Notes

დედოფალი თეოფანუ / Die einst mächtigste Frau des Abendlandes

  Kaiserin Theophanu

ორიოდე წლის წინ, რამდენიმე თვით კელნში მომიწია ცხოვრებამ. და ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ, სადაც საწერი მაგიდა მედგა, შუასაუკუნეების მონასტრის კედელი იყო აღმართული, დიდი ხეებით და ხეებს შორის მომზირალი ეკლესიის ფასადის წვერი. 

გერმანელმა პოეტმა ზაბინე შიფნერმა, ვინც იმ ზაფხულს თავისი ქალიშვილის ოთახი დამითმო,  პირველივე დღეს იდუმალი ხმით მითხრა: „იმ მონასტერში თეოფანოს საფლავია“. 

ფოტოზე: პანტალეონის ეკლესიის ფასადის ნაწილი.. 

ეკლესიებში საირული ისედაც მიყვარს, საფლავების მონახულება ხომ საერთოდ ჩემი ჰობია, მაგრამ ჯერ, რასაკვირველია, დავგუგლე. 

Dilectissima, charissima, amantissima  - უძვირფასესი, უსაყვარლესი, უტკბესი - ასე  ეძახდა საღვთო რომის იმპერიის ახალგაზრდა იმპერატორი ოტო მეორე თავის ცოლს თეოფანუს. ისტორია კი მას იხსენიებს როგორც ერთ-ერთ ძლევამოსილ ქალს შუასაუკუნეების ევროპაში. 24 წლის ასაკში დაქვრივებულმა დედოფალმა გერმანულ-რომაული იმპერია მარტომ მართა და ბევრი საინტერესო საქმე აკეთა. 

მის ფიგურას საინტერესოდ წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ თეოფანუ ტახტზე იჯდა არა როგორც ტახტის მემკვიდრის დედა, ქმრის სიკვდილის შემდეგ, 984 წელს იგი კაიზერად აკურთხეს. 

რასაც თეოფანოზე ვიცით, მე-10 საუკუნის ქრონისტის, მერზებურგის ეპოსკოპოსის თიტმარის ჩანაწერებიდან გვაქვს შემორჩენილი. 

თეოფანუ ოტო პირველმა ბიზანტიიდან ჩამოუყვანა თავის ვაჟს. ახალშექმნილ საღვთო რომის იმპერიას აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან კავშირით თავისი უფლებების განმტკიცება სურდა. 

თეოფანომ კონსტანტინოპოლი დიდი ამალით და ბრწყინვალე მზითვით დატოვა და იტალიაში ჩავიდა, სადაც რომში ოტო დიდის ვაჟიშვილზე, მომავალ ოტო მეორეზე უნდა ექორწინა. (ოტო დიდის იმპერიაში გერმანიასთან ერთად, რომი და ჩრდილოეთი იტალიაც შედიოდა). ოტო დიდი ბიზანტიის იმეპერატორს ქალიშვილს სთხოვდა, მაგრამ ვიდრე ელჩები წინ და უკან მიდი-მოდიოდნენ, ბიზანტიაში გადატრიალება მოხდა, შეთქმულებმა თეოფანოს დედის ბიძა, იმპერატორი ნიკეფოროს მეორე მოკლეს, ტახტი კი იოანე ციმისკემ მიითვისა. ციმისკემ გერმანელ იმპერატორს გვირგვირნოსანი პრინცესა ანას ნაცვლად, მხედარმთავრის ქალიშვილი თეოფანო გამოუგზავნა. ეს იყო მიზეზი, რომ საპატარძლოს გამოჩენას რომში ეჭვის თვალით შეხვდნენ. ქრონისტი თიტმარი იმასაც წერს, ოტო დიდს დიდებულები ურჩვედნენ, ჩამოსული საპატარძლო უკანვე გაეგზავნა კონსტანტინეპოლშიო. თუმცა, ვერავინ იტყვის, რით მოიგო თეოფანომ სამამამთილოს გული : ჩამოტანილი მზითვით, თუ კიდევ სხვა მიზეზიც იყო. შემორჩენილია თეოფანოს მზვითვის წიგნი, რის მიხედვითაც იგი თავისი დროის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ქალი ყოფილა.

ფოტოებზე : 1. თეოფანოს საქორწინო ხელშეკრულება. 2. პანტალეონის ეკლესიის ინტერიერი.

 

ასე იყო თუ ისე, ამ ქორწინებით ბიზანტიამ ოტო დიდის იმპერია ოფიციალურად სცნო. 

