Essay

ნორბერტ ჰუმელტი: მზის საგალობელი Norbert Hummelt: Sonnengesang

  ნორბერტ ჰუმელტი. მზის საგალობელი

თანამედროვე გერმანელი პოეტი ნორბერტ ჰუმელტი წინამდებარე ლექსების კრებულს სათაურად მზის საგალობელს არქმევს, რითაც თავიდანვე მიგვანიშნებს პოეზიის რიტუალურობაზე, და აქვე საკუთარ განზრახვასაც გვიმხელს: აღბეჭდოს სამყაროს მაცოცხლებელი ენერგია სალექსო ფორმაში. ამგვარი საგალობლით ავტორი, ძველი ოსტატების მსგავსად, მადლიერებას გამოხატავს შემოქმედის მიმართ. მზე სიმბოლოა თავისთავადის, მარადიულის, იმედის და არა აქვს მნიშვნელობა, ლირიკული გმირი მწუხარეა თუ ბედნიერი. სამყაროში, რომელსაც ნორბერტ ჰუმელტი თავის ლექსებში ასახავს, იმედი და თავისუფლება ფრინველებშია საძებნელი. პოეტი თითქოს სახარებისეულ იგავს მისდევს: „შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან და არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად ძვირფასები არ ხართ?“ (მათე 6:26) 

თანამედროვე ეპოქაში, როცა მითოლოგიისთვის სულ უფრო ცოტა ადგილი რჩება, როცა საცხოვრებელი სივრცეები და თვითონ ზეცაც ხელოვნური სინათლითაა სავსე,  ჰუმელტის აზრით, პოეზია პასუხისმგებელია, იპოვოს ისეთი სუბსტანცია, რომელსაც შეუძლია ადამიანს წუთისოფლის განსაცდელების დაძლევაში დაეხმაროს, იქნება ეს მარტოობის ტკივილი, ახლობელთა გულგრილობა, ცხოვრებისეული სევდა თუ საყვარელ ადამიანთან განშორება. მთავარ საყრდენად კი სიცოცხლის ჯაჭვის უწყვეტობის გააზრება ქცეულა, როგორც ამბობს ლექსში „საღამოს მწუხრი“: „მე შეიძლება მომავალი სულ არ მეწეროს, შაშვი კი მაინც იგალობებს საღამოობით“.

კრებულში წარმოდგენილი ლექსები, მუსიკალური და დინამიკურია. თარგმნისას შევეცადე, ისინი ქართული ენის რიტმისთვის მომერგო. ნორბერტ ჰუმელტის ლექსებს ქართველი მკითხველი წლების განმავლობაში ლიტერატურული პერიოდიკიდან ეცნობოდა. პოეტი არაერთხელ იყო საქართველოში როგორც მოგზაური და როგორც თბილისისა თუ ბათუმში ჩატარებული ოდესის ლიტერატურული ფესტივალების სტუმარი. წინამდებარე კრებულში შესულია ორი ლექსი, რომელიც ჰუმელტმა საქართველოში, კერძოდ, თუშეთსა და ფშავში მოგზაურობისას დაწერა. როგორც იხსენებს, საქართველოს ამ კუთხეებმა იგი კაცობრიობის მითოსურ წარსულში გადაახედა.

ბელა ჩეკურიშვილი


Scroll to Top
Scroll to Top