Translation

მოჰამედ ხალფუფი / Mohamed Khalfouf - კარანტინი Quarantäne

  Mohamed Khalfouf

არ გახვიდეთ სახლიდან გარეთ,

ვირუსიაო  

და ჩვენც დავრჩით,

არ დავტოვეთ თბილი კერია, 

დათვებივით, ზამთრის ძილით რომ იძინებენ.

დამჯერი ბავშვები ვიყავით

და ზეწარშემოხვეულები ვისხედით წყნარად.

ვფიქრობდით,

რომ ვირუსი ბოროტი ურჩხული იყო, 

ადამიანის ხორცით ნაკვები

და ვადევნებდით თვალს, რამდენი წაიყვანა, ვინ სად შემუსრა.

 

***

ვჭამდით უზომოდ მაკარონს და თევზის კონსერვებს

- ქაშაყს და თინუსს,

და მარაგში ტუალეტის ქაღალდიც გვქონდა...

ტუალეტი ხომ უმაგრესი მიგნებაა კაცობრიობის, 

მეტ დეიმონი როგორც ამბობს. 

ჩემზე რა გითხრათ,

ვკითხულობდი ბევრს და ბევრს ვწერდი,

ვკითხულობდი, ვწერდი... და ისევ ვკითხულობდი, და ისევ ვწერდი.

და ფანჯრიდან გავყურებდი შეშილ სამყაროს.

და ვხედავდი, როგორ სძვრებოდათ ნიღბები სახეებიდან...

-აბა, რას ფიქრობ ამ ვირუსზე?

-აზრზე არა ვარ...

-გადაივლის ზაფხულისთვის?

-აზრზე არა ვარ.

-აბა, რას იტყვი, სამთავრობო ბრძანებებზე კორონას გამო?

-აზრზე არა ვარ.

უემოციოდ შევყურებდი სტატისტიკას ჩემს ქალაქში -

სიზმარს მოჰგავდა:

დავატარებ სუპერმარკეტში ვეება კალათს,

ვყიდულობ ყავას, ძეხვსა და პურს,

ვფიქრობ წვიმაზე, სიყვარულზე და ფრანც კაფკაზე,

ვუყურებ ფილმებს ტომ ჰენკსით

და თვითმკვლელი პოეტების ლექსებს ვკითხულობ:

სამყარო არის ლექსი, თავის მოკვლის წინ რომ დაწერეს.

და რომანის საქმე როგორ მიდის, ავტორო? 

 

***

კარანტინმა რომ გაიარა, ბიბლიოთეკას მივაშურე მაშინვე.

დავსეირნობდი ქუჩებში და მზის სინათლეში ვიძირებოდი. 

ადამიანთა სახეები არ შეცვლილიყო...

ვიდრე ხალხი უსაფრთხოების ზომებს იცავდა, 

მე ჩავაბარე გამოცდები.

გამომცემლობამ უარი მითხრა.

დავხელოვნდი სადილების გაკეთებაში.

ბევრი ვიფიქრე თვითმკვლელობაზე.

შევიძინე ერთი შარვალი...

ვაკეთებდი ყველაფერს და თანაც არაფერს...

სამყარო კი ნადგურდებოდა, როგორც სხეული,

ჩვენი სამყარო იშლებოდა აგურ-აგურ,

დღითიდღე... და მე

არ მეშინია! ყველაფერი ისევ აღსდგება

ადამიანს უნარი აქვს, გადალახოს, გადაიაროს,

შავი ჭირიცა და ქოლერაც, მსოფლიო ომიც და რასიზმიც...

დღეს კი პატარა ვირუსი გვებრძვის. 

 

***

მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს:

ყველაფრის შემდეგ,

ეს ვირუსი ისტორიაში სიმახინჯის სახელით შევა

თუ ყველაზე მნიშვნელოვნად დასახელდება?  

 

თარგმანი : ბელა ჩეკურიშვილის


Scroll to Top
Scroll to Top