lockdown

ნუგზარ ზაზანაშვილი /Nugzar Zazanashvili: რამდენი ხანია, არ მიცეკვია...

  ნუგზარ ზაზანაშვილი / Nugzar Zazanashvili

***

კორონავირუსობის ჟამს

ჰესეს “ტრამალის მგელი”-დან

 

 

რამდენი ხანია არ მიცეკვია...

 

კარგი მოცეკვავე არასოდეს ვყოფილვარ –

პლასტიკურობა მაკლდა, 

მაგრამ მელოდიას და რიტმს ვგრძნობდი

და სიამოვნებით ვეცეკვებოდი ხოლმე 

ნელ ცეკვებს ახალგაზრდა 

და არც ისე ახალგაზრდა ქალბატონებს. 

 

როდის ვიცეკვე ბოლოს?

აღარც კი მახსოვს,

ალბათ ასე ოცდახუთი წლის წინ.

 

მეოთხედი საუკუნეა არ მიცეკვია...

 

არადა, მიყვარდა ცეკვა, მინდოდა

კარგი მოცეკვავე გავმხდარიყავი,

საბავშვო ბაღის დროიდან,

ვარანცოვზე, “მოდელების სახლის” 

მესამე სართულზე რომ იყო მოწყობილი,

სადაც ყოველ დღე, თითო საათი, 

წრეში წყვილ-წვილად ჩამდგარებს 

ქართულს გვაცეკვებდნენ 

4-5 წლის ბავშვებს. 

 

ვერა, ვერ გავხდი კარგი მოცეკვავე.

 

მერე რა?! 

მაინც ვიცეკვებ! – 

როგორც შემიძლია, ისე ვიცეკვებ,

მით უფრო – ახლა კარგი დროა 

საცეკვაოდ, ზედგამოჭრილი დროა – 

ეპიდემია:

მთელი დღეები სახლში ვზივარ –

 

აი, ახლა ავდგები

და დავუვლი!

 

- ნუგზარ ზაზანაშვილი. 2020


Scroll to Top
Scroll to Top