ზაბინე შიფნერის ლექსების თემა ყოველდღიური ყოფა, ურთიერთობები, ქალის და დედის თავს გადახდენილი ამბებია. მას ჰყოფნის გამბედაობა, აღწეროს ძნელად გამოსათქმელი მომენტები, სავსე ძალადობით, მორჩილებით, დანაკარგით, საბედისწერო გადაწყვეტილებებითა თუ სიკვდილით, ანდა ზოგადად, ცხოვრებისეული მელანქოლიის განცდით.
პოეტის ყურადღების მიღმა არასდროს რჩება ბუნება, მის ლექსებში უამრავი ყვავილის, ხის, მწერისა თუ ფრინველის სახელს და სურათ-ხატს შეხვდებით. აქ უჩინარი საგნებიც ცოცხლდება და პოეზიის ნაწილი ხდება. მის ლექსებში ერთმანეთშია გადახლართული წარსულისა და აწმყოს ამბები, სამოგზაურო შთაბეჭდილებები, განცდილი თუ უბრალოდ, უძილობისას ნაფიქრი თემები. მისი სტრიქონები მოგვატარებენ გერმანიის ქუჩებს და ქალაქებს, აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოსაც, კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ ჰოლოკოსტის ამბებს, როგორც ევროპის ისტორიის მოურჩენელ იარას.
ზაბინე შიფნერის სახელი ცნობილია ლიტერატურით დაინტერესებული ქართული საზოგადოებისთვის. 2016 წლიდან იგი აქტიურად არის ჩართული ქართული პოეზიის გერმანულ ენაზე თარგმნის პროცესში - ბწკარედიდან გადამუშავებული აქვს ათამდე ქართველი პოეტის კრებული და არაერთი ანთოლოგიის ლექსები.
შიფნერის ლექსებს რამდენიმე წელია ვაცნობ ქართველ მკითხველს ლიტერატურული პერიოდიკის დახმარებით. პოეტი ხშირად სტუმრობს საქართველოს, იყო თბილისის პოეზიის ფესტივალის მონაწილე, ასევე მწერალთა სახლის რეზიდენციის მთარგმნელობითი პროგრამის სტუმარი. ასე შეიქმნა მისი ლექსების ციკლი „მთვარე მტკვრის თავზე.“
კრებული „გაოცება“ 2022 წელს გამოიცა ბერლინში, Quintus Verlag-ის მიერ.
ზაბინე შიფნერი 1965 წელს ბრემენში დაიბადა. კიოლნის უნივერსიტეტში სწავლობდა თეატრმცოდნეობას, გერმანისტიკას და პედაგოგიურ ფსიქოლოგიას. იყო კიოლნის შაუშპილჰაუსის სამსახიობო დასის წევრი, მუშაობდა როგორც რეჟისორის ასისტენტი და საკუთარ პიესებსაც იქ დგამდა; იყო სატელევიზიო გადაცემების რეჟისორი და დოკუმენტური და ინდუსტრიული ფილმების ავტორი, მუშაობს რედაქტორად და მთარგმნელად.
იგი არის გერმანიის PEN - ცენტრის წევრი და მიღებული აქვს არაერთი პრემია და სტიპენდია. მათ შორის იურგენ პონტოს პრემია, სადებიუტო რომანისთვის 2005 წელს, „ვილა ავრორას სტიპენდია“ ლოს ანჟელესში, ლიონ ფოიხთვანგერის ლიტერატურულ სახლში 2006 წელს, ვაიმარის შილერის ფონდის საპატიო პრემია 2014 წელს, 2021 წელს კი სტამბულის „გალათა ატელიეს სტიპენდია.“