სადღაც ერთ სახლში ხომ მეც ვცხოვრობ

და ერთი ხე ხომ შენთანაც ცეკვავს

ფერმიხდილი, შიშველი ტანით?

ოღონდაც კი გარეთ გავიდეთ,

გარეთ გავიდეთ...


Scroll to Top
Scroll to Top