Georgian

ბექა ახალაია: მეგრული მორიელი

 

(Euscorpius mingrelicus)

აჰა, ნელთბილი შემოდგომა და, აჰა, ნელთბილი

დღეები, მე რომ მიყვარს. ყოველთვის შინგამოკეტილს

სახლიდან ხშირად გასვლას მანდომებს და გამოვედი,

ბევრი ვიარე ფეხით, იმ ქუჩებს და იმ ადგილებს

ჩამოვუარე, საყოველთაო კარანტინმა და

ცხელმა ზაფხულმა რომ მომანატრა, ისევ გაჩენილ

სმოგში, მომავლის, სიცოცხლისა და ღმერთის იმედით,

იდგა ქალაქი, დილის ქალაქი. აჰა, საჩემო

დღეები, ჟინჟღლი. " - ერთი კაციც და, აბა, გავედით!" -

სიკვდილ-სიცოცხლის სადგურზე ყვირის COVID-19.


ლურჯ ავტობუსში ვზივარ ჩემთვის და ვათვალიერებ

სახელურებზე ჩამოკიდებულ მოქალაქეებს,

ეხ, როდის გაქრა, ანდა სად გაქრა ჩვენი ნაქები

სამოქალაქო თვითშეგნება?! ბევრ... (გვარყევს ძლიერად -

აქ გზას აგებენ. მტვერი.) ბევრ მათგანს მხოლოდ პირი აქვს

აკრული, თუმცა, უმეტესობას სხვადა / სხვა ფერის

პირბადის ზემოთ მხოლოდ თვალები უჩანს. ხშირია

რესპირატორიც. ამდენ ნიღაბში ჯიგარს, აფერისტს,

ბოზს და ანგელოზს ვეღარ გაარჩევ, ძნელზე ძნელია,

მე კი არ მიჭირს, რადგან მეგრული მორიელი ვარ.


სალარო ყუთთან დაყუდებული კონტროლიორი

ადრე ბილეთის ქონა-არქონას აკონტროლებდა,

მისი წყალობით სხვადასხვა ზომის ფული (მონეტა)

ჭრილში სცვიოდა ჩხრიალ-ჩხრიალით, განა იოლი

გახლდათ, მის თვალებს გამოპარვოდით, მაგრამ, ამჯერად,

მთავარია, რომ მრავლისგანმცდელი შენი პირბადე

სწორად გეკეთოს, ხოლო ბილეთს კი მოვუტყ. გამჩენი,

სულ ნუ აიღებ, ისე მგზავრობას თუკი იკადრებ,

ვინ გეტყვის რამეს?! " - ერთი კაციც და, აბა, გავედით!" -

სიკვდილ-სიცოცხლის სადგურზე ყვირის COVID-19.


მაგრამ ავტობუსს, ამ ჩვენს ავტობუსს, ზემოთ აღნიშნულ

სადგურზე, აბა, რა ესაქმება, ჩვენი მარშრუტის

ბოლო პუნქტია სამგორის მეტრო. " - FM 105 

და 9. გვისმინეთ! " - დინამიკიდან ისმის. ვაკეში

(ჭავჭავაძეზე), განახლების თუ გარაღაცების

შემდეგ, პირველად გამოვიარე. გრძელი საცობი.

ბატონო მერო! კაცებიცა და არაკაცებიც

შენთვის ტკბილ სიტყვებს არ იშურებენ, ყველა გაძაგებს

(რბილად რომ გითხრა). უმადურები. საკვირველია!

თუმცა, მე გლოცავ, მე ხომ მეგრული მორიელი ვარ.


ფორცა, ბატონო მერო, ახალი მწვერვალებისკენ!

ყურს ნუ დაუგდებ პირბადეებით დახშულ გინებებს,

ესენი როცა სახლში წავლენ და დაიძინებენ,

შენ დგები ღამის ეკონომიკის (ვაშა! ვეღირსეთ!)

სადარაჯოზე. ძვირადღირებულ ნაგვის ურნასთან

დგას უსახლკარო და ფსამს გემოზე, საყოველთაო

მხიარულებას იწვევს მგზავრებში. ნაზ და უნაზეს

ქალბატონებსაც კი ეღიმებათ, ერთი შემთვრალი

კაცი ყველაზე მეტად იცინის. " - აბა, გავედით!" -

სიკვდილ-სიცოცხლის სადგურზე ყვირის COVID-19.


მხოლოდ თვალებით იცინიან და იღიმებიან,

ტუჩებით - არ ჩანს, სამაგიეროდ - იგულისხმება,

მე კი ვჩუმდები, ხმასაც ვერ ვიღებ, უცებ ისეთმა

სევდამ შემიპყრო, რომ მეჩვენება, თითქოს წლებია,

წრფელი ღიმილი, წრფელი სიცილი აღარ მინახავს,

და მზად ვარ ახლა, ჩემი სიცოცხლის ერთი ცხრა წელი

დავთმო, ოღონდ ამ პირბადეებს თუ აირწინაღებს

დაწვავდეს ვინმე! ძალიან მიკვირს, როგორ გავძელი

უამღიმილოამსიცილებოდ. გამომელია

მოთმინება და ვდგები (მეგრული მორიელი ვარ),


და ჩემს გვერდით მდგარ კაცს ნიკაპამდე ვუწევ პირბადეს,

მერე - სხვებს, ყველას, ვისაც კი მივწვდი. ჭაჭის არაყი

თავისას შვრება. " - მინდა ღიმილი, და დამანახეთ!

მინდა სიცილი, გთხოვთ, დამანახეთ! " - ვყვირი, იქამდე,

სანამ გაუვლით გაოგნება და ყაყანს იწყებენ,

რომ მე "ნაცი" და "ინტრიგანი" ვარ, და დავალებებს

ვასრულებ, თურმე (მოკლედ, ვინ არ ვარ მათი სიტყვებით),

და, სანამ, შემდეგ გაჩერებაზე ჩამაბრძანებენ,

ბოლოჯერ ვითხოვ ღიმილს და სიცილს. " - აბა, გავედით!" - 

სიკვდილ-სიცოცხლის სადგურზე ყვირის COVID-19.


ვდგავარ ქუჩაში და შემოხეულ პერანგს დავყურებ,

"საუნჯის" ბოლო ჰონორარით რომ ვიყი / დე წინა

კვირას. მომწონდა, თან მიხდებოდა, ხოდა, მეწყინა, 

მაგრამ რას ვიზამ... მერე ვდგამ ნაბიჯს, უცებ ახალი

ჟინით ვივსები, მარჯვნივ კაფეა, მერე - სახაშე,

მერე - სალონი, კარი ღიაა, სხედან ქალები,

მაკრატელს ვართმევ, ვჭრი პირბადეს და ვაყრი სახეში,

ამ ხნის მანძილზე ვირუსის შიშით ქვეშ ჩასველებულ,

კაცობრიობას. არსად არ მინდა, სახლშიც ვერ მივალ,

შევძვრები ქვის ქვეშ, ბოლოს და ბოლოს, მორიელი ვარ.

 

 -ბექა ახალაია


Scroll to Top
Scroll to Top