Notes

დედოფალი თეოფანუ / Die einst mächtigste Frau des Abendlandes

  Kaiserin Theophanu

რამდენიმე წლის წინ, კიოლნში მომიწია ცხოვრებამ. ჩემი ფანჯრის წინ, სადაც საწერი მაგიდა მედგა, აღმართული იყო შუასაუკუნეების მონასტრის კედელი, დიდი ხეები და ხეებს შორის მომზირალი ეკლესიის ფასადის წვერი. 

გერმანელმა პოეტმა ზაბინე შიფნერმა, ვინც იმ ზაფხულს თავისი ქალიშვილის ოთახი დამითმო,  პირველივე დღეს იდუმალი ხმით მითხრა: „იმ მონასტერში თეოფანუს საფლავია“. 

ფოტოზე: წმინდა პანტელეომონის ეკლესიის ფასადის ნაწილი.. 

ეკლესიებში საირული და საფლავების მონახულება, როგორც ყველა ქართველს, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერ, რასაკვირველია, დავგუგლე. 

Dilectissima, charissima, amantissima  - უძვირფასესი, უსაყვარლესი, უტკბესი - ასე  ეძახდა საღვთო რომის იმპერიის ახალგაზრდა იმპერატორი ოტო მეორე თავის ცოლს თეოფანუს. ისტორია კი მას იხსენიებს როგორც ერთ-ერთ ძლევამოსილ ქალს შუასაუკუნეების ევროპაში. 24 წლის ასაკში დაქვრივებულმა დედოფალმა გერმანულ-რომაული იმპერია შვიდი წლის განმავლობაში მარტომ მართა და ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება მოასწრო. 

მის ფიგურას საინტერესოდ წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ თეოფანუ ტახტზე იჯდა არა როგორც ტახტის მემკვიდრის დედა, არამედ როგორც იმპერატორი, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ, 984 წელს აკურთხეს. 

თეოფანუზე ცნობები მე-10 საუკუნის ქრონისტის, მერზებურგის ეპოსკოპოსის თიტმარის ჩანაწერებს აქვს შემონახული.

თეოფანუ ოტო პირველმა ბიზანტიიდან ჩამოუყვანა თავის ვაჟს. ახალშექმნილ საღვთო რომის იმპერიას აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან კავშირით თავისი უფლებების განმტკიცება სურდა. 

თეოფანუმ კონსტანტინოპოლი დიდი ამალით და ბრწყინვალე მზითვით დატოვა და იტალიისკენ გაემგზავრა, სადაც რომში ოტო დიდის ვაჟიშვილზე, მომავალ ოტო მეორეზე უნდა ექორწინა. (ოტო დიდის იმპერიაში გერმანიასთან ერთად, რომი და ჩრდილოეთი იტალიაც შედიოდა). ოტო დიდმა ბიზანტიის იმეპერატორს სარძლოდ ქალიშვილი სთხოვა, მაგრამ ვიდრე ელჩები წინ და უკან მიდი-მოდიოდნენ, ბიზანტიაში გადატრიალება მოხდა, შეთქმულებმა თეოფანუს დედის ბიძა, იმპერატორი ნიკეფოროს მეორე მოკლეს, ტახტი კი იოანე ციმისკემ მიითვისა. ციმისკემ გერმანელ სასიძოს გვირგვირნოსანი პრინცესა ანას ნაცვლად, მოკლული იმპერატორის დისშვილი თეოფანუ გამოუგზავნა. ეს იყო მიზეზი, რომ საპატარძლოს გამოჩენას რომში ეჭვის თვალით შეხვდნენ. ქრონისტი თიტმარი იმასაც წერს, რომ ოტო პირველს დიდებულები ურჩვედნენ, ჩამოსული საპატარძლო უკანვე გაეგზავნა კონსტანტინეპოლში. თუმცა, ვერავინ იტყვის, რით მოიგო თეოფანუმ სამამამთილოს გული: თან წაღებული მზითვით, თუ კიდევ სხვა მიზეზიც იყო. შემორჩენილია თეოფანუს მზვითვის წიგნი, რის მიხედვითაც იგი თავისი დროის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ქალი ყოფილა.

ფოტოებზე : 1. თეოფანუს საქორწინო ხელშეკრულება. 2. წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის ინტერიერი.

 

ასე იყო თუ ისე, ამ ქორწინებით ბიზანტიამ ოტო დიდის იმპერია ოფიციალურად სცნო. 