ოტო დიდმა თეოფანო თავიდანვე იმპერატორის ოჯახის წევრად და ქმრის თანასწორად დაასახელა. როგორც ჩანს, იმპერატორს მისი გონიერება მოსწონდა. თუმცა კი, ამან ახალგაზრდა დედოფალს მტრებიც შესძინა, მათ შორის დედამთილის სახით. ოტო დიდის გარდაცვალების შემდეგ, დედამთილი რძალს ოფიციალურად დაუპირისპირდა და აჯანყებაც მოუწყო.  

960 წელს დაბადებული დედოფალი 991 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა (ქალაქ ნიმვეგენში, დღევანდელი ჰოლანდია) სავარაუდოდ, ფილტვების დაავადებით. მზიანი კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულ თეოფანოს ჩრდილოთში უჩვეულო ცხოვრება ჰქონდა: მისი ქმრის ქვეყანას,  დედაქალაქი, როგორც ასეთი,  არ გააჩნდა, ოტომანები კუთხიდან კუთხეში, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ 400-500 კაციანი ამალით და ასე მართავდნენ სამეფოს. სამეფო რეზიდენციები კი, სადაც ისინი ჩერდებოდნენ, ერთი საშუალო შეძლების თავადის მამულს მოჰგავდა. თეოფანო ჯერ ქმართან ერთად იყო გზებზე გაკრული, შემდეგ მარტო, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომლებსაც ასევე მოგზაურობისას აჩენდა. 

ახალგაზრდა დედოფალი ბიზანტიურად იცვამდა და იკაზმებოდა, თუმცა გარემოცვას ესეც არ მოსწონდა, სავარუდოდ, მათ დედოფლის ბრწყინვალება აშინებდათ, ესეც თიტრმარის ქრონიკებიდან ვიცით, როგორ გმობდნენ მის სამკაულებს. თეოფანოს ჩამოტანილი ძვირფასეულობის ნაწილი დღეს ქალაქ ჰალბერშტადტის საცავებში ინახება. (ყოფილი სამეფო რეზიდენცია, საქსენ-ანჰალტის მიწაზე). 

თუკი დაინტერესდებით, თეოფანოზე, მის მამამთილსა თუ დედამთილზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმებს მრავლად ნახავთ ინტერნეტში. ასევე შეგიძლიათ, ფილმების ნახვა კელნის წმინდა პანტალეონის ეკლესიაზე, რომელიც ამჟამად რომანული სტილის მშვენიერი ნაგებობაა, თავის დროზე კი არანაკლებ დიდებული რომაული ვილა იყო, მოხატული ჭერით და კედლებით, რომლის ძირითადი დარბაზი ეკლესიის მთავარ ნავად გამოიყენეს.

და ვინაიდან, მისი მშენებლობა ოტო დიდის ძმის, ეპისკოპოს ბრუნოს დროს მოხდა, შემდეგ კი მის მშენებლობაში თეოფანომაც შეიტანა წვლილი, იგი სამეფო ეკლესიად ითვლებოდა. წმინდა პანტალეონს დედოფალი თავის მფარველად თვლიდა, ამიტომ დაკრძალვაც იქ ისურვა. ის თეთრი მარმარილოს სარკოფაგში განისვენებს. ყოველ 15 ივნისს კი მის სახელზე წირვა ტარდება. 

ფოტოებზე: 1. თეოფანოს სარკოფაგი. 2. ეკლესიაში  წმინდა პანტალეონის ნიში.

 

ვიჯექი ასე ჩემს საწერ მაგიდასთან,  გაფაციცებული ვემზადებოდი ბოლო გამოცდისთვის და გავყურებდი ეკლესიის გუმბათს :  Dilectissima, charissima, amantissima  - უძვირფასესი, უსაყვარლესი, უტკბესი - ვიმეორებდი და სიმხნევე მემატებოდა. განა ყველა ასეთ სიყვარულზე არ ვიცნებობთ? 

.... და იმ ზაფხულს,  როცა კელნში დალილა გოგია ჩამოვიდა სტუმრად, ეს ყველაფერი მას მოვუყევი და თეოფანოს სანახავად წავიყვანე. ეკლესია კათოლიკურია, თუცა კი,  იმ კუთხეში, სადაც თეოფანო განისვენებს,  ბიზანტიურ ხატებსაც ნახავთ, პანტალეონიც ხომ ბერძენი მოწამე იყო, ნიკომედიიდან. 

ფოტოებზე: 1. წმინდა პანტელეონის ეკლესია და მისი სამრეკლო. ქართველი სტუმარი დალილა გოგია წმინდა პანტელეონის ეკლესიაში. 

 


Scroll to Top
Scroll to Top