ოტო დიდმა თეოფანუ თავიდანვე იმპერატორის ოჯახის წევრად და ქმრის თანასწორად დაასახელა. აშკარაა, იმპერატორს მისი გონიერება მოსწონდა. თუმცა კი, ამან ახალგაზრდა დედოფალს მტრებიც შესძინა, მათ შორის დედამთილის სახით. ოტო დიდის გარდაცვალების შემდეგ, დედა დედოფალი რძალს ოფიციალურად დაუპირისპირდა და აჯანყება მოუწყო.  

960 წელს დაბადებული თეოფანუ 991 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა (ქალაქ ნიმვეგენში, დღევანდელი ჰოლანდია) სავარაუდოდ, ფილტვების დაავადებით. მზიანი კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულ დედოფალს ჩრდილოთში უჩვეულო ცხოვრება ჰქონდა: მისი ქმრის ქვეყანას დედაქალაქი, როგორც ასეთი, არ გააჩნდა, კარლოს დიდის მემკვიდრეები  ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ 400-500 კაციანი ამალით და ასე მართავდნენ სამეფოს. სამეფო რეზიდენციები კი, სადაც ისინი ჩერდებოდნენ, ერთი საშუალო შეძლების თავადის მამულს ჩამოჰგავდა. თეოფანუ ჯერ ქმართან ერთად იყო გზებზე გაკრული, შემდეგ მარტო, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომლებსაც ასევე მოგზაურობისას აჩენდა. 

ახალგაზრდა დედოფალი ბიზანტიურად იცვამდა და იკაზმებოდა, რაც გარემოცვას არ მოსწონდა. სავარუდოდ, მათ დედოფლის სამოსის ბრწყინვალება აშინებდათ. ესეც თიტრმარის ქრონიკებიდან ვიცით, როგორ გმობდნენ მის სამკაულებს. თეოფანოს ჩამოტანილი ძვირფასეულობის ნაწილი დღეს ქალაქ ჰალბერშტადტის საცავებში ინახება. (ყოფილი სამეფო რეზიდენცია, საქსენ-ანჰალტის მიწაზე). 

თუკი დაინტერესდებით, თეოფანუზე, მის მამამთილსა თუ დედამთილზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმებს მრავლად ნახავთ ინტერნეტში. ასევე შეგიძლიათ, ფილმების ნახვა კიოლნის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაზე, რომელიც რომანული სტილის მშვენიერი ნაგებობაა, თავის დროზე კი არანაკლებ დიდებული რომაული ვილა იყო, მოხატული ჭერით და კედლებით, რომლის ძირითადი დარბაზი ეკლესიის მთავარ ნავად გამოიყენეს.

და ვინაიდან, მისი მშენებლობა ოტო დიდის ძმის, ეპისკოპოს ბრუნოს დროს მოხდა, შემდეგ კი მის მშენებლობაში თეოფანუმაც შეიტანა წვლილი, იგი სამეფო ეკლესიად ითვლებოდა. წმინდა პანტელეიმონს დედოფალი თავის მფარველად თვლიდა, ამიტომ დაკრძალვაც იქ ისურვა. ის თეთრი მარმარილოს სარკოფაგში განისვენებს. ყოველ 15 ივნისს კი მის სახელზე წირვა ტარდება. 

ფოტოებზე: 1. თეოფანოს სარკოფაგი. 2. ეკლესიაში  წმინდა პანტელეიმონის ნიში.

 

ვიჯექი ჩემს საწერ მაგიდასთან,  გაფაციცებული ვემზადებოდი ბოლო გამოცდისთვის და გავყურებდი ეკლესიის გუმბათს :  Dilectissima, charissima, amantissima  - უძვირფასესი, უსაყვარლესი, უტკბესი - ვიმეორებდი და აღმაფრენა მემატებოდა. განა ყველა ასეთ სიყვარულზე არ ვიცნებობთ? 

.... და იმ ზაფხულს,  როცა კიოლნში დალილა გოგია ჩამოვიდა სტუმრად, ეს ყველაფერი მას მოვუყევი და თეოფანუს სანახავად წავიყვანე. ეკლესია კათოლიკურია, თუცა კი, იმ კუთხეში, სადაც დედოფალი განისვენებს, ბიზანტიურ ხატებსაც ნახავთ, პანტელეიმონიც ხომ ბერძენი მოწამე იყო, ნიკომედიიდან. 

ფოტოებზე: 1. წმინდა პანტელეიმონის ეკლესია და მისი სამრეკლო. 2. ქართველი სტუმარი დალილა გოგია წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში. 

 


Scroll to Top
Scroll to Top